დღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება. განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრის
მიერ გამოცემული დადგენილების თანახმად, პედაგოგის ხელფასის სახელფასო
სარგო განისაზღვრება განათლებისა და კვალიფიკაციის დონით და სამუშაო
სტაჟის მიხედვით.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება
მასწავლებლის ხელფასის განსაზღვრა. კერძოდ, განათლების და
კვალიფიკაციის მიხედვით, პედაგოგის სახელფასო სარგოს ასე
განისაზღვრება:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი -
20 ლარი;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,
აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური
განათლება – 40 ლარი;
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი –
100 ლარი.
სამუშაო სტაჟის მიხედვით, მასწავლებლების სახელფასო სარგო ასე
განისაზღვრება: 0-დან 5 წლის ჩათვლით - 15 ლარი, 5-დან 10 წლის
ჩათვლით – 30 ლარი და 10 წლის ზემოთ – 45 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ დადგენილების მიხედვით, მოცემული სარგო 15
საგაკვეთილო საათის და მეტი დატვირთვის შემთხვევაში სრულად, კვირაში
15-საათზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში კი საათობრივი დატვირთვის
პროპორციულად გაიცემა.
ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, მასწავლებლის ხელფასი ჩატარებული
საგაკვეთილო საათების დაანგარიშებით კვირაში 96 ლარიდან 2325 ლარამდე
მერყეობს. მაგალითად, 1 საათი - 96 ლარს, 2 საათი - 192 ლარს და ა.შ.
ნიშნავს. ამ გაანგარიშებით კვირაში 25 საგაკვეთილო საათი 2 350-ლარის
ტოლია.
ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითაც მასწავლებლის სახელფასო სარგო
განისაზღვრება, დამოკიდებულია სამუშაო სპეციფიკაზე. უფრო
კონკრეტულად:
- კლასკომპლექტით სწავლება – 40.50 ლარი;
- არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართული ენის,
საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 40.50
ლარი;
- კლასის დამრიგებლობა – 101.25 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური
დანამატი განისაზღვრება ასე: წამყვანი მასწავლებლის ფუნქციური
დანამატი – 150 ლარი; მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი – 300
ლარი.
რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის
პედაგოგებს, ამ შემთხვევაში სარგოზე დანამატი, სრული ან სრულზე მეტი
დატვირთვის შემთხვევაში, 150 ლარის ოდენობით განისაზღვრება,
ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში კი, საათობრივი დატვირთვის
პროპორციული იქნება.