ადრეული ქორწინება - ტრადიციად შენიღბული ძალადობის ფორმა
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წელს 427 არასრულწლოვანის ორსულობა დაფიქსირდა, ხოლო 365 შემთხვევაში ბავშვი თავად გახდა დედა. - ეს რიცხვები დაკარგულ ბავშვობაზე, წართმეულ განათლებასა და ჩამქრალ ოცნებებზე მეტყველებს.


მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ცნობიერება თითქოს იზრდება, ადრეული ქორწინება კვლავ რჩება ძალადობად, რომლის აღქმაც ბევრისთვის ჯერ კიდევ რთულია.



აქტივისტი და უფლებადამცველი თოზუ გულმამედლი წლებია ქვემო ქართთლის რეგიონში ცნობიერების გაზრ

დასა და ადრეული ქორწინების პრევენციის მიმართულებით მუშაობს. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე კარგად ხედავს თუ როგორ იმეორებს თაობები ერთმანეთის გამოცდილებას , როგორ იმალება იძულება “ტრადიციით” და როგორ იქცევა ოჯახური ზეწოლა სოციალურ ნორმად. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ადრეული ქორწინების ძალადობის ფორმად აღქმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი „თანხმობის“ მოპოვებით იწყება.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარკვეული პროგრესი შეინიშნება, ზოგიერ თემში ადრეული ქორწინება კვლავაც არ აღიქმება როგორც ძალადობის ფორმა. იგივე შეიძლება ითქვას ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღქმაზეც. ოჯახები, რომლებიც შვილებს ქორწინებაზე აიძულებენ, ხშირად ცდილობენ მანიპულაციით ბავშვისგან სიმბოლური „დიახ“-ის მიღებას. ამავდროულად, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ საერთოდ არ უნდა დაუსვან ეს კითხვა ბავშვებს. ჩვენ პატარაობიდანვე გვასწავლიან სიჩუმეს, მორჩილებას და იმას, რომ ოჯახი ყოველთვის მართალია. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ გოგოებს ხშირად არ შეუძლიათ საკუთარი მდგომარეობის აღიარება. მაგალითად, მისაუბრია დაქორწინებულ მეგობართან, რომელმაც მითხრა, რომ მისი ქმარი სცემს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს მისი ბრალია. წარმოიდგინეთ, ქმრის მხრიდან ძალადობას განიცდი და თავად ჯერა ან გაჯერებენ, რომ დამნაშავე შენ ხარ.“
- ამბობს თოზუ.



უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ადრეული ქორწინება პირდაპირ ზღუდავს გოგოების შესაძლებლობებს, მათ განათლებას და თვითგანვითარებას. ევალებათ საოჯახო პასუხისმგებლობები : ორსულობა, მშობიარობა, ბავშვების გაზრდა და ყოველდღიური შრომა. ის სირთულეები, რომელთან გამკლავებაც ხშირად ზრდასრულებსაც უჭირთ. თოზუ გულმამედლი ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ სოციალური არ არის, ის სისტემურიცაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონმდებლობა თითქოს იცავს არასრულწლოვნებს ადრეული ქორწინებისგან, რეალობაში არსებული მექანიზმები ხშირ შემთვხვაში არაეფექტიანად მუშაობს.



“ადრეულ ასაკში გათხოვილი გოგო, როგორც წესი, ვერც სკოლას ამთავრებს და ვერც უნივერსიტეტში სწავლას აგრძელებს. ამას ემატება ასაკისთვის შეუსაბამო საოჯახო ვალდებულებები – ორსულობა, მშობიარობა და ბავშვების გაზრდა. ეს სირთულეები ზრდასრულ ადამიანებსაც უჭირთ, მაგრამ გოგოები იძულებულნი არიან მათ მცირე ასაკშივე შეეჭიდონ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არსებული კანონმდებლობა რომ გიცავს. ადრეული ქორწინების მსხვერპლ ბავშვს თითქმის არაფერი ეძლევა სახელმწიფოს მხრიდან. ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა – აი, იმ ერთ გოგოს ხომ დაეხმარენ და გადაარჩინესო. კი, ერთს დაეხმარენ, მაგრამ დანარჩენებს – არა. წლებია ერთი კონკრეტული შემთხვევის ირგვლივ ტრიალებს ნარატივი, თითქოს ყველაფერი კეთდება მსხვერპლების დასახმარებლად, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგოები სახელმწიფოს მხრიდან მიტოვებულები არიან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა პრაქტიკული გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია. მაგალითად, როცა კონკრეტულ სოფელში ახალგაზრდებს ვხვდები და ვესაუბრები უფლებებზე და ადრეულ ქორწინებაზე, ბოლოს საკონტაქტო ინფორმაციას ვუტოვებ, რომ მსგავს შემთხვევებზე შემატყობინონ. ერთ-ორ კვირაში აუცილებლად მირეკავენ, რათა მითხრან, რომ ადრეული ქორწინება ან ნიშნობა შედგა. აქედან ჩანს, რომ პრობლემა ისევ არსებობს, თუმცა ქვეყანაში ამ თემას სათანადო ყურადღება არ ექცევა სხვა გადაუდებელი მოვლენების ფონზე.”
- გვეუბნება უფლებადამცველი.



ადრეული ქორწინების შედეგები ხშირად მძიმედ რომ აისახება გოგოების ცხოვრებაზე, ამას თოზუ გულმამედლი კონკრეტული მაგალის საფუძველზე გვიყვება და აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები მხოლოდ ინდივიდუალური ტრაგედიები არაა, ისინი სისტემური პრობლემის გამოვლინებაა, სადაც განათლების, ჯანმრთელობის და თავისუფლების უფლება ერთდროულად ირღვევა.

“ერთ-ერთი კონკრეტული, ანონიმური შემთხვევა ამას ნათლად გამოხატავს: 15 წლის გოგო ჯერ დაანიშნეს, შემდეგ საქმრომ მოიტაცა და იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. დღეს ის ორი შვილის დედაა და პერიოდულად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მისი თანატოლები სტუდენტები არიან, სწავლობენ და საკუთარ მომავალს აწყობენ, თუმცა მას ცხოვრება დამთავრებულად ეჩვენება — დეპრესიისა და ჯანმრთელობის სირთულეების ფონზე. ალბათ, არასწორი იქნება თუ კონკრეტულ ერთ მექანიზმს დავასახელებთ პრობლემად. ზოგადი მიდგომაა შესაცვლელი. დღეს სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი პრევენციული მექანიზმები. მხოლოდ ფორმალური შეხვედრები ტარდება ფოტოების გადასაღებად და იმის საჩვენებლად, თითქოს რაღაც კეთდება. ჯერ პრობლემის მიზეზები უნდა დავინახოთ. ჩვენ მარტივად ვაბრალებთ ყველაფერს სიღარიბეს ან ინფორმაციის ნაკლებობას და ამით ვამთავრებთ თემას. მაგრამ რეალურად, მიზეზების სიღრმისეულად გაანალიზებაა საჭირო.”
- გვეუბნება თოზუ გულმამედლი



ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რომ რჩება, ამას მოწმობს სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების გამო, სტატისტიკის და სათანადო რეაგირების მიღმა რჩება მშობლების ინიციატივით ბავშვთა ნიშნობის შემთხვევები, რაც ბავშვის მთელ რიგ ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი ბავშვთა ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ იკვეთება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ზრუნვის სააგენტოს შორის კოორდინირებული მუშაობის და არსებული დაცვის და დახმარების მექანიზმების ეფექტიანი გამოყენების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებებიდან მხოლოდ სააგენტოს აქვს დამტკიცებული „სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი, შესწავლილი ინდივიდუალური საქმეებიდან კვლავ იკვეთება სოციალურ მუშაკთა მხრიდან არაეფექტიანი რეაგირება, რაც, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ წინასწარი განწყობებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებითაა გამოწვეული.

ადრეული ქორწინების პრევენციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი საგანმანათლებლო დაწესებულებებია. სკოლა ხშირად დუმილს ირჩევს, თუმცა არის პოზიტიური მაგალითები, როდესაც ადრეული ქორწინების შემთხვევებს მოსწავლეები სწორედ მასწავლებებლებს უმხელენ. ადამიანებს, რომელთა ნდობაც აქვთ.

ადრეული ქორწინების შემთხვევაში შესაძლებელია მიმართოთ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრს (116 006), რომელსაც ოფისი მარნეულშიც აქვს და მსხვერპლებს სთავაზობს ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და საჭიროებისამებრ სხვა ტიპის დახმარებას. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს (1481), საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს (112) ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს (1505).

სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ადრეული ქორწინების პრევენციაზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც, თუმცა ბევრი მათგანი უკვე აღარ ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე ერთ-ერთი ორგანიზაცია, ვისთანაც დახმარების მიღება კვლავ შესაძლებელია, არის „საფარი“, რომელიც ქალთა უფლებების დაცვაზე და კრიზისულ მხარდაჭერაზე მუშაობს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები