ზვიად ფიფიამ ქართულის - როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მოიპოვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგნის საჯარო სკოლის ქართულის - როგორც მეორე ენის პედაგოგი , ზვიად ფიფია, საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა. როგორც, რადიო „მარნეულთან“ საუბარში პედაგოგი ამბობს, კონკურსში მონაწილეობას მეგობრების თხოვნით დასთანხმდა. დაჯილდოების ცერემონიაზე მისი სახელი და გავრის გამოცხადება კი, როგორც თავად ამბობს, ამაღელვებელი და სასიხარულო იყო. ზვიად ფიფია მარნეულში 15 წლის წინ ჩამოვიდა. სწორედ ამდენივე წელია, რაც არაქართულენოვან სკოლაში ქართულ ენას ასწავლის.

“ზუსტად 15 წლის წინ, 2008 წლის თებერვალში პირველად შევაბიჯე სკოლის ეზოში, როგორც მასწავლებელმა. ანუ, მქონდა იუბილე და 15 წლის იუბილზე ასეთი საჩუქარი მივიღე. ძალიან მიხარია აღიარება და დაფასება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ძალიან საპასუხისმგებლოა იყო საუკეთესო მასწავლებელი. ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემი მოსწავლეების მხრიდან გამოხატული სითბო, სიყვარული და მადლიერება. დღეს, რაც ეს ამბავი გაიგეს, წრეში ჩამაყენეს მეოთხე კლასელებმა და როგორც მე ვულოცავ ხოლმე დაბადების დღეს, მათაც ასე მომილოცეს. მეორე მოთხე კლასში ოვაციებით შემხვდნენ და „გილოცავთ, გილოცავთ“-ს გაიძახდნენ. აჭრელებული იყო ჩემი სახელით დაფა. ყველაზე გულრწფელად ჩემმა მოსწავლეებმა გამოხატეს სიხარული“ - ამბობს ზვიად ფიფია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა, დიანა წურწუმიამ მოიპოვა, ქართულის – როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა, ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა, ხოლო გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია კილაძე დასახელდა.

კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, პედაგოგებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები