ქართული ღვინის კვირეული მარნეულიდან დაიწყება
ქართული ღვინის კვირეული მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 1 ოქტომბერს დაიწყება. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რომლითაც მერიას საქართველოში გასამართი ღვინის კვირეულის პროექტის ფარგლებში ქალაქ მარნეულში ღვინის ფესტივალის ჩატარების მომსახურების შესყიდვა სურს, ქალაქ მარნეულშ იგეგმება ღვინის ფესტივალის ჩატარება სახელწოდებით „მარნეული ვაზის აკვანი“.

„როგორც ცნობილია მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი მასალების ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 8000 – 8200 წლის წინ ღვინოს აწარმოებდნენ. სწორედ ამიტომ აღინიშნება ყოველწლიურად მარნეულში ღვინის ფესტივალი - მარნეული ნამდვილად იმსახურებს ვაზისა და ღვინის სამშობლოს სახელს.
ფესტივალის ფარგლებში შეირჩა სამი ლოკაცია. ღონისძიება დაიწყება გადაჭრილი გორიდან - შესასვლელში განთავსდება ინსტალაცია „ღვინის გზა“, ადგილზე გამოფენილი იქნება წინაქრისტიანული ეპოქის არტეფაქტები (საყოფაცხოვრები და საბრძოლო იარაღები), ქვევრები და თიხის ჭურჭელი. მოლბერტებზე გამოფენილი ფოტოების მეშვეობით პრეზენტატორი სტუმრებს ადგილზე გააცნობს ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ. გადაჭრილი გორის მიმდებარედ, წინასწარ მომზადებულ ტერიტორიაზე დაირგვება ვაზის ნერგები“.


ღვინის ფესტივალის მეორე ლოკაცია ვენახში იქნება სადაც ეთნოგრაფიული კუთხის, სიმღერისა და ცეკვის ფონზე რთველი გაიმართება. ღონისძიების ძირითადი ლოკაცია კი მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ სკვერში გაიმართება.

„ეს იქნება ნამდვილი სახალხო ზეიმი. საღონისძიებო სივრცის დასაწყის ნაწილში პანტომიმის თეატრი წარმოადგენს პერფორმანსს „წიპწიდან ქვევრამდე“. ტერიტორია გაფორმდება ღვინის თემატიკით დატვირთული დეკორაციებით. ქართული ეთნოგრაფიული ნიმუშებით მორთულ ოდასთან დაიდგმება საწნახელი, სადაც დაიწურება ღვინო, თონეში გამოცხვება დედას პური, გაიმართება ე.წ. “ზავოდობა“ და მოეწყობა ხინკლის მოხვევისა და მოხარშვის მასტერკლასი. წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე განთავსდება კარვები ან დახლები, სადაც განლაგდებიან მარნეულის და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული მეღვინეები და სხვა მეწარმეები. ღონისძიების მსვლელობის დროს შესრულდება ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. მოეწყობა სპორტული სივრცე, სადაც გაიმართება ქართული ჭიდაობა და გამარჯვებულს ტრადიციულად გადაეცემა ჭედილა“. - აღნიშნულია ტენდერის ტექნიკურ დავალებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პირველ ოქტომბერს გასამართ ღვინის ფესტივალის მომსახურების შესყიდვისათვის 93 660 ლარის ღირებულების ტენდერი 2022 წლის 2 სექტემბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

Print