წალენჯიხაში ყველა პირველკლასელი კვებისთვის დღეში 4 ლარს მიიღებს
წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა იწყება. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროგრამა 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება და ყველა პირველკლასელი დღის განმავლობაში 4-ლარიან დახმარებას მიიღებს.

ამასთან, პროგრამა გათვლილია 180-დღიან სასწავლო პერიოდზე წელიწადში.

„პროგრამის მიხედვით, პირველკლასელებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები და მის გამოყენებას შეძლებენ მხოლოდ გარკვეულ კვების ობიექტებში და მარკეტებში. ბარათით სარგებლობა გარკვეულწილად შეზღუდულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია ბარათის მეშვეობით ბანკომატიდან თანხის გამოტანა და ასევე ბარათის გამოყენება ონლაინ გადახდებისთვის. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მშობელი ან/და კანონიერი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ მიმართავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას წერილობით, ბარათის აღდგენის თაობაზე“, - აღნიშნულია წალენჯიხის საკრებულოს დადგენილებაში.

პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

წყარო: BPN
Print