საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ
I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის
ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების
ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2024
წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 18 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო
გამოცდები 2024 წლის 21 ივნისიდან 2024 წლის 2 ივლისის ჩათვლით
ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი
შეესაბამება ან
აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის
მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის
საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან
არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი
განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ
დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის
დაცვით:
I თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების
მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
II თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ
რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი
აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი
დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის
კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც სავალდებულოა
მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:
ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული
ფოსტის მისამართი);
ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ
კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის
ფორმით დაძლევა სურს პირს;
ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს
ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება;
უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების
მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების
შემთხვევაში;
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის
ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის
მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების
მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის
ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს
ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს.
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო,
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით;
ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი
საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის
შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ
პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში
შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს
ექსტერნატის ფორმით.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200
220.
წყარო: mes.gov.ge
„ქართული ოცნება“ კიდე ერთხელ აპირებს რუსული კანონის
მიღებას, რომელიც 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შედეგად უკან
გაიწვიეს. „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს დადო პირობა, რომ რუსულ
კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, მაგრამ პირობა დაარღვია. ქართულმა
ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა
"აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით
შეცვალა.
კანონის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლის
შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული უცხოური ძალია
ინტერესების გამტარებლად ჩაითვლება. სახელმწიფო არ გამოიკვლევს თუ რას
საქმიანობენ და რა მიზნებს ემსახურებიან ეს ორგანიზაციები და მათ
ყველას უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად შერაცხავს.
კანონი მიმართულია ევროპასა და ამერიკისაგან შემოსულ დაფინანსებებზე
და არა მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან შემოსულ დაფინანსებებზე,
როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებშია.
კანონის ინიცირების გამო შეშფოთება გამოთქვეს ევროკავშირის წევრმა და
საქართველოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, რუსეთის პრეზიდენტის
პრესმდივანმა კი „ქართული ოცნების“ კანონი მოიწონა.