სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის
მმართველი პარტია ლიდერობს.
სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ,
ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02%
მოიპოვა.
მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო
ბლოკი „სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი
„მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23%
მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების
4.1%.
ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 593 572
პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1 281 174
მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.
შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა
დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.
არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.