წოფში ახალი სასწავლო წელი ახალაშენებულ სკოლაში დაიწყო
დღეს, 15 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფის საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყო. სოფელში ახალი სკოლა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში ააშენა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერმა კენან ომაროვმა განაცხადა, რომ დღეს წოფის საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.

„მოგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში აღსანიშნავია, რომ 8 ახლადაშენებულ სკოლაში და სამ სრულად რეაბილიტირებულ სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. ჩვენ საზეიმოდ დღეს გავხსენით წოფის საჯარო სკოლა. ყველას ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს და მათ მშობლებს და ყველას ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს“. - განაცხადა კენან ომაროვმა

მარენულის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს და სასწავლო პროცესი თითოეულში შეუფერხებლად განახლდა.

წოფის საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძეც.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მე მინდა ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. ჩვენ ვიმყოფებოდით სოფელ კიზლაჯლოსა და სოფელ წოფში, სადაც მოვინახულეთ ახლად აშენებული და ახლად რეაბილიტირებული სკოლა. სოფელ კიზლაჯლოს საჯარო სკოლა ოფიციალურად დღეს გაიხსნა რომელიც გათვლილია 450 ბავშვზე და 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. ჩვენს ქვეყანაში ევრო სტანდარტის მქონე სკოლები მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ჩვენს მოსწავლეებს მიიღონ მაღალი, ხარისხიანი და სრულფასოვანი განათლება“.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მუნიციპალური განვითარების ფონდის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის მენეჯერმა თამარ ქარდავამ განაცხადა, რომ დღეს ფონდმა საქართველოს მასშტაბით 22 საჯარო სკოლა გახსნა.

„მინდა, რომ სასწავლო წელი მივულოცო მოსწავლეებს და ვუსურვო წარმატებები. ქვემო ქართლის რეგიონში საერთო ჯამში ჩვენ ვახორციელებთ 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას, რაც ჯამში მოიცავს 91 მილიონ ლარს. ცხადია, არის გამოწვევებიც, თუმცა ცხადია ვმუშაობთ ამ გამოწვევებზე და აქტიურად ვართ ჩართული. ყველა პრბლემა ვიცით, ვფლობთ და ცხადია ამ პრობლემების მოგვარებაზეც ვმუშაობთ“. - განაცხადა თამარ ქარდავამ

წოფის საჯარო სკოლაში 80 მოსწავლე სწავლობს, ახალი შენობა კი 150 ბავშვზეა გათვლილი.

რადიო "მარნეული" 

Print