საბავშვო სპექტაკლი ლუნა და ციცინათელების პლანეტა მარნეულის სოფლებში ჩატარდება
სპექტაკლი ლუნა და ციცინათელების პლანეტა მარნეულის სოფლებს მოივლის. პირველი გასვლითი ღონისძიება 19 ოქტომბერს, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება და წარმოდგენები სხვადასხვა სეანსებად ტარდება.

სპექტაკლი განკუთვნილია 7-10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მათი მშობლებისათვის.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა“ მოგვითხრობს ერთი ოჯახის ამბავს, რომლის გარშემოც ჯადოსნური თავგადასავლები ხდება. მშობლები შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს თანაბრად ინაწილებენ, მხარს უჭერენ და აძლიერებენ შვილებს, რადგან სჯერათ, რომ თითოუელი მათგანი უნიკალური და განსაკუთრებულია, განურჩევლად სქესისა. სპექტაკლის შინაარსი პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს შეახსენებს, რომ უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევებთან გამკლავება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია.

მარნეულის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, სპექტაკლი გამართვა იგეგმება ალგეთის, შულავერის, შაუმიანის, კაჩაგანის, სადახლოს, თამარისის, წერაქვის და ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლებში. სპექტაკლი ითარგმნა უმცირესობების ენებზე და კომპაქტურად დასახლებულ აზერბაიჯანულ და სომხურ სოფლებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდება.

სპექტაკლი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის, მარნეულის კულტურის ცენტრთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.

წარმოდგენაზე დასწრება ხდება წინასწარი დაჯავშნის მეშვეობით. ღონისძიების გამართვის ზუსტი თარიღები მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფეისბუქზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

გარეკანის ფოტო: ლელა ხარშილაძე 



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები