მარნეულის სამ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება. სოფელ აღკულის, სიონისა და წერაქვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. ინფორმაცია მარნეულის საგანმათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს და აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტში არსებულ 74 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს სულ 1905 პირველკლასელს მიიღებს.

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება.

ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა. შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, გაუქმებულია სკოლის შენობაში დეზობარიერის გავლით შესვლის, თერმოსკრინინგის განხორციელებისა და პირბადის ტარების ვალდებულება. სკოლაში პირბადე საიზოლაციო სივრცეში მყოფმა და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში უნდა ატარონ. ამასთან, პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.

ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნება. 2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევისშესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
Print