წულუკიანი სააკაშვილზე: ასეთი სიმულიანტობა არ შემხვედრია
კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მისი მინისტრობის დროს ბევრი მოშიმშილე პატიმარი უნახავს, თუმცა „ასეთი სიმულიანტობა“ არ შეხვედრია.

წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერებს მეტი სერიოზულობა მართებთ იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც, მისი მტკიცებით, ყველაფერს აკეთებს სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვისთვის, უფრო ძლიერი იყოს.

„ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირებისა და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი.

მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი.

ეს ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, ვინაიდან დაზარალებული ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია სისხლის სამართალში. დაზარალებულებს სჭირდებათ, რომ დამნაშავემ მოიხადოს სასჯელი სრულად. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ აუცილებლად გვაწუხებდეს და გვაწუხებს, არის ის, რომ თავად პატიმარმა დახმარება აღმოუჩინოს საკუთარ თავს, მისცეს ხელისუფლებას საშუალება, რომ იმ ნაბიჯებმა, რასაც დგამენ პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო, მოიტანოს მაქსიმალურად სასიკეთო შედეგი, პატიმარი თავს გრძნობდეს კარგად სასჯელის მოხდის პერიოდში“,
– აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის კომენტარს წერილობით „პირველი არხი“ ავრცელებს.

14 დეკემბერს სასამართლო პროცესზე, რომელზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების საკითხს განიხილავენ, მიხეილ სააკაშვილის დასწრება ან დისტანციური ჩართვა ვერ მოხერხდა.

კლინიკა „ვივამედმა“ მას პროცესზე ფიზიკური დასწრების რეკომენდაცია არ მისცა, დისტანციურად მის ჩართვაზე უარი კი პენიტენციურმა სამსახურმა ტექნიკური გაუმართაობით განმარტა.

14 დეკემბერსვე პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეომასალა „ვივამედში“ სააკაშვილის პალატიდან, რომელშიც, მათი თქმით, ასახუალია, როგორ ეურჩება ექსპრეზიდენტი ექიმებს და უარს აცხადებს მკურნალობაზე.

უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე – 12 დეკემბერი.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები