ვარდავარი - ფერისცვალების სომხური დღესასწაული მარნეულის სოფელში აღნიშნეს
24 ივლისს მარნეულის სოფელ წითელსოფელში ვარდავარის დღესასწაული აღნიშნეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას წითელსოფლის ახალგაზრდული განვითარების სახლის ხელმძღვანელმა არამ აკოპიანმა განაცხადა, რომ რელიგიურ დღესასწაულს მთელი სოფელი აღნიშნავს, რადგან ვარდავარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია.

„ვარდავარი ჩვენთვის ფერისცვალების დღესასწაულია და სულიერი გასუფთავებისთვისაა. ეს ხდება ყოველწლიურად ივლისის თვის ბოლო კვირისათვის, მცოცავი თარიღია. ჩვენი ორგანიზაციის ახალგაზრდებთან და მთლიანი სოფლის მოსახლეობასთან ერთად, ბავშვებთან ერთა, ავღნიშნეთ ეს დღესასწაული. ჩვენ შემოგვიერთდნენ ბოლნისის ახალგაზრდული სახლის ორგანიზაციის წევრები და სომხურად მოგვილოცეს დღესასწაული და ბოლნისშიც წუწაობდნენ. გამაგრილებელი, პოზიტიური დღესასწაულია და ყველას აქვს მასში მონაწილეობის საშუალება“.

ვარდავარის დღესასწაულზე მოსახლეობა ერთმანეთს წყალს ასხავს. ბევრი მკვლევარი „ვარდავარ“ ტერმინს ხეთური ენიდან მომდინარედ მიიჩნევს - ხეთურად ვადარ - „წყალი“, არრ - „შესხურებას“ აღნიშნავს და მას სომხეთისათვის წლის ყველაზე გვალვიან პერიოდში წვიმის გამოწვევის მაგიას უკავშირებს. მიიჩნევა, რომ წყალი, რომელსაც ადამიანები ვარდავარის დღეს ასხურებენ ერთმანეთს, სამკურნალოა და კეთილდღეობის, ბედნიერებისა და იღბალის მომტანია. არსებობს ტერმინის მეორე ვარიანტიც, რომლიც სიტყვა ვარდავარიდან ძირს „ვარდს“ გამოყოფს.

„ეს სომხური თემისათვის ერთ-ერთი მნიშნველოვანი საეკლესიო დღესასწაულია. ამ დროს მამაო აკურთხებს წყალს და შემდეგ იწყება წყლით თამაში. წყალში აუცილებელია ვარდების ფურცლები, რადგან თვითონ სახელიც ვარდავარ ვარდიდან გამომდინარეობს. ვარდავარის პროცესის - წუწაობის, შემდეგ სუფრებს შლიან ოჯახებში, ან ბუნებაში წყლის პირას მიდიან, იქნება ეს მდინარე, ტბა, ზღვა თუ ა.შ. და იქ აღნიშნავენ დღესასწაულს, რა თქმა უნდა, სომხური ცეკვებით, სიმღერებით და ა.შ.“ - ამბობს არამ აკოპიანი

ფერისცვალების სომხური დღესასწაული აღდგომიდან 98-ე დღე აღინიშნება. ვარდავარზე აუცილებელი იყო ეკლესიების ყვავილებით მორთვა და ხორბლისა და ქერის თავთავებისგან შეკრული თაიგულების კურთხევა.

რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები