მარნეულის მოსახლეობის ნაწილი ავარიულ შენობებში ცხოვრობს
18:30 / 17.12.2025
ქალაქ მარნეულში საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენებული 5 სართულიანი
კორპუსების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
დაზიანებულია აივნები, კიბეები და სარდაფეი, დახეთქილია კედლები და
სახურავიდან წყალი იღვრება - ამ მდგომარეობაშია ძველი აშენებული
კორპუსების უმრავლესობა.
ერთ-ერთი ასეთი კორპუსი მდებარეობს ნარიმანოვის N1-ში, სადაც სამი
წლის წლინ აივანის ჩამონგრავის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. დღემდე
ამ კორპუსის მოსახლეობას ავარიულ სახლში უწევს ცხოვრება.
“მოვიდნენ, შეამოწმეს
და თქვეს რომ ავარიულ
მდგომარეობაშია. მერე წავიდნენ, ხალხი რატომღაც არ დათანხმდა. ახლა
წვიმა რომ არის სახლი სულ სველია. აივნები სახიფათოა, ავარიულია. ვერ
გავდივართ აივანზე, გვეშინია. არ გვინდა ამ შენობაში ცხოვრება.
გვინდა, რომ დაგვეხმარონ. ასეთ, ავარიულ, სახლებს ვინ იყიდის. ახლიდან
რომ ააშენონ და იქ ვიცხოვროთ ყველა კმაყოფილი იქნება”.
- გვითხრა ჰავა მუსაევამ
ნარიმანოვის N1 კორპუსთან დაკავშირებით სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ
დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, კორპუსში ცხოვრება სახიფათოა და
მოქალაქეებმა არ უნდა გამოიყენონ აივნები. ექსპერტიზის დასკვნის
მიუხედავად, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ამ ეტაპამდე არ
ჩატარებულა.
ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები არ აქვთ სხვა კორპუსების მოსახლეობას,
მაგრამ თვლიან რომ მათი საცხოვრებელიც სიცოცხლისათვის სახიფათოა.
“აი ასე ჩამოდის წყალი, ეს ასე უნდა იყოს? რამდენი წელია მივდივართ
მერიაში ვჩივით ამის გამო. არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. იქითა
გვერდიც ნახეთ, ყველგან ეგრეა. შენობა ინგრევა. სახლებში უკვე
ბზარებია კედლებზე”. - გვითხრა ერთ-ერთმა მოქალაქემ
უკვე 5 თვეა რაც მარნეულის მერია არ გვპასუხობს აპირებენ თუ არა
ავარიული კორპუსების შეკეთებას. მერიაში კვლავ გვთხოვენ ახალი
წერილის
მიწერას, რათა გვითხრან თუ რატომ ვერ მივიღეთ 30 ივლისს გამოთხოვილ
წერილზე პასუხი. მარნეულის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 50 000 ლარია
გამოყოფილი კორპუსების ფასადის რეაბილიტაციისთვის, მუნიციპალიტეტის
იერსახის გაუმჯობესების მიზნით.