რატომ უწევთ ახალგაზრდებს სწავლის პარალელურად მუშაობა
იუსუფი, პუნხანი და თარხანი — სამი სტუდენტი რეგიონიდან, რომლებმაც სწავლა მხოლოდ უნივერსიტეტის აუდიტორიაში კი არა, მაღაზიის დახლებთანაც დაიწყეს — იქ, სადაც მუშაობენ, რათა მშობლებს საკუთარი განათლების დაფინანსებაში დაეხმარონ და სახელმწიფო ენა ყოველდღიურ პრაქტიკაში აითვისონ.

18 წლის ასაკში მათ სტუდენტობასთან ერთად მოუწიათ პასუხისმგებლობა — საკუთარი თავი არჩინონ, ოჯახს ტვირთად არ დააწვნენ და განათლების შანსი არ დაკარგონ.

1+4 პროგრამა

შეიქმნა იმისთვის, რომ საბჭოთა სისტემიდან მოყოლებული, ჩავარდნილი, ინტეგრაციის პოლიტიკა დაძრულიყო. წლების განმავლობაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობა საქართველოში უმაღლეს განათლებას მხოლოდ მაშინ იღებდა, როდესაც არსებობდა რუსულენოვანი ფაკულტეტები. დანარჩენ შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღება უმცირესობებს უწევდათ აზერბაიჯანში, სომხეთში ან რუსეთში.

90-იან წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დაიწყო საბჭოთა სისტემიდან გამოსვლის ეტაპი. ეთნიკური უმცირესობებისთვის, ისევე როგორც ეთნიკურად ქართველებისთვის, რუსულმა ენამ დაკარგა პრიორიტეტი. სახელმწიფო უწყებები მთლიანად გადავიდნენ სახელმწიფო ენაზე, თუმცა უმცირესობები ამ პროცესს ჩამოშორდნენ — ვერ მოხდა მათი სისტემური ჩართვა. ქართული ენის სწავლება ვერ ხდებოდა ეფექტიანად, რის გამოც ახალი თაობებიც კი სასაუბრო ენად ხშირად რუსულს იყენებდნენ. იქ, სადაც რუსულიც აღარ იყო ალტერნატივა, უმცირესობები საერთოდ ეთიშებოდნენ სახელმწიფო სისტემას.

ასე გაწყდა უმცირესობების კავშირი ქართულ უმაღლეს განათლებასთან — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონული ფილიალები გაუქმდა და „დიპლომის ყიდვა“ შეუძლებელი გახდა. როცა ამოქმედდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, უმცირესობებს სახელმწიფომ შესთავაზა ახალი გზა — საგრძნობი შეღავათებით უმაღლეს განათლებაში ჩართვა.

რა სთავაზობს 1+4 პროგრამა აბიტურიენტებს?

სახელმწიფო აღიარებს, რომ უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ხშირად არც ბაღია და არც ისეთი სკოლა, სადაც მოსწავლე ქართულს იმ დონეზე სწავლობს, რომ ქართულენოვან აბიტურიენტებთან თანაბარ პირობებში ჩააბაროს გამოცდები. ამიტომ პროგრამა მათგან მხოლოდ ერთ გამოცდას ითხოვს — უნარების გამოცდას მშობლიურ ენაზე. წარმატების შემთხვევაში სტუდენტი გადის ერთწლიან ინტენსიურ ქართულის კურსს და შემდეგ გადადის სასურველ ფაკულტეტზე.

თუმცა, სახელმწიფოს დაფინანსება მხოლოდ 400 სტუდენტზე ვრცელდება. დანარჩენებს კი ქართული ენის სწავლაში ფულის გადახდა თავად უწევთ.

მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს მაინც ეძლევათ განათლების მიღების შანსი — თუმცა ეს გზა მარტივი არ არის. ქალაქში გადმოსვლა, სწავლა, საცხოვრებელი და სხვა ხარჯები ოჯახებისათვის დიდი პრობლემაა. შედეგად, სტუდენტები იძულებული არიან სწავლის პარალელურად იმუშაონ — მათ შორის არიან იუსუფი, პუნხანი და თარხანი. ხშირად ლექციების გაცდენა მათთვის არჩევანი კი არა, საჭიროებაა — რადგან უნდა იმუშაონ და სწავლის საფასური თავად დაფარონ.



ამ სამი სტუდენტის ისტორია უნიკალური არ არის — არც იმით, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან.

საქართველოში უმაღლეს განათლებაზე წვდომა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დედაქალაქს მიღმა ცხოვრობს, ხშირად სირთულეებით არის სავსე. რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის სწავლას დამატებული აქვს ბინის ქირა, მაღალი ცხოვრების ხარჯები და ის სოციალური თუ ეკონომიკური ზეწოლა, რაც ხშირად აიძულებთ სტუდენტებს იმუშაონ სწავლის პარალელურად. ყველა ოჯახს არ აქვს რესურსი, რომ შვილი სრულად უზრუნველყოს ისეთ პირობებით, სადაც ის მხოლოდ განათლებაზე ფოკუსირდება.

ამ პრობლემის ფართო მასშტაბს 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს. პროფესორ მზია შელიას მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით:
• მხოლოდ 35% დასაქმებული სტუდენტებისა რეგულარულად ესწრება ლექცია-სემინარებს;
• 37% სტუდენტისა მხოლოდ ნაწილობრივ ესწრება აკადემიურ პროცესს;
• თითქმის 24% კი ლექციებს საერთოდ აცდენს და უნივერსიტეტში მხოლოდ შუალედურ და საბოლოო გამოცდებზე მიდის.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე პირდაპირ მოქმედებს დასაქმების ხანგრძლივობა, სამუშაო რეჟიმი და პირობები. რაც უფრო მეტ დროს უთმობს სტუდენტი მუშაობას, მით უფრო მცირდება მისი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს სასწავლო პროცესში. შედეგიც შესაბამისია — ხშირია გამოცდების ჩაუბარებლობა და დაბალი აკადემიური მაჩვენებლები.

კვლევა, სახელწოდებით „დასაქმებული სტუდენტები საქართველოში: გამოცდილებები და პრობლემები“, ეთნიკურ ჯგუფებად არ გამოყოფს რესპონდენტებს, თუმცა მისი მიგნებები ნათლად ასახავს იმ სისტემურ სირთულეებს, რაც შეეხება როგორც უმცირესობების, ისე ზოგადად რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტების ყოველდღიურობას.



სამოქალაქო აქტივისტი და პლატფორმა „სალამის“ წევრი, აითაჯ ხალილლი, ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს კვლევა, რომელიც 1+4 პროგრამით ჩარიცხული სტუდენტების საჭიროებებსა და გამოწვევებს შეაფასებდა. მისივე თქმით, სწორედ ამ ინფორმაციული ვაკუუმის გამო, შეუძლებელია საუბარი სტატისტიკურ სურათზე.

„ხელშესახებ მონაცემს ვერ ვნახავთ, თუ რამდენი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩაირიცხა, რამდენმა დაამთავრა, რამდენმა მიატოვა, ან რატომ მიატოვა სწავლა. რეალური დაინტერესება არ ჩანს და შესაბამისად, არც პოლიტიკური ნებაა. ციფრებით ვერ ვსაუბრობთ, ამიტომ ვერც ვხედავთ, რა ხდება რეალურად“, — ამბობს ხალილლი.

მისი განმარტებით, სტუდენტების მდგომარეობის შეფასება დღეს მხოლოდ დაკვირვების საფუძველზეა შესაძლებელი.

ხალილლის თქმით, სამუშაოს პარალელურად სწავლა არა მხოლოდ ფიზიკურად რთულია, არამედ პირდაპირ აისახება აკადემიურ შედეგებზე:
„სტუდენტებისათვის არ არსებობს მხარდაჭერის მექანიზმები. ხშირია შემთხვევები, როცა მიღებული განათლება თვითონ სტუდენტებისთვისაც და ლექტორებისთვისაც უხარისხოდ აღიქმება. თავად ლექტორები ამბობენ — სტუდენტები ლექციაზე მოდიან, მაგრამ ხშირად აუდიტორიაში იძინებენ, რადგან მთელი ღამე უმუშავიათ.“

მისივე თქმით, სტუდენტები ვერ ესწრებიან არა მხოლოდ დამატებით ტრენინგებს ან სემინარებს, არამედ ხშირად ვერც ჩვეულებრივ ლექციებს.

1+4 პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს და ეთნიკურ უმცირესობებს ერთიანი ეროვნული გამოცდების მარტივი მოდელით აძლევს უმაღლეს განათლებაში ჩართვის საშუალებას — სტუდენტებს მხოლოდ უნარების გამოცდის ჩაბარება სჭირდებათ მშობლიურ ენაზე, რის შემდეგაც ერთი წელი სწავლობენ ქართულ ენას, ხოლო მომდევნო 4 წელი — უკვე აკადემიურ პროგრამაზე.

თუმცა, აითაჯის თქმით, პროგრამის 15-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს სრულყოფილი შეფასება მისი შედეგების შესახებ — არც წარმატებული კურსდამთავრებულების რაოდენობაზე, არც მათი ჩარიცხვის დინამიკასა და ხარისხზე.

„რამდენიმე კვირის წინ განათლების მინისტრი აცხადებდა, რომ ახალგაზრდების 93%-ი ქართულს კარგად ფლობს და ამ ფონზე შეიძლება საერთოდ დაკარგოს აზრი 1+4 პროგრამამ. არ ვიცით, საიდან არის ეს ციფრი, რა იყო კვლევის საფუძველი და როგორ ჩატარდა. თუ მონაცემები არსებობს — მაშინ სერიოზულად უნდა იმუშაონ პრობლემის ანალიზზეც. თუ მონაცემი არ არსებობს — მაშინ მით უფრო არ უნდა ვსაუბრობდეთ 1+4-ის გაუქმებაზე“, — ამბობს ხალილლი.

5 მაისს, „ქართული ოცნების“ პარალამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ახლა უკვე განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც არაქართული მოსახლეობის ახალგაზრდობაში 93%-მა კარგად იცის ქართული ენა.

რადიო „მარნეულს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, რომ კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა, მომზადებულია თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის შუალედური შეფასების დოკუმენტისთვის. დოკუმენტისა და შესაბამისად კვლევის გამოქვეყნებაც 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი და ამ ეტაპზე ის საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა.

ეს ნიშნავს, რომ ოფიციალური განცხადებები ეფუძნება კვლევას, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა და რომელსაც ვერავინ ეცნობა — მათ შორის ვერც სტუდენტები, ვერც ექსპერტები, ვერც საზოგადოება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები