უსაფრთხოება, კვება, შრომითი პირობების გაუმჯობესება - სკოლამდელ დაწესებულებებზე 4 700 000 ლარია გამოყოფილი
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 2023 წლის განმავლობაში სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის 4 700 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.

პროგრამის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტში სულ 3000 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 14 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 2749 ბავშვის სწავლება, მათ შორის 1161 გოგო, 1373 ბიჭი. ხოლო 251 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 14 საბავშო ბაღი, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ააიპ "საბავშვო ბაღების გაერთიანება". სულ სკლომადელ დაწესებულებებში დასაქმებულია 350 თანამშრომელი, მათ შორის 68 აღმზრდელი და 68 თანაშემწე. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის(ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება. ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება“ - აღნიშნულია სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების პროგრამის აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 26 დეკემბერს გამართულ საკრებულო სხდომაზე დაამტკიცეს. მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი, 46 856 300 ლარით განისაზღვრა და როგორც საკანონმდებლო ორგანოში გვითხრეს, ეს არ არის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია და თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდანაც ელოდებოდნენ.

Print