მარტივი გზა სააღდგომო კვერცხის შესაღებად
არსებობს კვერცხების შეღებვის მრავალი წესი. რამდენიმეს, შედარებით მარტივსა და ხელმისაწვდომს გაგაცნობთ. ყველაზე იოლია, შეიძინოთ კვერცხის სპეციალური საღებავი და შეფუთვაზე მითითებული წესისამებრ გამოიყენოთ.

ალბათ, ყველამ იცის, რომ კვერცხს ხახვის ფურცლის ნახარშშიც ღებავენ. აგროვებენ რაც შეიძლება მეტ ხახვის ფურცელს (ბევრი მის მოგროვებას აღდგომამდე 1 თვით ადრე იწყებს) და კვერცხს მასში ხარშავენ. ხარშვა სასურველი ფერის მიღებამდე გრძელდება. არსებობს სხვაგვარი წესიც: ხახვის ფურცელი ადუღეთ ნახევარ საათს, შემდეგ გადაწურეთ. ნახარშში ჩააწყვეთ უკვე მოხარშული კვერცხი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სასურველ ფერს არ მიიღებს. ამ გზით უფრო თანაბარი შეფერილობა მიიღება. კვერცხი ხახვის მშრალი ფურცლითაც შეიძლება შეიღებოს.

კვერცხი მოხარშეთ, შემდეგ ცხელ-ცხელს სათითაოდ შემოახვიეთ ხახვის მშრალი ფურცლები, გადაახვიეთ ნაჭერში და კიდევ 10 წუთს ადუღეთ. წყალს ძმარი დაამატეთ. კვერცხი მოოქროსფრო-მარმარილოსებრ ელფერს მიიღებს. თუ კვერცხს ოხრახუშის ფოთოლს დააფენთ და მაგრად შეახვევთ დოლბანდში, თქვენს სააღდგომო სუფრას მოხატული კვერცხი დაამშვენებს. კვერცხის მოხატვა სხვაგვარადაც შეიძლება: სველი კვერცხი ამოავლეთ მშრალ ბრინჯში, მაგრად შეახვიეთ დოლბანდში, რომ მარცვლები არ მოშორდეს და ჩვეულებრივი წესით შეღებეთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ კვერცხების შეღებვა აკვარელის საღებავითა და ფუნჯით. საღებავი სწრაფად რომ გაშრეს, უნდა შეიღებოს უკვე მოხარშული, ჯერ კიდევ თბილი კვერცხი.

პრაქტიკული რჩევები

თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
ხარშვისას კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.


წყარო:gemrielia.ge
Print