განახლებულ N1 საბავშვო ბაღში 60 ახალი ადგილია - შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა
ქალაქ მარნეულში 210 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა. N1 საბავშვო ბაღში (ე.წ თუთების ბაღი) სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი დაახლოებით სამწლიანი ლოდინის შემდეგ განახლდა. ბაგა-ბაღის არსებული შენობის რეაბილიტაციის, სააქტო დარბაზისა და ორი ჯგუფისთვის განკუთვნილი შენობის მიშენების სამუშაოები ადგილობრივ თვითმმართველობას 1 188 577 ლარი დაუჯდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაღის მენეჯერი, ზეინაბ ნადირაძე ამბობს, ამ ეტაპზე 60 თავისუფალი ადგილი აქვთ.

„სიით 150 ბავშვი გვყავს, ესენი არიან ის აღსაზრდელები, რომლებიც ზაფხულში დარეგისტრირდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ელოდებოდა ჩვენი ბაღის გახსნას და რადგან გაიგეს, რომ გაიხსნა და დაიწყება კიდევ ნაკადის მოდინება და ჩვენ მზად ვართ კიდევ მივიღოთ 60 ბავშვი, ამის საშუალება გვაქვს.“

როგორც მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ზაურ ქარამოვი ამბობს, მსურველები მათ დაწესებულებაში უნდა მივიდნენ და დარეგისტრირდნენ. რეგისტრაციის გავლა დღეიდან, 18 იანვრიდანაა შესაძლებელი. 

მარნეულში 84 სოფელია, მუნიციპალიტეტში კი მხოლოდ 14 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.

სკოლამდელი განათლების მიღმა მარნეულში ყოველწლიურად ასობით ბავშვი რჩება. 

Print