მარნეულის საბავშვო ბაღებისთვის შეძენილი პროდუქტები - ჩამონათვალი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად 347 108 ლარის ტენდერები გამოაცხადა. ახალი 2022-2023 სააღმზრდელო წელი მარნეულის საბავშვო ბაღებში 15 სექტემბერს დაიწყება. გაერთიანებამ სასწავლო წლისთვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო და ბაღებში საკვების შესატანად ტენდერები გამოაცხადა.  ზოგიერთი ტენდერი მიმდინარეა, ზოგი არ შედგა,  ზოგთან კი ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. 

მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფმა ორგანიზაციამ ბიუჯეტიდან 64 550 ლარი ხორცის შესაძენად გამოჰყო. ამ თანხით გაერთიანება  1 971 კილოგრამ საქონლის ხორცის და 1 478 კილოგრამ ქათმის ფილეს შეძენას გეგმავს. 68 987 ლარი აქვს გათვალისწინებული პურის, ორცხობილას, შაქრის, კაკაოს, მაკარონის, ჩაის და მარილის შესაძენად. 8 366 ლარს გადაიხდიან  985 კილოგრამ ხორბლის ფქვილში, 492 კგ სიმინდის ფქვილში, 308 კგ შვრიის ფანტელსა და 542 კილოგრამ მანანის ბურღულში. 19 000 ლარის გადახდას გეგმავს მარნეულის ბაგა ბაღების გაერთიანება ქინძში, ოხრახუშში, კამასა და  25 461 კვერცხში.  78 818 ლარი აქვთ გათვალისწინებული დაახლოებით 4 თვის სამყოფ  შესქელებული რძეზე, ნაღებზე, კარაქზე, ხაჭოსა და ყველზე.  11 505 ლარს გადაიხდიან 1 503 ლიტრი ზეთის შესაძენად. 30 000 ლარია გათვალისწინებული ხილის წვენებში, ტომატ-პასტასა და ჯემებში. 5 092 ლარად შეისყიდიან 593  კილოგრამ გაყინულ თევზს.  39 815 ლარი დაუჯდება ბაგა-ბაღების გაერთიანებას  ბურღულეულის, ბრინჯის, კარტოფილის, სტაფილოს, ხახვის,  წითელი ლობიოს, კომბოსტოს და ვაშლის შეძენა. 

აღსანიშნავია, რომ სატენდერო და სახელშეკრულებო ღირებულება ერთმანეთს არ ემთხვევა, ვინაიდან, კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ხშირ შემთხევაში გათვალისწინებულზე ნაკლებ ფასად ასრულებენ. 

მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი აცხადებს, რომ პროდუქტებს ბაღებში ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, დეკემბრის ჩათვლით შეიტანენ. ახალი წლიდან კი ტენდერების გამოცხადება ხელთავიდან მოუწევთ. 

აღნიშნული პროდუქტები მარნეულის 14 საბავშვო ბაღზეა გათვლილი, თუმცა ერთი სააღმზრდელო დაწესებულება ოქტომბერში გაიხსნება, ხოლო მეორეს გახსნის ვადები, ჯერჯერობით, უცნობია. 

თიკო დავაძე
რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები