მარნეულის მერია ნოვრუზის აღსანიშნავი ღონისძიების განრიგს აქვეყნებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნოვვრუზ ბაირამის აღსანიშნავი ღონისძიების განრიგი გამოაქვეყნა. ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა მარნეულის მუნიციპალიტეტში ხვალ, 21 მარტს, 11:00 საათიდან დაიწყება.

ღონისძიება მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კულტურის ცენტრის წინ მდებარე სკვერში გაიმართება.

„11:00 სთ. - ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საგამოფენო პავილიონები: ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, საკონდიტრო ნაწარმის, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა, აზერბაიჯანულ ეთნო კუთხეში გაიმართება მცირე პერფორმანსი აზერბაიჯანული თეატრის მსახიობების მიერ, აქვე ჩატარდება აზერბაიჯანული კულინარიის მასტერკლასები (ტრადიციული კერძების, ტკბილეულის და ჩაის დაგემოვნება)“. - აღნიშნულია მერიის განცხადებაში

ადგილობრივი თვითმმართველობა ნოვრუზ ბაირამისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ სიმბოლოს, ცეცხლს 11:30 საათზე აანთებს.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად ნოვრუზ ბაირამის დროს გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობებიც.

„სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში გაიმართება სპორტული აქტივობებიც ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში, ასევე მშვილდოსნობაში. გამარჯვებულებს, მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცემათ“.

მარნეულის მერიის განმარტებით, წელს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული გალა-კონცერტით არ აღინიშნება. ფორმატის შეცვლას მერია თურქეთში მომხდარი სტიქიური მოვლენით ხსნის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები