სიჩუმიდან პირველ ხმებამდე - სერვისებზე წვდომის გამოწვევები რეგიონებში
14:54 / 01.09.2025
საქართველოში არსებობს სოციალური და სამედიცინო სერვისები, რომლებიც
სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვისაა შექმნილი,
თუმცა ინფორმაციის ნაკლებობა და ენობრივი ბარიერები ამ შესაძლებლობებს
ბევრისთვის ფაქტობრივად მიუწვდომელს ხდის. სიტუაცია განსაკუთრებით
რთულია რეგიონებში — ცენტრიდან მოშორებულ ადგილებში სერვისებზე წვდომა
ხშირად დამატებით პრობლემებს ქმნის: სპეციალისტების ნაკლებობა,
ინფრასტრუქტურის არქონა, ტრანსპორტის სირთულე და ადგილობრივი
თვითმმართველობების ნების არქონა.
მარნეულში სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის პირველი ხმების გაგონების
შანსი ირმა კილაძემ
შექმნა — დედამ, რომლის შვილსაც სმენის პრობლემა
აღმოაჩნდა და სხვა მშობლებთან ერთად მათი უფლებებისთვის ორგანიზაციის
შექმნა გადაწყვიტა.
დღემდე „სმენადის“ სივრცე მარნეულში ერთადერთია, სადაც კოხლეარული
იმპლანტაციის შემდეგ თერაპია ბავშვის მშობლიურ ენაზე ტარდება.
„მე მყავს სმენის არმქონე ბიჭი და სწორედ მისი პრობლემის
იდენტიფიცირება გახდა ორგანიზაციის შექმნის საფუძველი. ვთანამშრომლობ
ჯაფრიძე-ქევანიშვილის კლინიკასთან და ვხედავდი, რომ ბევრი
აზერბაიჯანელი ბავშვი ჩამოდიოდა თბილისში სერვისის მისაღებად. ძალიან
რთული იყო მშობლებისთვის მარნეულიდან თბილისში გზის გავლა. ასევე დიდი
გამოწვევა იყო ის, რომ თერაპიები ქართულ ენაზე ტარდებოდა, რადგან
აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე თერაპევტი არ არსებობდა.ეს არის პრობელემა იქიდან გამომდინარე, რომ ბავშმა მეტყველება
უნდა დაიწყოს იმ ენაზე, რომელიც არის მისთვის მშობლიური. ჩვენს
წარმატებად მარნეულში ვთვლი იმას, რომ კოხლერული ინფლანტის მქონე
ბავშვები, რომლებიც განწირულები იყვნენ იმისათვის, რომ ვერ
იმეტყველებდნენ, ვერ გაიგონებდნენ, დღეს ისინი საზოგადოების
სრლფასოვანი წევრები არიან”. - ამბობს ირმა
კილაძე.
„სმენადი“ მარნეულში ახორციელებს ადრეული განვითარების პროგრამას,
ასევე აქვთ რეაბილიტაცია-აბილიტაციის მომსახურება, რაც ფსიქოლოგის,
თერაპევტისა და ნევროლოგის ჩართულობას მოიცავს. ორგანიზაციას
მარნეულის გარდა ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც
მიმართავენ.
„ჩემი შვილი 4 წლის იყო და წინადადებას ვერ ამბობდა. ფაქტობრივად ვერ
ლაპარაკობდა. ამიტომ მივმართეთ ამ ცენტრს. ასაკის შესაბამისად 10-15
სიტყვა იცოდა და მაგასაც უკუღმა ამბობდა. ჩვენ, მშობლებს გვესმოდა,
მაგრამ სხვებს — არა. თანატოლები დასცინოდნენ. ახლა შედეგებს უკვე
ვხედავთ და მიხარია. ჩართული ვართ სახელმწიფო პროგრამაში. ძალიან
კარგი იქნებოდა ჩემს მუნიციპალიტეტშიც რომ ყოფილიყო ეს სერვისი , ახლა
ბოლნისიდან მარნეულში მიწევს სიარული,“ — ამბობს ერთ-ერთი
მშობელი.
„სმენადის“ მარნეულის ფილიალის მენეჯერი, ელნარა ამირასლანოვა
აღნიშნავს, რომ ადრე ბევრი ოჯახი იძულებული იყო ბაქოში
გამგზავრებულიყო, რათა საჭირო სერვისი მშობლიურ ენაზე მიეღოთ. „კოხლეარული იმპლანტაციის პროგრამა ძალიან ემოციურია, რადგან
ბავშვი, რომელსაც საერთოდ არ ესმის, ვიზიტების შემდეგ, რამდენიმე
თვეში პირველად იწყებს გაგონებას და ხმის გაცემას. ეს ემოციურია
როგორც ჩვენთვის, ისე ბავშვისა და მისი ოჯახისათვის. სანამ მარნეულში
დავიწყებდით ამ პროგრამას, ბევრი ოჯახი ბაქოში მიდიოდა, რათა
მომსახურება მშობლიურ ენაზე მიეღოთ.“
ჩვენს რეალობაში ხშირად გვხვდება სოციალური ინიციატივები, რომლებიც
სახელმწიფოსგან კი არ მოდის, არამედ კერძო პირებისა და არასამთავრობო
ორგანიზაციების ძალისხმევით იბადება. ეს ადამიანები და ჯგუფები
ცდილობენ არსებული ხარვეზების შევსებას. ინიციატივები
უმნიშვნელოვანესი ხიდია სერვისებსა და მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტად
სჭირდება დახმარება.
სოციალური პროგრამების წარმატება მხოლოდ სერვისის არსებობაზე არ არის
დამოკიდებული, — ამას გვიდასტურებს კავკასიის გარემოსდაცვითი
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის პროექტების მენეჯერი, ნინო
თევზაძე. ორგანიზაცია წლებია მუშაობს ქვემო ქართლსა და
სამცხე-ჯავახეთში, მათ შორის ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის
ფარგლებში, რომელიც სოციალური სერვისების დანერგვასა და მათ შესახებ
ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.
„პროექტი 2022 წლიდან მიმდინარეობს ევროკავშირის
მხარდაჭერით და იდეა ის იყო, რომ შესაბამისი სტრუქტურებისთვის
გვეჩვენებინა, სოციალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავება
მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეებისა და უშუალოდ ბენეფიციარების
ჩართულობით. მნიშვნელოვანია ეს სერვისები მათ საჭიროებებზე იყოს
მორგებული. ეს არის ერთი მხარე, ხოლო მეორე არის სერვისეებზე
ინფორმირებულობა იმათთვის, ვისთვისაც ეს სერვიები არის შექმნილი,
ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, არის სერვისი, მაგრამ ბენეფიციარმა არ
იცის, ან ძალიან გვიან იღებს ამის შესახებ ინფორმაციას. ამ ორი
მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი იმუშაოს შესაბამისმა
უწყებებმა, რათა ეფექტიანი იყოს სოციალური სერვისები. ეს სერვისები
ადგილზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი. როდესაც ვსაუბრობთ სპეცილური
საჭიროების მქონე ბავშებზე, ეს უნდა იყოს ადგილზე და არა დაშორებულ
პუნქტში უხდებოდეთ მისვლა, რადგანაც ესეც ართულებს სერვისზე
ხელმისაწვდომობას.” - ამბობს ნინო თევზაძე.
CENN-ის პროექტების კოორდინატორი ხაზს უსვამს, რომ სოციალური
სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად აუცილებელია არა მხოლოდ
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა,
არამედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური მონაწილეობა. მისი
თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია
ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიცაა „სმენადი“, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ
ბენეფიციარებთან და მათ საჭირო დახმარებას სთავაზობენ.
„ორგანიზაცია „სმენადი“ ჩვენი რეგიონული ალიანსის წევრი
იყო. ალიანსი მუშაობდა მიდგომების შემუშავებაზე, რათა სერვისები უფრო
ხელმისაწვდომი გამხდარიყო ბენეფიციარებისთვის. ახლა ვეხმარებით მათ,
არსებული სერვისების შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს დაინტერესებულ
მხარეებში. ვცდილობთ, მასალა უფრო ეფექტიანი და ადვილად ხელმისაწვდომი
გავხადოთ. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს
ინტერესი, რომ არსებობდეს სერვისის პროვაიდერი, იდეალურ შემთხვევაში
ადგილზე, და ბენეფიციარმა იცოდეს ასეთი სერვისის არსებობის შესახებ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სერვისის არსებობას აზრი არ აქვს. ერთი, თუ
არ არსებობს ის, ვინც ამ სერვის მიაწოდებს და მეორე, თუ ბენეფიციარს
არ აქვს ინფორმაცია პროგრამაზე - ყოველგვარ შინაარს მოკლებულია მაშინ
ეს სერვისი. ამიტომ "სმენადის" მსგავსი ორგანიზაციების შესახებ
ინფორციის გავრცელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზციები უნდა
მუშაობდნენ , არამედ ადგილობრივი მთავრობაც უნდა იყოს
დაინტერესებული”- განმარტავს ნინო თევზაძე.
მარნეულის მაგალითი აჩვენებს, რომ ადგილობრივი ინიციატივები
მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს, თუმცა აუცილებელია მუნიციპალიტეტების
უფრო აქტიური მონაწილეობა ინფორმაციის გავრცელებისა და სერვისების
ხელმისაწვდომობის გაზრდის საქმეში. ამ მოცენულობით მარნეულის
ვებ-გვედზე ვერ ნახავთ პროგრამას, რომელიც მუნიციპალიტეტში სოციალური
სერვისების არსებობაზე მიანიშნებს.