განათლების სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს, რა სიახლეებით ხვდება უწყება 2022-2023 სასწავლო წელს
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს, თუ რა სიახლეებით ხვდება უწყება 2022-2023 სასწავლო წელს.

„ინტერპრესნიუსი“ რამდენიმე კვირაა ცდილობს, უწყებიდან მიიღოს ინფორმაცია იმ სიახლეების შესახებ, რაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დახვდებათ, თუმცა სამინისტრომ შესაბამის კომპეტენტურ პირთან ინტერვიუს შეთანხმებაზე სააგენტოს უარი უთხრა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წელი მიმდინარე კვირას, 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა მოსწავლეთა მშობლებისთვის უცნობია სკოლებში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ის, კვლავ რჩება თუ არა ძალაში ჰიბრიდული სწავლების რეჟიმი, რაც ნაწილობრივ ონლაინ სწავლებას გულისხმობს და რისი შესაძლებლობაც მშობლებს გასული წლის განმავლობაში ჰქონდათ.

ამასთან, უცნობია, რა დირექტივის შესრულება მოუწევთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print