განათლების რეფორმა: მისაწვდომობის რისკი ეთნიკური უმცირესობებისთვის
ქართული ოცნების მთავრობამ განათლების სისტემაში ახალი რეფორმები დააანონსა, რომლებიც როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო განათლებას ეხება. ერთ-ერთი ცვლილება ფაკულტეტების შემცირების პრინციპია, რომელიც პირობითად „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ მოდელს ეფუძნება.

ამ მიდგომის მიხედვით, შესაძლოა კონკრეტული მიმართულებები მხოლოდ ერთ ქალაქში დარჩეს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ იურიდიული ფაკულტეტი ფუნქციონირებდეს, ხოლო იგივე პროგრამა სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაუქმდეს. ან ჰუმანიტარული მიმართულება მხოლოდ

ქუთაისში იყოს ხელმისაწვდომი და სხვა ქალაქებში აღარ ისწავლებოდეს.

სტუდენტების შეფასებით, მსგავსი ცვლილება განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეუზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას. მათთვის, ვისაც სხვა ქალაქში გადასვლის შესაძლებლობა არ აქვს, არჩევანი მნიშვნელოვნად ვიწროვდება. მაგალითად, მარნეულში მცხოვრები სტუდენტებისთვის თბილისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე შედარებით ხელმისაწვდომია და ბევრს სწავლა ისე შეუძლია, რომ დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლა არ უწევს.

ერთ-ერთი ასეთი სტუდენტია აითექინ ქერიმოვა, რომელიც თსუ-ში ეთნიკური უმცირესობებისათვის განკუთვლილ პროგრამით ჩაირიცხა და ახლა მოსამზადებელ კურსზე სწავლობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მხოლოდ სახელმწიუფო ენის შესწავლას ეუფლება. სასურველ ფაკულტეტს კი ერთი წელის შემდეგ აირჩევს. აითექინი ფიქრობს რომ მისთვის სასურველი პროგრამა პირობითად ქუთაისში განთავსებულიყო, იქ სწავლას ვერ შეძლებდა, რაც არჩევანის თავისუფლებას შეუზღუდავდა და იძულებული გახდებოდა, განათლება არასასურველი მიმართულებით მიეღო.

„ჩემი აზრით, მაგალითად ქუთაისში სწავლა სერიოზულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. სიმართლე გითხრათ, თბილისში ჩამოსვლაც კი ადაპტაციის თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები, რადგან ის დამატებით პრობლემებს შექმნის. ჩვენ სოფლიდან ჩავდივართ თბილისში და დაბრუნება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ქუთაისიდან. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ასეთი ცვლილება ჩვენთვის და მომავალი სტუდენტებისტვის რთული იქნება“


იგივე სირთულეზე საუბრობს მოსამზადებელი კურსის კიდევ ერთი სტუდენტი მარნეულიდან.

„ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან ზოგიერთი ბავშვის მშობლები ან ოჯახის უფროსები არ მისცემენ ნებართვას, ასე შორს წავიდნენ სასწავლებლად. შედეგად, ბავშვი იძულებული გახდება აირჩიოს პროფესია, რომელიც არ სურს” -
ამბობს მოოსამზადებელი კურისის სტუდენტი.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ უკვე ჩარიცხული სტუდენტები სწავლას იმავე ფაკულტეტზე დაასრულებენ, სადაც ამჟამად სწავლობენ, ხოლო ცვლილებები 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შეეხება.

ამასთან, განათლების წარდგენილ ახალ რეფორმაში არაფერია ნათქვამი ეთნიკური უმცირესობების შესახებ. საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად რადიო „მარნეულმა“ განათლების სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართა და ჰკითხა, თუ რა პირობები გავრცელდება „1+4“ პროგრამის სტუდენტებისათვის, ექნებათ თუ არა სახელმწიფო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ 1+4 პროგრამის სტუდენტებს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, 2024–2025 სასწავლო წლისთვის გაიზარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოცულობა, ხოლო 2025–2026 სასწავლო წლისთვის აღნიშნული თანხა კვლავ გაორმაგდა.

ამასთან, სამინისტრო განმარტავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, 2026 წლიდან დაფინანსებას მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც სწავლის უფლებას სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე მოიპოვებენ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაფინანსება იზრდება, არ არის მკაფიო პასუხი, შეინარჩუნებენ თუ არა დაფინანსებას ის სტუდენტები, რომელთა არჩევანი რეფორმის შედეგად შესაძლოა შეზღუდული გახდეს.

შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის კვლავ ღიად რჩება კითხვა შეამცირებს თუ არა ახალი რეფორმა მათ რეალურ არჩევანს განათლებაში.
განათლების ექსპერტის, შალვა ტაბატაძის განმარტებით, რეფორმის შედეგებზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან გადაწყვეტილებების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ბუნდოვანია. ტაბატაძის განმარტებით, ყველაზე სერიოზული პრობლემა ხელმისაწვდომობის საკითხია, რომელიც რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გამწვავდება. მისი თქმით, ტერიტორიული პრინციპის ცვლილება და საგანმანათლებლო ჰაბის პირობითად ქუთაისში გადატანა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რეალურ ბარიერად შეიძლება იქცეს.

“ცოტა რთული არის რამის თქმა და პროგნოზირება იმიტომ, რომ სრულიად დაფარულია ინფორმაცია. მე მგონი თვითონაც არა აქვთ სრული ინფორმაცია. არ არის ინფორმაცია პროგრამების რაოდენობაზე, ჩასარიცხი სტუდენტების რაოდენობაზე და ასე შემდეგ. და საერთოდ არავინ არ ახსენებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და 1+4 პროგრამას. რომც ვივარაუდოთ, რომ იგივე ფორმატით გაგრძელდება 1+4, იგულისხმება პროპორციები, რომელიც არსებობს - თუმცა უმაღლესი განათლების კანონში, რომელიც მიიღეს, ამ მუხლთან დაკავშირებით არ ყოფილა ჯერ-ჯერობით ცვლილება. პროპორციები, რომელიც არსებობს სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ეს პროპორციები დიდი ალბათობით იქნება დარღვეული და ხელმისაწვდომობა რეალურად პრობლემა. დარღვეულში ვგულისხმობ შეიძლება დარჩეს 5-5 პროცენტი, რომელიც არსებობს, თუმცა ჩვენ რეალურად ვიცით, თუ როგორ ხდება და რომელ უნივერსიტეტებში ხდება ეთნიკური უმცირესობების რეალურად მობილიზება. ანუ ეს არის თბილისის უნივერსიტეტები. ერთის მხრიდან, ნუ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი, რომელიც მთლიანად ივსება. და ამ თვალსაზრისით ქუთაისის უნივერსიტეტში გადატანა ჰაბის - მნიშვნელოვან წილად შექმნის პრობლემას ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ტერიტორიული პრინციპიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ქუთაისის უნივერსიტეტი საერთოდ არ იყო ხოლმე სამიზნე ეთნიკური უმცირესობების. რაოდენობა ქუთაისის უნივერსიტეტში 1+4 პროგრამის გაიზარდა მხოლოდ კოვიდის პერიოდში, როდესაც ონლაინ სწავლებაც იყო შესაძლებელი და ამ პერიოდში მეტ-ნაკლებად იქ ჩარიცხული და მოხვედრილი სტუდენტები აგრძელებდნენ სწავლას. სხვა შემთხვევაში მათი რაოდენობა დიდი არ არის და შესაბამისად იგივე თელავის უნივერსიტეტიდან იქნება თუ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან, მათთვის ალტერნატივა ქუთაისი არ არის.” - ამბობს შალვა ტაბატაძე


ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეგიონული არჩევანის შეზღუდვის პირობებში, თბილისი კვლავ ერთადერთ რეალურ მიმართულებად დარჩება, თუმცა მაღალი კონკურენციის ფასად.

“ალტერნატივა ისევ იქნება თბილისი, სადაც კონკურენცია ერთის მხრივ იქნება მაღალი და მეორეს მხრივ ჩვენ ვიცით, განსაკუთრებით სომხურენოვან აბიტურიენტებში ზრდა 1+4 პროგრამაში იყო მათი მონაწილეობის, თუმცა იმდენად მკვეთრი არ იყო, როგორც მაგალითად აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში. და ამას მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის ტერიტორიული პრინციპი, როდესაც სამცხე-ჯავახეთი დაშორებულია თბილისისგან, ხოლო თვითონ სამცხე-ჯავახეთში, თუ ზუსტად მახსოვს ეხლა 36 ადგილი იყო და მუდმივად ივსებოდა ეს 36 ადგილი - ანუ ადგილზე ტერიტორიულ პრინციპს აქვს დიდი მნიშვნელობა ფინანსური თვალსაზრისით და ამიტომ ან აღარ ირჩევდნენ უმაღლეს სწავლის გაგრძელებას, ან მიდიოდნენ სომხეთში, რაც თავისთავად ამ ჯგუფისთვის შეამცირებს მნიშვნელოვან წილად ხელმისაწვდომობას. რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, განათლების სპეციალისტი განმარტავს, რომ ერთწლიანი პროგრამები აქ ყოველთვის შეზღუდულად იყო წარმოდგენილი. მათი მთავარი ფუნქცია სავალდებულო იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ამიტომ კერძო უნივერსიტეტებში „1+4“ პროგრამის გავრცელება ბუნებრივად პრობლემური იყო. რამდენიმეს ჰქონდა მხოლოდ მცირედით წარმოდგენილი, იგივე კავკასიის უნივერსიტეტს სურდა ამ პროგრამის ამუშავება და აკრედიტაციაც მიიღო, თუმცა იმიტომ, რომ სახელმწიფო უკვე ამ მიმართულებებს არ აფინანსებდა, ამიტომ კერძო უნივერსიტეტებში 1+4 პროგრამის გავრცელება ისედაც პრობლემური იყო და ძირითადად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ვრცელდებოდა. ამიტომ ნუ ამ თვალსაზრისით დიდ ცვლილებებს ვერ ველოდები, ანუ ეს პროგრამა კერძო უნივერსიტეტებზე ნაკლებად იყო ორიენტირებული. თუმცა რა იქნება კერძო უნივერსიტეტებთან მიმართებაში და როგორ მოახდენენ ისინი სტუდენტების ჩარიცხვას, ესეც საკმაოდ ბუნდოვანია, იმიტომ რომ მათაც არ იციან როგორი იქნება ზუსტად გადანაწილება ჯერ-ჯერობით სახელმწიფო უნივერსიტეტებში და იქიდან გამომდინარე მათ უნდა აირჩიონ და მოერგონ შესაბამისი სტრატეგიით არსებულ ვითარებას, იმიტომ რომ ვიცით რომ სახელმწიფო დაფინანსება უკვე საერთოდ აღარ მიდის კერძო უნივერსიტეტებში, თუ ადრე გრანტის სახით მიჰქონდათ სახელმწიფო დაფინანსება, ეს სახელმწიფო დაფინანსებაც მოუხსნათ.” - ამბობს შალვა ტაბატაძე

ტაბატაძის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები ვერ ჩაითვლება ნამდვილ რეფორმად ის, ძირითადად, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მისი შეფასებით, მიუხედავად უფასო სახელმწიფო უნივერსიტეტების რიტორიკისა, რეალურად ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს. განსაკუთრებით დაზარალდება რეგიონებში მცხოვრები სტუდენტები და ის ჯგუფები, რომელთა სოციალური მდგომარეობა დაბალია.

“ეს არის რეალურად პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც ემსახურება პოლიტიკურ და საფინანსო ელიტას და მათ ინტერესებზეა მორგებული. და პრობლემები გააჩნია ყველა მიმართულებით. ხელმისაწვდომობის მიმართულებაზე ვილაპარაკეთ ეთნიკური უმცირესობების ჭრილში, პრობლემა ექმნება ძალიან ბევრ ჯგუფს, განსაკუთრებით იმ ჯგუფებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში და არიან დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, იმიტომ რომ აქ მნიშვნელოვან წილად იზღუდება ადგილების რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტში და სახელმწიფო არ დააფინანსებს იმაზე მეტ სტუდენტს ვიდრე აფინანსებდა დღევანდელ დღემდე. ფაქტობრივად გვექმნება ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი ყოველგვარი არჩევანის შესაძლებლობების გარეშე და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსებას ვერ წაიღებენ კერძო უნივერსიტეტებში და ნუ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება ხარისხის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ კონკურენციის არარსებობის პირობებში, იმ პირობებში როდესაც საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობა არ ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ეს პირდაპირ დაარტყამს ხარისხს.”

შალვა ტაბატაძის თქმით, ეს ცვლილებები უმთავრესად პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არა სისტემურ საგანმანათლებლო მიზნებს. მისი შეფასებით, რეფორმა მკვეთრად ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას და აკადემიურ თავისუფლებას, რაც პირდაპირ აისახება სასწავლო პროცესსა და სტუდენტების შესაძლებლობებზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები