საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო
წელი 15 სექტემბერს დაიწყება
– ამის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
დღეს, 12 სექტემბერს გაავრცელა.
სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი
გაჟღერდება და დროშა აღიმართება.
საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726
მოსწავლე ისწავლის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი
გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ
ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში ქვეყნის მასშტაბით
ჯამში 55 717 პირველკლასელი დაიწყებს სწავლას, მათ შორის, 1 868
ბავშვი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა
რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე
ჩაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო
სამუშაოების მიმდინარეობის გამო, სასწავლო წელი განსხვავებული
თარიღით, ან ფორმატით – ჰიბრიდულ, ან დისტანციურ რეჟიმში, ან
ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში დაიწყება. აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით სკოლების ადმინისტრაცია დროულად უზრუნველყოფს
თითოეული მოსწავლის მშობლის ინფორმირებას.
წყარო: edu.aris.ge