მარნეულში მასწავლებელი დირექტორს რელიგიური დისკრიმინაციაში, მშობლები კი მასწავლებელს ადრეული ქორწინების პროპაგანდაში ადანაშაულებენ
მარნეულის №7 საჯარო სკოლაში მასწავლებელსა და დირექტორს შორის კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა დურდანა ნაგიევამ ადგილობრივ ონლაინ მედიასთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

დირექტორმა კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მის პოზიციას სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები აჟღერებენ. 27 მაისს რამდენიმე მასწავლებელმა და მოსწავლემ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს წერილობით მიმართეს, სადაც დურდანა ნაგიევას სკოლიდან გაშვების მოთხოვნა დააფიქსირეს. ისინი მას ადანაშაულებენ იმაში, რომ გაკვეთილებზე მოსწავლეებს რელიგიასა და გოგოების ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

ერთ-ერთი მშობელი, კონულ ისმაილოვა, რადიო „მარნეულთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ დურდანა მასწავლებელზე უკმაყოფილოა და ის გაკვეთილებზე არაეთიკურად საუბრობს.

„ბავშვებს აშინებს. საუბრობსეშმაკებზე. ბავშვები თითქოს წნეხის ქვეშ არიან. ამბობს – დაქორწინდით, დრო გადის, სწავლა საჭირო არ არის, ოჯახი უნდა შექმნათ. ჩვენ რელიგიის წინააღმდეგი არ ვართ. გვაქვს მეჩეთები, მედრესეები, სადაც შეგვიძლია რელიგიის საფუძველზე ბავშვები წავიყვანოთ. სკოლაში ბავშვები განათლების მისაღებად გადაგვყავს. აქვს კი მასწავლებელს უფლება, რომ გაკვეთილის დროს ბავშვებს რელიგიაზე ელაპარაკოს? მე ვფიქრობ – არა. მე, როგორც მშობელი, ჩემს შვილს მის გაკვეთილზე არ გავუშვებ. ვერც ერთი ადამიანი მაიძულებს ამას. მხოლოდ სამინისტრომ უნდა განიხილოს ეს საკითხი, უნდა ჩატარდეს გამოძიება“, – ამბობს კონული

კიდევ ერთი მშობელი გუნაი ჯაფაროვა აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხებზე შეშფოთებულია.

„ძალიან ცუდად გავხდი, როცა ეს მოვისმინე. ჩემმა შვილმა მითხრა – 'დედა, 13 წლის გოგონებს შეუძლია დაქორწინება?'“, – ამბობს ის.

მშობლების თქმით, მასწავლებელი ბავშვებს ეუბნება, რომ მე-9 კლასის დასრულების შემდეგ უნდა დაქორწინდნენ.

მარნეულის №7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, ვუსალე გერეკოვა, ამბობს, რომ დურდანა მასწავლებელთან ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია, უთქვამს, რომ მშობლები უკმაყოფილონი არიან და მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს:

„დურდანა ნაგიევა გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ჩვენ, როგორც მასწავლებლები, ბავშვებს ვასწავლით, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არ არის საჭირო. ის კი საპირისპიროს ამბობს. ურჩევს ბავშვებს, თავები დაიფარონ, ჰიჯაბით იარონ. ბავშვებთან შეურაცხმყოფელ საუბრებს აწარმოებს. ეს მშობლებმა მითხრეს. არ გვინდა, საქმე აქამდე მივიდეს“, – ამბობს ვუსალე გერეკოვა.

დურდანა ნაგიევამ თავისი პოზიციაც გაგვიზიარა. მან უარყო მშობლების მიერ გამოთქმული ბრალდებები და განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ცილისწამებაა:

„როცა ამ ამბებს ვუყურებ, სტრესს განვიცდი. ცილს მწამებენ. ბავშვებისთვის მხოლოდ მასწავლებელი კი არა, მშობელიც ვყოფილვარ. თვითონ არიან ამის მოწმეები. სამართალს ვასწავლი. ჩემს წყალობით ბავშვებმა იციან, რა არის კანონი. ასეთი უსამართლობა არ შეიძლება. რატომ არ მაძლევთ საშუალებას, ლუკმაპური ვიშოვო?! მარტო ვცხოვრობ დედასთან ერთად. ერთ-ერთი მშობელი ჩემზე უსამართლოდ ლაპარაკობს. ამბობს, თითქოს არასრულწლოვნებს ქორწინებისკენ ვუბიძგებ. ყოველთვის მითქვამს, რომ სწავლა ყველაზე მეტად გოგონებს სჭირდებათ. იმიტომ, რომ ქალი სუსტი არსებაა. ამის საპირისპირო ხომ არ შეიძლება ითქვას“, – ამბობს დურდანა ნაგიევა.

მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხის გაცნობა ვერ შეძლო. რადიო „მარნეული“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროში განაცხადეს, რომ დურდანა ნაგიევამ მათ წერილობით მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ განცხადებას თებერვლის თვეში უპასუხეს და თუ ის ადრესატამდე არ მივიდა, შეუძლია განმცხადებელმა ხელახლა მოიკითხოს.

მშობლებმა სკოლის ფაქტთან დაკავშირებით წერილობით მიმართეს ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხანალი გახრამანოვს. გახრამანოვმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გაეცნობა განცხადებაში მითითებულ დეტალებს და საჭირო ზომებს მიიღებენ. მისივე თქმით, შესაძლოა მიმართონ განათლების სამინისტროს.

მარნეულის რესურსცენტრს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების ან გამოძიების ჩატარების ლეგიტიმური უფლება. საქართველოში სკოლები იურიდიულად დამოუკიდებელია და მსგავს საკითხებზე სკოლაში უნდა ფუნქციონირებდეს დისციპლინური კომისია. სწორედ ამ კომისიამ უნდა განიხილოს საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება — განათლების სამინისტროსა თუ რესურსცენტრისგან დამოუკიდებლად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები