როგორი (არ) უნდა იყოს მერია და საკრებულო
„არ ვიცი“, „არ გამიგია“, „არ მაინტერესებს“ - ეს ის პასუხებია, რომლებსაც მარნეულის ქუჩებში გამვლელებისგან ყველაზე ხშირად მოისმენთ, როდესაც საუბარი ადგილობრივ თვითმმართველობას ეხება. რადიო „მარნეულის“ მიერ ჩატარებულმა ვიდეოგამოკითხვამ აჩვენა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა არათუ საკუთარი უფლებები, არამედ ისიც კი არ იცის, ვინ არის მუნიციპალიტეტის მერი ან რა ფუნქცია აკისრია მერიას. ნაწილს კი უიმედობის განცდა აქვს და ფიქრობს,

რომ თვითთმართველებობა ხალხზე არ ზრუნავს. ზოგს კი ის ფუნქციები მიაჩნია თვითმმართველობის პრეროგატივად როგორიცაა ოპერაციების გაკეთება, პენსიების გაცემა ან სოციალური სტატუსის მინიჭება.


ეს მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა არ არის. ეს არის სისტემური გაუცხოება, რომელსაც ექსპერტები „ფორმალურ დემოკრატიას“ უწოდებენ. თვითმმართველობის კოდექსი მოქალაქეებს არაერთ ბერკეტს აძლევს, მათ შორის პეტიციები, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მერის ანგარიშის მოსმენა. თუმცა მარნეულის მაგალითზე ბიუჯეტის განხილვის პროცესი წლებია ფორმალურ ხასიათს ატარებს. მერია ბიუჯეტის პროექტს ვებგვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს შენიშვნების წარდგენისთვის კანონით განსაზღვრულ 10-დღიან ვადას აძლევს, თუმცა პრაქტიკაში ეს პროცესი რეალური ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს,. მათ შორის მიმდინარე წელსაც. ამ პერიოდში მოქალაქეებისგან არცერთი წინადადება არ დაფიქსირებულა.

რა უშლის ხელს ხალხის ჩართულობას და რატომ რჩება კანონით გარანტირებული უფლებები გამოუყენებელი? ამ თემაზე მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის დირექტორი, მაგდა პოპიაშვილი გვესაუბრა და განმარტა, რომ რომ მოქალაქეები ხშირად არ იცნობენ საკუთარ უფლებებს, არ იციან, რა ინსტრუმენტები აქვთ ჩართულობისთვის და შესაბამისად ვერ იყენებენ მათ. მეორე პრობლემა კი თვითმმართველობების ფორმალური მიდგომაა: ისინი ვალდებულებებს მხოლოდ ქაღალდზე ასრულებენ და მოქალაქეთა ჩართულობას აქტიურად არ უწყობენ ხელს.

“კოდექსი არის ვალდებულებებიც და უფლებებიც. თუმცა პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე და ეს არ არის ერთეული მუნიციპალიტეტები, მთელ საქართველოში ფაქტობრივად ერთი და იგივე სურათი გვაქვს წლების განმავლობაში. მოქალაქეები არ იცნობენ საკუთარ უფლებებს - ერთი, არ აინტერესებთ მასში მონაწილეობა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არ იცნობენ, პირველ რიგში ცხადია. და მეორე, მუნიციპალიტეტები, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ აი ეს კანონის მოთხოვნები შეასრულონ, ამას უდგებიან ფორმალურად და თუნდაც მერის ყოველწლიური ანგარიში, რაც შეგვიძლია რომ ვნახოთ ხოლმე, არის ისევ საკუთარი გარემოცვის, საკუთარი აიპების თანამშრომლების წინაშე წარდგენა იმ გაწეული სამუშაოსი, რაც ერთი წლის განმავლობაში მერმა აკეთა, ხო?რაც გვაძლევს საბოლოო ჯამში აი ეს გაუცხოება, ეს არაინფორმირებულობა იმას, რომ ადამიანებმა არ იციან, როდესაც რაღაცა პრობლემა აქვთ, ვის, როგორ უნდა მიმართონ. იგივე პეტიცია, ხომ რეალურად კარგი მექანიზმია იმისთვის, რომ საკუთარი ინიციატივები დააყენონ და ის საჭიროებები, რაც აქვთ, ამ ფორმით გადაწყვიტონ. მაგრამ როცა ადამიანმა არ იცის, ელემენტარული იცით, არ იცის ხშირად რა უფლებამოსილებები აქვს თვითმმართველობას, რა უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებას და შესაბამისად ვერც იგებს, როგორ და რანაირად და ვის მიმართოს ხოლმე. “ - ამბობს მაგდა პოპიაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ფუნქცია მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. იყო შემთხვევა, როდესაც მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი სოფელ არაფლოში მოსახლეობას წყლის პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც მოქალაქემ სოციალურ ქსელში მადლობა გამოუხატა და შესაბამისი პოსტიც მიუძღვნეს.

ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა: სად იყო ამ დროს ადგილობრივი ხელისუფლება? წყლის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა და მოსახლეობის დახმარება პირველ რიგში სწორედ მათ უნდა ეკისრებოდეთ, მაშინ როცა დეპუტატის ჩარევა უფრო პოლიტიკურ ნაბიჯს ჰგავს, ვიდრე მის პირდაპირ მოვალეობას.


ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტის თქმით, მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის კავშირი ხშირ შემთხვევაში შეზღუდულია. მისი თქმით, „ეს კავშირი ძირითადად ოთხ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს ხდება აქტიური. მაშნ, როცა მოქალაქის საჭიროება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ ხდება. სხვა დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათი გააქტიურება პრაქტიკულად არ ხდება.

“მიუხედავად იმისა, რომ წლებია სამოქალაქო სექტორიც ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ მოქალაქე გააქტიურდეს, არაფერი არ გამოდის იმიტომ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ცალმხრივი პროცესი. ამას სჭირდება ორმხრივი სურვილი და ორმხრივი მზაობა. და როცა მუნიციპალიტეტის ორგანოები ამისთვის არათუ მზად არ არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ აი ეს აქტიური მოქალაქე, ისიც კი ვინც არის, ისიც კი რაღაცნაირად დათრგუნონ და აი ამ აქტიურობის სურვილი წაართვან, ცხადია, რომ აქ წარმატებაზე უბრალოდ შეუძლებელია ლაპარაკი.ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს პირველი, ფეისბუქზე ან ვებ-გვერდზე რომ გამოდებ რამეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ბევრი ნახავს, ხო? მერის წარმომადგენლები იმისთვის არსებობენ, რომ რაღაცა ინფორმაცია მიიტანონ და უკუკავშირი ჰქონდეთ შემდეგ უკვე მოსახლეობიდან მერიასთან. მაგრამ როდესაც ასე გამოფენ მხოლოდ ფეისბუქზე ან ვებ-გვერდზე ბიუჯეტის პროექტს და ელოდები რაიმე წინადადება შემოვა, რა თქმა უნდა არ შემოვა სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პირველი - არაინფორმირებულია მოსახლეობა და მეორე - საერთოდ არ იცის იმ ბიუჯეტში რა, როგორ და რანაირად წერია. ვინ ასწავლა მოსახლეობას, ვინ იმუშავა მანამდე წლების განმავლობაში, რომ მოქალაქეს რა შეუძლია, რა ცვლილებების შეტანა შეუძლია, როგორ შეუძლია, რა ინიციატივის წარდგენა შეუძლია, რომ ის ბიუჯეტში აისახოს. ბიუჯეტთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ძალიან კარგი პრაქტიკის მაგალითი წლების წინ სწორედ მარნეულსჰქონდა, როდესაც ის იყო ერთ-ერთი პირველი, როცა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა დაინერგა” - ამბობს პოპიაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგდა პოპიაშვილის თქმით, სწორედ ყოველდღიური გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. როცა მოქალაქე არ იღებს მონაწილეობას პროცესებში, ბუნებრივია, პრობლემები ვერ განისაზღვრება და ვერ გადაიჭრება ისე, როგორც ეს მათ აწუხებთ.

“კოდექსი პირდაპირ განმარტავს, რომ თვითმმართველობა ეს არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, რომ თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი საჭიროებები და ის საკითხები, რომელიც მას აწუხებს. ეს ვერ გაიგო ადგილობრივი ხელისუფლების ვერცერთმა ჩინოვნიკმა ამ ქვეყანაში ვერასდროს, რომ თვითმმართველობა არის მოქალაქე და არა ჩინოვნიკი, რომელსაც დროებით ქირაობენ არჩევნების დროს მოქალაქეები საკუთარი უფლებების, უფრო სწორად საკუთარი საჭიროებების გადასაწყვეტად. ამიტომაც გვაქვს რეალურად პრობლემები თვითმმართველობებში და ამიტომაც გვაქვს პრობლემები მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებით.”



ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში ერთ- ერთი მნიშვნელოვანი როლი მერის წარმომადგენლებს უკავიათ, თუმცა მაგდა პოპიაშვილის თქმით, ისინი ხშირად სათანადოდ ვერ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

“მერის წარმომადგენლების მთავარი მიზანი, საქმიანობის მთავარი სფერო და ფუნქცია არის ის, რომ მათ ერთი მხრივ მუნიციპალიტეტის სიახლეები მიიტანონ მოსახლეობამდე და მეორე მხრივ მოსახლეობის საჭიროებები მერიამდე, ხო, იმისთვის, რომ შემდეგ ამ საჭიროებების შესწავლა და გათვალისწინება ხდებოდეს. მაგრამ სამწუხაროდ მერის წარმომადგენლები ხშირად ამ ფუნქციას მოიკოჭლებენ და ვერ ასრულებენ ხოლმე. სამაგიეროდ გადასარევად ასრულებენ ხოლმე იმ ფუნქციას, რაც მათ საქმე საერთოდ არ არის - ვგულისხმობ არჩევნებს, ისევ და ისევ, როცა ისინი არაჩვეულებრივად ახერხებენ მმართველი პარტიისთვის ხმების მოგროვებას, მოქალაქეებზე ზემოქმედებას, ზეწოლას, ხშირად დაშინებას, ხშირად მოსყიდვას და ასე შემდეგ.” - ამბობს პოპიაშვილი.

ექსპერტების შეფასებით, გამოსავალი მერის წარმომადგენლების გაძლიერებასა და მათ მოსახლეობასთან კომუნიკაციაშია. რწმუნებული არ უნდა იყოს მხოლოდ „პოლიტიკური რგოლი“ და ის ხალხის ყოველდღიური ხმა უნდა გახდეს. პეტიციები, მონაწილეობითი ბიუჯეტი და საჯარო სხდომები არ უნდა იყოს მხოლოდ ფურცელზე დაწერილი უფლებები. ეს ის ინსტრუმენტებია, რომლითაც მოქალაქემ თავად უნდა მართოს საკუთარი სოფელი თუ თემი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები