„მასწავლებელმა მოსწავლეებს არ უნდა მოახვიოს თავს საკუთარი იდეოლოგია და პოლიტიკური მრწამსი“ -თემურ სუყაშვილი
განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“.
პროექტის ქვემო ქართლის წარმომადგენელი მარნეულში მომუშავე პედაგოგი, თემურ სუყაშვილია. ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონალური ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამინების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.

„მოდით დავიწყოთ იქიდან საუბარი და ვთქვათ, უნდა ესაუბრებოდეს თუ არა მასწავლებელი მოსწავლეს პოლიტიკაზე, სახელმწიფოზე და დემოკრატიულ პრინციპებზე. რა თქმა უნდა,  უნდა ესაუბრებოდეს, მაგრამ ის თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი პოლიტიკური წნეხისგან. ზოგადად, ჩვენ ქვეყანში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, იგივე სახელისუფლებო პარტიებმა ვერ შეძლო სკოლა გაეშვა თავისი გავლენიდან, თუმცა, საბედნიეროდ, გვაქვს მაგალითები, სადაც ნაკლებია სისტემური ჩარევები. რაც უფრო თავისუფალია სკოლა, მით უფრო კარგი შედეგები აქვს“

პედაგოგის თქმით, პროექტში ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჭიროება დაინახა იმისა, რომ სკოლებში უნდა იყვნენ უფრო მეტი დამოუკიდებელი მასწავლებლები. ნდობის ჯგუფის მიზანია, განათლების სფეროში დასაქმებული პირების, პოლიტიკური ნიშნით შევიწროების, ზეწოლის ან საარჩევნო პროცესებში არამათლზომიერი ფაქტების იდენტიფიცირება და რეაგირება.  როგორც თემურ სუყაშვილი ამბობს, ჯერჯერობით, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ.

„იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული გზის მიმდევარi, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი მოქალაქეები და ამ თავისუფალი მოქალაქეების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა თავისუფალი მასწავლებელი. მასწავლებელი როდესაც არ არის თავისუფალი, ის შინაგანად არის შებოჭილი მოსწავლეებთან და კლასში“

თემურ სუყაშვილი განმარტავს, რომ პროექტის მიზანი არ არის მასწავლებლის პოლიტიკიდან ჩამოშორება.

„მათ აქვთ თავისუფალი არჩევანი და კანონის ფარგლებში შეიძლება იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს არ მოახვიოს თავს  საკუთარი იდეოლოგია, პოლიტიკური მრწამსი და ეს ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს პირადი ემოციის და პირადი სიმპატიების გარეშე. მე პირადად, ასე ვიქცევი, როდესაც გაკვეთილს ვატარებ. ყოველთვის ვუსვამ ხოლმე ხაზს, რომ ეს არ არის ჩემი აზრი. ჩვენი მოძრაობის პრინციპებიც ამისკენაა მიდრეკილი"

გთავაზობთ მოძრაობის პრინციპებს:

  • სკოლების დეპოლიტიზების მოძრაობა წარმოადგენს კეთილი ნების ადამიანების ერთობას, რომელთა მიზანია სკოლის დაცვა არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენებისგან;
  • დეპოლიტიზების მოძრაობა არის აპოლიტიკური, დამოუკიდებელი ერთობა და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ  ძალასა თუ სახელისუფლებო ორგანიზაციას
  • მოძრაობა მოწოდებულია დაიცვას სკოლა ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან, მიუხედავად პოლიტიკური ძალის სახელისუფლებო თუ ოპოზიციური კუთვნილებისა;
  • მოძრაობის საქმიანობის მთავარი ორიენტირია სასკოლო თემის სამოქალაქო და პოლიტიკური  უფლებების დაცვა;
  • მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია საარჩევნო პერიოდში, თუმცა განათლების სისტემის დეპოლიტიზებისთვის იგი ორიენტირებულია გრძელვადიან და თანმიმდევრულ საქმიანობაზე მუდმივ რეჟიმში;
  • მოძრაობა სასკოლო თემის მხარდაჭერასთან ერთად ასევე ზრუნავს ისეთი ცვლილებების განხორციელებაზე, რომელიც უზრუნველყოფს  ზეწოლის ბერკეტების აღმოფხვრასა და სისტემურ დონეზე პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლებას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები