One Caucasus-ი, დიდი ალბათობით, მარნეულს დაუბრუნდება
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) დიდი ალბათობით კვლავ მარნეულში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ირაკლი მიქიანმა მოგვაწოდა.

One Caucasus-ის ორგანიზატორმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ისინი ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან და მარნეულის მერიასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„დღეს-დღეობით დარწმუნებულები ვართ, რომ ვბრუნდებით წერაქვში და ფესტივალი გაიმართება აგვისტოში ისევ სოფელ წერაქვში“ - გვითხრა ირაკლი მიქიანმა

ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემაც დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ „ფესტივალი დიდი ალბათობით მარნეულში გაიმართება“, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„ერთიანი კავკასიის“ ორგანიზატორმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ფესტივალმა პოლონეთის საელჩოსაგან დაფინანსება მიიღო.

„პოლონეთის კულტურის სამინისტრო პირველი სამი წლის განმავლობაში იყო ჩვენი მხარდამჭერი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მათ ვერ მოახერხეს ჩვენი მხარდაჭერა, თუმცა წელს მათ აღმოაჩნდათ სახსრები ამ ღონისძიებისთვის. ჩვენ დავრეგისტრირდით და მოვიპოვეთ დაფინანსება დაფინანსება. 2019 წლისათვის ისინი გამოყოფენ საკმარის ფინანსებს, რომ შევძლოთ ამ ფესტივალის გაკეთება“ - ირაკლი მიქიანმა ჩვენთან საუბრისას ასევე თქვა, რომ წელს One Caucasus-ის მხარდამჭერი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, სამი ქვეყნის საზღვარზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 4 წლის განმავლობაში იმართებოდა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. ისინი ერთგვარ საფესტივალო ქალაქს ქმნიდნენ. ასე მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს ჰქონოდა სივრცე, სადაც ოთხ დღეს ერთად გაატარებდა. ახალგაზრდები უსმენდნენ სასიამოვნო მუსიკას, ისვენებდნენ ოჯახებთან ერთად და ეცნობოდნენ მეზობლების კულტურას. ამ ერთადერთმა მასშტაბურმა ღონისძიებამ, მარნეულის მერიის უარის შემდეგ, ბოლნისში გადაინაცვლა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები