როგორ დააჯარიმებს მარნეულის მერია გარემოვაჭრეებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის ასაკრძალად ახალი ღონისძიების გატარებას გეგმავს. როგორც  მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი, თურალ ისმაილოვი ამბობს, ანტისანიტარიის შემთხვევებზე მათ სამსახურს საჯარიმო ქვითრების გამოწერა ადგილზე შეეძლებათ, თუმცა მანამდე საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.  დაგეგმილია ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითდასაქმებულების კიდევ ერთხელ გაყვანა.

„ჩვენი სამსახური პერიოდულად ახორციელებს კონტროლს უკანონო გარევაჭრობასთან დაკავშირებით, რასთან მიმართებაშიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში გატარებულია კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, მ რაც ითვალისწინებს გარემოვაჭრეების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსახილველად სასამართლოში გაგზავნას.  ერთი და იმავე პიროვნებებზე შედგენილი გვაქვს ოქმები, სადაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პირველ ჯერზე რიგ შემთხვევაში 500,  რიგ შემთხვევაში 1000 ლარით დააჯარიმა. ფიზიკურ პირებზე 500 ლარია, იურიდიულ პირებზე 1000 ლარი. ასევე გვაქვს განმეორებითი ჯარიმები  იგივე პიროვნებებზე. უბრალოდ, კანონით დადგენილი პროცედურებია ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გვექნება, მსგავს ჯარიმას ვერ ვამეორებთ. ახლა ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მესამედაც დავაჯარიმოთ ეს პიროვნებები“

თურალ ისმაილოვის თქმით, სასამართლოში ახლა დაახლოებით 8 თვითდასაქმებულის საქმეა. მისივე თქმით,  ახალი საჯარიმო წესის ამოქმედების შესახებ გარემოვაჭრეების გაფრთხილებას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

„ჩვენ მოვახდენთ უკვე  დანაგვიანების, ანტისანიტარიის შექმნასთან დაკავშირებით  საჯარიმო ქვითრის (გამოწერა). ეს კანონმდებლობაში სიახლე გვაქვს. ამის შესახებ ვაპირებთ პირველი ეტაპისთვის გაფრთხილებას და ინფორმაციის მიწოდებას, რომ ამის შემდეგ ადგილზე გამოვუწერთ საჯარიმო ქვითრებს“

მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მარნეულის მერიამ 2022 წლის  11 თებერვალს კიდევ ერთხელ სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა თვითდასაქმებულებს ადგილები უკვე დაატოვებინა და ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლა შესთავაზა. კუსტარულად მოწყობილ დახლებს, სადაც ძირითადად, ყველი, ხაჭო, მაწონი და სხვა რძის პროდუქტები ტემპერატურული რეჟიმის დაცვის გარეშე იყიდება, მომხმარებელი საკმაოდ ბევრი ჰყავს. ტერიტორიაზე ავტომობილების და ქვეითების გადაადგილებაც ჭირს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა