მარნეულის გარემონტებული N1 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ქალაქ მარნეულში ახლადრეაბილიტირებულ N1 საბავშვო ბაღში (ე.წ თუთების ბაღი" სააღმზრდელო პროცესი 18 იანვარს განახლდა.


ძველი იატაკი, არასაკმარისი სველი წერტილები და პატარა ოთახები, ახალმა ინვენტარმა და სრულად რეაბილიტირებულმა საგანმანათლებლო სივრცემ ჩაანაცვლა. ამ ყველაფერს სააღმზრდელო დაწესებულება თითქმის სამი წლის განმავლობაში ელოდა.



როგორც რადიო „მარნეულს“ N1 ბაღის მენეჯერი, ზეინაბ ნადირაძე ეუბნება, დღევანდელი დღე მათი ბაღის ისტორიაში განსაკუთრებულად სასიხარულოა. ბაღი 210 ბავშვზეა გათვლილი.
MarneuliFM · ზეინაბ ნადირაძის კომენტარი

„თითქმის სამი წელია, რაც შეჩერებული იყო ბაღის ფუნქციონირება. არ ექვემდებარებოდა თანამედროვე სტანდარტებს და ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოხდა სრული რეაბილიტაცია შენობის, კორპუსის დამატება და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოება, რამდენადაც შესაძლებელი იყო . სიით 150 ბავშვი გვყავს, ესენი არიან ის აღსაზრდელები, რომლებიც ზაფხულში დარეგისტრირდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდებოდა ჩვენი ბაღის გახსნას და რადგან გაიგეს, რომ გაიხსნა და დაიწყება კიდევ ნაკადის მოდინება და ჩვენ მზად ვართ კიდევ მივიღოთ 60 ბავშვი, ამის საშუალება გვაქვს.  ემოციურია იმ თვალსაზრისით კიდევ, რომ თანამშრომლები  თითქმის სამი წელი სახლში ისხდნენ , მართალია სხვადასხვა ბაღებში რეზერვებში მუშაობდნენ, აგრეთვე მოასწრეს კოლეჯებში ჩაბარება, ტრენინგებზე დასწრება, ასე  რომ პროფესიულად წინ წავიდნენ და დღეს სრული ცოდნით და გამოცდილებით შეუდგებიან ბავშვების აღზრდა-განათლებას 0-დან 6 წლამდე, ვფიქრობ, წარმატებული წელი გველოდება წინ“



ზეინაბ ნადირაძის თქმით, საბავშვო ბაღში ასევე იფუნქციონირებს ორი სკოლამდელი მზაობის ჯგუფი.

„ერთი ჯგუფი, ჯერ  ჩვენი ბავშვებისგან არის დაკომპლეტებული. მათგან, ვინც 15 სექტემბერს ბაღში ასაკით რომ არ მოუწიათ სკოლაში შევლა. ერთი ჯგუფი კიდევ გვაქვს მზად, უახლოეს მომავალში ისიც იქნებ მზად სკოლისათვის მზაობის ჯგუფი“



N1 ბაღში ამ ეტაპზე 60 ადგილია თავისუფალი. როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მსურველები მათ დაწესებულებაში უნდა მივიდნენ და დარეგისტრირდნენ.



ქ. მარნეულის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი შენობის მიშენების სამუშაოები 1 188 577 ლარი დაჯდა. სამუშაოები შპს „ბილდინგ ჰაუს“- მა განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებამ საბავშვო ბაღებში საკვები მენიუ გაამრავალფეროვნა.

გაზრდილია თითო ბავშვზე გათვლილი საკვები ღირებულების  თანხაც.  პროდუქტების შესაძენად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 622 577 ლარი გამოიყო.
Print