ლადო აფხაზავასთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად მასწავლებლებმა თანხა შეაგროვეს
სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ ლადო აფხაზავას , კოლეგებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული 5000-ლარიანი ჯარიმის გადასახდელად თანხა შეუგროვეს.

აფხაზავას თქმით, მასწავლებლების სოლიდარობა „საოცარია“.

„ძლივს დავითვალე, რამდენი ლარნახევარი იყო ჩარიცხული, რადგან ვიცოდი, რომ ვინც ლარნახევარს ჩარიცხავდა, ყველა პედაგოგი იქნებოდა. 5 800-ზე მეტმა მასწავლებელმა 1.50 ლარი გადმორიცხა,“ – ამბობს ის.

აფხაზავას განცხადებით, მიღებული მხარდაჭერა მას აძლიერებს.

„ჯარიმას მეც გადავიხდი და შეიძლება სხვასაც გადავუხადო. ალბათ ჟურნალისტებს დავეხმარები, რომლებიც თავიანთი კოლეგების გამო, სასამართლოში მყარად იდგნენ,“ – ამბობს ის.

მისი შეფასებით, ჯარიმების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაა, თუმცა, მისი თქმით, ეს საპროტესტო მოძრაობას

აძლიერებს.

„ამ სასამართლო პროცესმა უფრო გაგვაერთიანა და დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩვენსავით ათიათასობით ადამიანი ფიქრობს. ამით მივხვდი, რომ ძალიან ბევრნი ვართ,“ – აცხადებს აფხაზავა.

ლადო აფხაზავა, მომღერალი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და კიდევ ხუთი პირი 10 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-ლარიანი ჯარიმით დააჯარიმა.

ჯარიმები მათ მოსამართლის სახლის წინ საპროტესტო აქციის გამართვის გამო დაეკისრათ.

ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ მზია ამაღლობელს, რომელიც 32-ე დღეა ციხეში შიმშილობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები