მარნეულის მერიის გამჭირვალობის ინდექსი 2017 წლის შემდეგ ვერ გაუმჯობესდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინდექი არც 2021 წელს გაუმჯობესებულა. იგივე ნუშნული გვაქვს 2019 წლის მონაცემებითაც. ახალი პროცენტული მაჩვენებელით ქვეყნის მასშტაბით ლიდერი მუნიციპალიტეტი ფოთია. გასული წლის შედეგების მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტის საბოლოო შეფასება 70%-ია. მარნეული 43-ე ადგილს, 22%-ით იკავებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში პარტნიორ რეგიონალურ ორგანიზაციებთან ერთად შეფასდა ქვეყნის ყველა თვითმმართველი ორგანოს გამჭირვალობა, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმები და პრაქტიკები ერთიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მეშვეობით, მომზადდება და გამოქვეყნდება რეიტინგი და ეროვნული ანგარიში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაგალითზე დღემდე პრობლემაა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში, ოფიციალური ვებგვერდის გაუმართაობა და სხვა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მარნეულის მერიას საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის:

  • გამოქვეყნდეს მერის სტრუქტურული ხე და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების აღწერა; გამოქვეყნდეს საკრებულოს ბიუროს, კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშო ჯგუფების, საკრებულოს აპარატის შესახებ სრული ინფორმაცია.
  • გამოქვეყნდეს საკრებულოს წევრების წლიური ანგარიშები.
  • გამოქვეყნდეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ - კონკურსის შედეგები, გამარჯვებულთა ვინაობა და პროფესიული რეზიუმე.
  • გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით და შრომის ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების 100%-ის სამუშაო აღწერილობები/ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; უზრუნველყოფილ იქნას საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირთა სამუშაო აღწერილობების შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.
  • საკრებულოს სხდომის ღია ფორმატის წარმართვის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, გახდეს სავალდებულო რადიო- და ტელე ტრანსლაცია, აგრეთვე ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით.
  • გამოქვეყნდეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ (2019-2020 წლები) ყველა შემდეგი ტიპის ინფორმაცია: ჩამონათვალი მოდელის, შესყიდვის თარიღისა და ღირებულების მითითებით;
აღნიშნული რეკომენდაცებზე ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტს წესით უნდა ჰოქნდეს. როგორც რადიო "მარნეულს" (IDFI)-ის ადგილობრივი მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა უთხრა, კვლევის პირველადი შედეგები მერიებს გადაუგზავნეს, საბოლოო განხილვაში კი მარნეულის მერიიდან არავინ დაესწრო.  ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის შედეგები გააუარესა.

"მარნეული ერთ-ერთი გამორჩეული იყო პირველი შეფასებს დროს (2017 წელი). მაშინ გამოვარჩიეთ მონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავების კომპონენტში. ამის გამო წამახალისებელი სერტიფიკატიც გადაეცა. ბოლო წლებში ერთი და იმავე მაჩვენებელზეა დარჩენილი, საშუალო შეფასება აქვს. განსაკუთრებით დაბალი შედეგი აქვს საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ნაწილში, მაშინ როცა სხვა მუნიციპალიტეტები აქ უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ ხოლმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებ-გვერდზე არ ხდება სათანადოდ ინფორმაციის არცელება. 0% აქვს შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების კომპონენტში, მუნიციპალური ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში, ასევე საკმაოდ დაბალი აქვს ადმინისტრაციული ხარჯების გამოქვეყნების კომპონენტში. ონლაინ პეტიციები არ აქვს დანერგილი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ონლაინ არ შეიძლება, როგორც ჩანს ვებ-გვერდს სათანადო ყურადღებას არ აქცევს მერია. კარგი შედეგები ჩანს სოციალურ ქსელებში ინტერაქციის კუთხით" -ამბობს თეონა ტურაშვილი 

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შედგება 3 თემატური ბლოკისგან, რომელიც შეფასების 101 კრიტერიუმს აერთიანებს.

ბლოკი 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება - მოიცავს 11 ქვებლოკსა და 53 კრიტერიუმს.

ბლოკი 2. ელექტრონული მმართველობა - მოიცავს 4 ქვებლოკსა და 27 კრიტერიუმს.

ბლოკი 3. მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება - მოიცავს 2 ქვებლოკსა და 21 კრიტერიუმს.

მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება (ბლოკი 1) და ელექტრონული მმართველობა (ბლოკი 2), ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდება. ხოლო მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების (ბლოკი 3) შეფასება ხდება მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალური ორგანო არ გასცემს ამა თუ იმ კრიტერიუმის შეფასების მიზნით მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას, მოცემულ კრიტერიუმში მას ავტომატურად ეწერება შეფასების მინიმალური ქულა.

გარდა ამისა, ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების მიზნით გამოიყენება შემდეგი დამატებითი საშუალებები:

  • მუნიციპალურ ორგანოსთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული დოკუმენტების შესწავლა;
  • სხვა ოფიციალური (ონლაინ) წყაროების გამოყენება, რომლებიც კონკრეტული კრიტერიუმის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტის როგორც აღმასრულებელი, ისე წარმომადგენლობითი ორგანო.

შეფასება ხორციელდება ონლაინ პლატფორმის - WWW.LSGINDEX.ORG - გამოყენებით.

პირველადი შეფასებების შემდეგ, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გაეცნონ საკუთარი შეფასების შედეგებს და დააფიქსირონ შენიშვნები. პროექტის გუნდი ყველა დასაბუთებულ შენიშვნას ითვალისწინებს შეფასების საბოლოო ანგარიშში.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google