ჯერჯერობით ღონისძიების მომღერლების და წამყვანების ვინაობა უცნობია - ნოვრუზ ბაირამის ტენდერი დასრულდა
ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების მოწყობის ტენდერი დღეს, 5 მარტს, დასრულდა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდივიდუალურმა მეწარმე დავით გოდერძიშვილმა მიიღო.

მერიას ღონისძიების გამართვის სავარაუდო ღირებულებად 16 385 ლარი აქვს განსაზღვრული, ინდივიდუალურმა მეწარმემ კი მას სამუშაოების შესრულება 14 100 ლარად შესთავაზა.

ამ ეტაპზე სატენდერო წინადადებების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება შეასრულებს თუ არა ინდმეწარმე დავით გოდერძიშვილი ნოვრუზ ბაირამის საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზებას.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ ვინ იქნებიან მერიის მიერ განსაზღვრული სატენდერო წინადადების მიხედვით არჩეული ღონისძიების წამყვანები და მომღერლები.

მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, წელს ღონისძიება ერთმა აზერბაიჯანელმა ბიჭმა და ერთმა ქართველმა ქალმა უნდა წაიყვანოს. ქალი 30-დან 35 წლამდე უნდა იყოს, პროფესიით ჟურნალისტი ან მსახიობი, საავტორო გადაცემის წამყვანი რადიოსა და ტელევიზიაში და უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება. კაცის ასაკი 35-დან 40 წლამდეა განსაზღვრული, უნდა იყოს თეატრის მსახიობი და რეჟისორი, აზერბაიჯანული და ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე, სასურველია მონაწილეობდეს სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში და მასაც უნდა ჰქონდეს ანალოგიური ღონისძიებების წაყვანის გამოცდილება.

დავით გოდერძიშვილმა ამ ეტაპზე ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. გვითხრა, რომ სამუშაოები ჯერ დაწყებული არაა და ინტერვიუს მოცემას სავარაუდოდ მომავალი კვირისათვის შეძლებს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები