ადრეულ ასაკში ქორწინება, სოციალური შეზღუდვები, შეძენილი პროფესია – ლამია გარიბოვას სამკერვალო გზა
16:59 / 19.02.2026
„მართალია, სტერეოტიპები არსებობს, მაგრამ მე უკვე დიდი
ხანია მათ ყურადღებას აღარ ვაქცევ“, – ამბობს ქალი,
რომელმაც ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი და წლების შემდეგ, ორი შვილისა
და მცირეწლოვანი შვილიშვილის გვერდით, აისრულა ბავშვობის ოცნება
გამხდარიყო მკერავი.
45 წლის ლამია გარიბოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში
ცხოვრობს. იგი მკერავად მუშაობს. ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა
სამკერვალო საქმის მიმართ. მისი დედა და
დეიდაც მკერავები იყვნენ, რის
გამოც ამ სფეროს უფრო ახლოს გაეცნო. თუმცა, 16 წლის ასაკში ოჯახის
შექმნის გამო ვერ შეძლო ამ მიმართულებით განვითარება. მას ოჯახზე
ზრუნვა და ორი შვილის აღზრდა უწევდა. ქორწინებიდან წლების შემდეგ
გადაწყვიტა, პროფესიონალურად დაუფლებოდა საქმეს, რომელიც ბავშვობიდან
უყვარდა. 40 წლის ასაკში ჩაირიცხა კოლეჯ „მოდუსში“ და ტანსაცმლის
წარმოების მიმართულებით მიიღო განათლება.
ამჟამად რუსთავში აქვს საკუთარი სამკერვალო/სახელოსნო, სადაც
შეკვეთებს იღებს. მკერავის თქმით, სახელოსნოს გახსნამდე შეკვეთებს
სახლში ამზადებდა.
„ზოგჯერ ერთ კაბას 5 საათში ვკერავ, ზოგჯერ კი 15 საათიც
მჭირდება. ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო თანამედროვე და
ინდივიდუალურ მოდელებს ითხოვენ. უპირატესობას ანიჭებენ როგორც ქართულ,
ისე აზერბაიჯანულ ეროვნულ სამოსს“.
გარიბოვამ აზერბაიჯანული ეროვნული სამოსიდან ერთ-ერთი მირზა ფათალი
ახუნდოვის მუზეუმის ხელმძღვანელისთვის, ლეილა ალიევასთვის შეკერა. მან
ეს სამოსი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასვლისას მოირგო.
სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა მკერავის ცნობადობის კიდევ უფრო
გაზრდა.
გარდა ამისა, გარიბოვას ხელნაკეთი ნამუშევრები არაერთ გამოფენაზე იყო
წარმოდგენილი. მისი შეკერილი ტანსაცმელი გამოქვეყნდა ამერიკის ცნობილ
მოდის ჟურნალ „Vogue“-შიც. ეს სამოსი ამერიკელი
დიზაინერის, რევა ოჩუბას „Ifeoma“-ს კოლექციის
ნაწილი იყო. ტანსაცმელი საფრანგეთში გაიგზავნა, ხოლო პროფესიონალური
ფოტოსესია პარიზში გაიმართა. შედეგად, ლამიას მიერ შეკერილი ორი
სამოსი „Vogue“-ის საზაფხულო ნომერში მოხვდა.
„ძალიან მიხარია, როცა ჩემს ნამუშევრებს ფესტივალებზე,
ჟურნალებსა და პროექტებში ვხედავ. სიმართლე რომ ვთქვა, მეც გამიგონია,
როგორ ამბობენ – “ამ ასაკში სწავლა რა არის”. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ
სწავლას ასაკი არ აქვს. ადამიანი უნდა ვითარდებოდეს. ის გზა უნდა
აირჩიოს, რომელსაც სწორად მიიჩნევს“.
ლამია ამბობს, რომ ოჯახსა და სამსახურს შორის ბალანსის შენარჩუნება
რთულია. მისი თქმით, ყველაფერს მხოლოდ დაგეგმვისა და დროის სწორად
განაწილების შემთხვევაში ახერხებს. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ
ყოველი ქალი ნიჭიერია და აუცილებელია, რაიმე პროფესიას დაეუფლოს.
გენდერის საკითხების სპეციალისტმა ნონა სამხარაძემ რადიო “მარნეულთან”
ისაუბრა ქალების განათლების როლსა და მათი შრომის შესახებ. ნონა 2010
წლიდან ქალთა თემებზე მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ
საჭიროა იმის დამტკიცება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალების
განათლება და მათი ეკონომიკური გაძლიერება.
„შემიძლია ვთქვა, რომ ქალების განათლების კუთხით
მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა კვლავ ისმის კითხვები –
“სჭირდება თუ არა ქალს განათლება?’ და ‘რატომ არის მნიშვნელოვანი მისი
ეკონომიკური გაძლიერება?’. სხვა საზოგადოებებში ასეთი კითხვები
საერთოდ არ არსებობს – იქ ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს.
ბუნებრივია, ქალები და კაცები ერთად, მეტ-ნაკლებად თანაბრად იღებენ
განათლებას და ეს თემა განხილვის საგნად არ იქცევა. ამასთანავე, ბევრ
განვითარებულ საზოგადოებაში ქალები და კაცები ეკონომიკურ საქმიანობაში
თანაბრად არიან ჩართულნი. განათლება ადამიანს აძლევს თვითრეალიზაციის,
საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, საზოგადოებრივ პროცესებში
თანაბრად მონაწილეობისა და სხვა ადამიანებთან კონკურენციის
უნარს“.
ნონა იხსენებს შემთხვევას, როდესაც წლების წინ ერთ-ერთი სკოლის ეზოდან
გოგო მოიტაცეს. აღნიშნავს, რომ გოგო ძალიან ნიჭიერი იყო, გეგმავდა
განათლების გაგრძელებას და პროფესიის შეძენას, მაგრამ ის დღეს
დიასახლისია.
“მისმა დამ განათლება მიიღო და საკმაოდ რეალიზებულ, ძლიერ
ადამიანად ჩამოყალიბდა. ის გოგონა ხშირად ამბობს, რომ დისგან
განსხვავებით, თავს არც ისე ძლიერად და განათლებულად გრძნობს.
სამწუხაროდ, განათლების მიღების შეუძლებლობამ და ადრეულ ასაკში
ქორწინებამ მას შესაძლებლობები წაართვა. ეს აჩვენებს, რომ ვერავინ
იცის, საბოლოოდ რა პროფესიის დაუფლება შეეძლო მას და რამდენად
შეძლებდა გაძლიერებას. მე ვფიქრობ, რომ მას შანსი წაართვეს და
საზოგადოებაში თანაბარი კონკურენციის შესაძლებლობა
დაკარგა“.
სამხარაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქალი ოჯახში და საზოგადოებაში
ძალადობის თვალსაზრისით უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება და
ეკონომიკური დამოუკიდებლობა მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მისი
თქმით, ძალადობის თავიდან ასაცილებლად და პირველ რიგში საკუთარი თავის
დასაცავად, ქალს სჭირდება განათლება, პროფესია და სამუშაო. ამ
ყველაფრის მისაღწევად კი აუცილებელია ეკონომიკური გაძლიერება, ხოლო
განათლების არქონა ამ შესაძლებლობებს სერიოზულად ზღუდავს.
საქართველოში გენდერისა და ქალთა დასაქმების საკითხებზე მრავალი
კვლევა არსებობს. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით,
საქართველოში მამაკაცების დასაქმების დონე ქალებთან შედარებით უფრო
მაღალია. 2020 წელს ქალებსა და კაცებს შორის დასაქმების მაჩვენებლების
გენდერულმა სხვაობამ 15,6 პროცენტი შეადგინა.
გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ორგანიზაციის
(UN Women) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქალები
კვირაში საშუალოდ 45 საათს უთმობენ საოჯახო საქმეებს, ხოლო კაცები –
15 საათს.
„ქალების 49 პროცენტი უმუშევრობის მთავარ მიზეზად ოჯახურ
საქმეებზე პასუხისმგებლობას ასახელებს. ოჯახში ბავშვების არსებობა
უკავშირდება ქალების ეკონომიკური მონაწილეობის შემცირებას და ამავე
დროს, კაცების შრომით ბაზარზე მონაწილეობის ზრდას. გარდა ამისა,
აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების,
ბაგა-ბაღებისა და საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობის გამო,
ქალები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან დატოვონ შრომითი ბაზარი,
შემდგომში უფრო მეტ სირთულეს აწყდებიან მასში დაბრუნებისა და
სამსახურის პოვნის პროცესში. შედეგად, ისინი დიდხანს რჩებიან
უმუშევრად და თუ ოფიციალურად არ არიან დასაქმებულნი, უფრო მაღალია
მათი ეკონომიკურად არაქტიურ კატეგორიაში მოხვედრის
ალბათობა“, – ნათქვამია კვლევაში.
საქართველოს შრომით ბაზარზე ქალებისა და კაცების მიერ დასაქმებული
პროფესიებისა და სფეროების მიხედვით საშუალო დონის სეგრეგაცია
არსებობს. შრომით ბაზარზე ქალთა მონაწილეობის მთავარი ბარიერი შრომის
გენდერული განაწილებაა.