6 მაისს რამაზანის თვე დაიწყო
6 მაისიდან მუსლიმურ სამყაროში ჰიჯრი ყამარის (მთვარის) კალენდრით მეცხრე - რამაზანის თვე დგება.
რამაზანი სავალდებულო მარხვის თვეა, რაც განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველანაირ საჭმელზე და დასალევზე, სქესობრივ კონტაქტზე უარის თქმას გულისხმობს. თუმცა, ეს მარხვის მხოლოდ გარეგნული მხარეა, ხოლო შინაგანად იგი არის ცოდვათა მიტევების, შინაგანი განახლების, მადლის დაუნჯების, სულიერი ზეიმის პერიოდი, რა დროსაც მუსლიმური რწმენით ღმერთი ეშმაკს აბამს. სწორედ რამაზანის თვეში იზეიმება ყურანის წმიდა აიების გადმოცემაც, რომელსაც "ლეილათ ულ ყადრ" ანუ ყადრის ღამე ეწოდება.

ყადრის ღამის მნიშვნელობაზე და მის ათას თვეზე აღმატებულობაზე თავად ყურანი ამოწმებს. ყურანის მიხედვით, ამ წმინდა და კურთხეულ ღამეს ღვთის ბრძანებით ანგელოზები ციდან ეშვებიან. ამის გამო მუსლიმები ყადრის ღამეს მღვიძარებენ და დილამდე ლოცვასა და მონანიებაში არიან.

საინტერესოა რომ წელს რამაზანი "გიორგობას" დაემთხვა. რადიო მარნეული ულოცავს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას ბრწყინვალე რამაზანის თვის დადგომასა და გიორგობას.
Print