„კითხვის საზაფხულო გამოწვევაში“ ჩართულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს
„კითხვის საზაფხულო გამოწვევის“ ფარგლებში მარნეულელ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცეს.

„კითხვის საზაფხულო გამოწვევის“ ორგანიზატორი მარნეულის ამერიკული კუთხეა. როგორც რადიო „მარნეულს“ მარნეულის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა მალაქხანუმ გულიევამ განუცადა, რომ გამოწვევის ფარგლებში 5-დან 18 წლამდე ახალგაზდებს მინიმუმ 100 გვერდიანი წიგნი უნდა წაეკითხათ.

„ბავშვს თუ აქვს წაკითხული 100 გვერდი ჩვენ მას ვაძლევთ სერთიფიკატს, მაგრამ არის ესეთი გამონაკლისი, თუ ბავშვი წაიკითხავს 500 და უფრო მეტ გვერდს ის მიიღებს ოქროს სერთიფიკატს, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცხლის სერთიფიკატებს. სულ 74 მოსწავლეს გადაეცემა სერთიფიკატი, მათი ნახევარი კი ოქროს სერთიფიკატს მიიღებს“. - გვითხრა მალაქხანუმ გულიევამ

საზაფხულო გამოწვევის ფარგლებში მარნეულელმა მოსწავლე ნაზი ვახტანგაშვილმა ყველაზე მეტი წიგნი წაიკითხა.

„წიგნის რაოდენობა 40-მე იყო და გვერდების 8 050. მიყვარს წიგნების კითხვა და ეს გამოწვევა სამოტივაციო იყო ჩემთვის, რათა უფრო მეტი წიგნი წამეკითხა“ - ამბობს ნაზი ვახტანგაშვილი

სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები.

გიორგი კეკელიძის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აქტიურად მუშაობს მარნეულში წიგნიერების დონის გაზრდისათვის, რაშიც დიდი როლი აქვს ისეთი პროექტების განხორციელებას, როგორიც „კითხვის საზაფხულო გამოწვევაა“.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვართ მარნეულში, მათ შორის სოფლებში და მუნიციპალიტეტშიც ერთადერთი მიზეზით და მიზნით, რომ პოპულარული გავხადოთ წიგნი და განათლება და დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ ამას ეძღვნებოდა. ცხადია, ჩვენ არც და ვერც ვიტყოდით უარს მასში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან თვითონ ვართ გულშემატკივრები ამ საქმის და ძალიან მიხარია, რომ ამგვარი ინიციატივა განხორციელდა“. - განაცხადა გიორგი კეკელიძემ

„კითხის საზაფხულო გამოწვევას“ დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანაშემწე პრესისა და ინფორმაციის საკითხებში ალთია ქოლი მერფრი.

„მოხარული ვარ მარნეულში ყოფნით რათა ავღნიშნოთ აშშ-ს საელჩოს ორგანიზებული „კითხვის საზაფხულო გამოწვევის“ პირველი გამოშვება. ჩვენ გვინდოდა, რომ მოსწავლეები ზაფხულის განმავლობაში კითხვით და სწავლით დაკავებულიყვნენ. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვებმა ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გააცდინეს სკოლა და ახლა, როცა ბიბლიოთეკა კვლავ ღიაა და მათ წიგნებზე წვდომა აქვთ ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ ისინი სკოლის პროგრამას დაეწევოდნენ. ზაფხული არის ის დრო, როდესაც ბავშვს თავად შეუძლია აირჩიოს თუ რას წაიკითხავს ამიტომ ეს ჩვენთვის დიდი წარმატება იყო, რადგან „კითხვის საზაფხულო გამოწვევა“ 74-მა მოსწავლემ დაამთავრა, ზოგიერთმა მათგანმა 250 გვერდი წაიკითხა, ზოგმა კი 8 000, მაგრამ ყველა მათგანისათვის ეს დიდი მიღწევა და სწავლაში წინ გადადგმული ნაბიჯი იყო“. - გვითხრა ალთია ქოლი მერფრიმ

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კითხვის საზაფხულო გამოწვევა“ ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. რადიო „მარნეულს“ მარნეულის ამერიკული კუთხის კოორდინატორმა მალაქხანუმ გულიევამ განუცხადა, რომ გამოწვევა საქართველოშიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები