როგორ ფასდება მისაღები გამოცდები კოლეჯებში
დღეს, 8 სექტემბერს, პროფესიულ კოლეჯებში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდები მთავრდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე ზვიად არძენაძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა 22 აგვისტოს ამოიწურა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იმ პირებისათვის, ვინც პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გაიარა, ატარებს გამოცდებს. სხვადასხვა პროგრამაზე სხვადასხვა საგნებში იმართება გამოცდა, მაგალითად საექთნო განათლებაზე ბიოლოგია-ქიმიაში ტარდება გამოცდა და მეოთხე საფეხურის პროგრამებზე, საოფისე საქმეზე, აღმზრდელზე და სხვა ამდაგვარ პროგრამებზე რაოდენობრივი წიგნიერება ბარდება გამოცდა. ამ გამოცდების შედეგად სტუდენტები ხვდებიან სხვადასხვა პროფესიულ პროგრამებზე და შესაბამისად იღებენ სტუდენტის სტატუსს“.

ზვიად არძენაძის განმარტებით, იმ პროგრამებზე, რომელიც მხოლოდ 9 კლასის განათლებას მოითხოვს გამოცდები შესაბამისად მეცხრე კლასის პროგრამიდან იყო, ხოლო პროგრამებზე, რომელიც საშუალო განათლების სრული საფეხურის დასრულებას მოითხოვს გამოცდები მეთორმეტე კლასის ჩათვლით მასალებიდან იყო.

„ეხლა მარნეულში არის სამი საგამოცდო ცენტრი „მოდუსში“, „მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯსა“ და „მარნეულის კოლეჯში“ სადაც ქვემო ქართლში რეგისტრირებული აპლიკანტები გამოცდებს 6, 7 და 8 სექტემბერს გაივლიან. საგამოცდო პროცესის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 20 სექტემბრისათვის, დაიდება რეიტინგული სიები და ამ რეიტინგული სიებით გაირკვევა თუ რომელი სტუდენტი რომელ პროგრამაზე და რომელ კოლეჯში ირიცხება. გამოცდაზე გადიან ისეთი აპლიკანტებიც, ვინც არ ფლობს ქართულს, ესენია სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი აპლიკანტები. ასევე აღსანიშნავია, რომ გამოცდებს არა მარტო ისინი აბარებენ ვინც სკოლა წელს ან გასულ წესლ ჩააბარა, არამედ უფრო დიდებიც, შეიძლება იყვნონ 40-50 წლის ადამიანებიც. მაგალითად, აღმზრდელის პროგრამაზე მასიურად არიან რეგისტრირებული მარნეულის ბაღებში მომუშავე პერსონალი რომელთაც უნდათ კომპეტენციის გაზრდა“.

მარნეული საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილის განმარტებით, წელს ყველა პროგრამაზე მოთხოვნა გაზრდილი იყო. აცხადებს, რომ მის კოლეჯში სულ 100 სტუდენტის მიღებაა შესაძლებელი, სწავის დაწყებისთვის რეგისტრაცია კი 225 პირმა გაიარა.

„წელს საკმაოდ დიდი კონკურენციაა ყველა კოლეჯში. გამოცდის ქულები ჩვეულებრივად გადანაწილებულია, მინიმალური ბარიერები დადგენილია, რომელიც საკმაოდ დაბალია და უმეტეს შემთხვევაში ადვილადაა გადასალახი. ვინც ამ მინიმალურ ბარიერს გადალახავს, მისი ქულები ჯდება რანჟირების დოკუმენტში და ამის მიხედვით ხდება ჩარიცხვა. მაგალითად, თუ ერთ კონკრეტულ პროგრამაზე მხოლოდ 10 ადგილია, ხოლო გამოცდის მინიმალური ბარიერი 15 პირმა გადალახა, სწავლას ის 10 სტუდენტი დაიწყებს, ვინც ყველაზე მაღალი ქულები მოაგროვა“.

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ კოლეჯებში პროფესიულ პროგრამებზე სულ 17 000 ადგილია, ხოლო აპლიკანტთა რაოდენობა 24 000-ია.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები