მარნეულში 2965 მასწავლებლიდან 995 სტატუს გარეშეა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლა გვაქვს, სადაც 2 965 პედაგოგია დასაქმებული.
მასწავლებლები თავიანთი სტატუსების მიხედვით რამდენიმე კატეგორიად - უფროსებად, წამყვანებად და მენტორებად იყოფიან. საგანმანათლებლო დაწესებულებებს დღემდე ჰყავთ უსტატუსო მასწავლებლები, რომლებსაც საგნის გამოცდა ჩაბარებული ჯერ კიდევ არ აქვთ. ასეთი მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 995 პედაგოგია. სტატისტიკა ადგილობრივი რესურსცენტრის დირექტორმა, ალი გახრამანოვმა მოგვაწოდა და თქვა, რომ მარნეულის საჯარო სკოლებში 850 უფროსი მასწავლებელი, 104 წამყვანი და 7 მენტორი პედაგოგი ჰყავთ.

„სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტთან შედარებით ჩვენთან უფრო ბევრი სკოლაა და მეტი თანამშრომელია, ამიტომ შედეგი საშუალოა. მათ, ვისაც არ აქვთ გამოცდა ჩაბარებული, 2023 წლის იანვრამდე აქ ვადა მიცემული, თუ გადავადება არ მოხდა, მას შემდეგ ვეღარ დასაქმდებიან“ - ამბობს ალი გახრამანოვი.

პედაგოგების კარიერული წინსვლა მათ სახელფასო ანაზღაურებაზე აისახება. ყოველთვიური დანამატი უფროსი მასწავლებლების შემთხვევაში 650 ლარია, წამყვანი მასწავლებლების შემთხვევაში 950 ლარი, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგების დანამატი 1250 ლარია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლებში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაუქმდა, ზოგიერთი მათგანი ახლა საგანმანათლებლო სისტემაში მაძიებლის პროგრამითაა ჩართული. რაც შეეხება უსტატუსო მასწავლებლებს, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების შემთხვევაში, სტატუსის ამაღლების ვადად 2023 წელია განსაზღვრული. არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა წელს პირველად მიეცათ. აზერბაიჯანული და სომხური ენების პედაგოგთა საგნის გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები