დახურული ორგანიზაციები, შეზღუდული ინფორმაცია და შეჩერებული განვითარება - რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები მარნეულში
16:40 / 11.07.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის
ამოქმედების შედეგად მარნეულის მოსახლეობას აღარ ექნება თავისუფალი
სივრცე დისკუსიების გამართვისთვის,
ძალადობა გამოვლილი ქალები ვეღარ მიიღებენ დახმარებას,
აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტები ვეღარ შეძლებენ ეროვნული
გამოცდებსათვის უფასოდ მომზადებას და მათ აღარც გამოცდებისათვის
რეგისტრაციაში დაეხმარებიან. მარნეულში შეიზღუდება ყველა
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის მუშაობა, რომელიც „ქართულ
ოცნებას“ არ მოეწონება.
სოფელები ხულდარა და მოლაოღლი მარნეულიდან 30 კილომეტრის დაშორებით,
სომხეთის საზღვართან მდებარეობს. აქ ახალგაზრდებს ნაკლებად ჰქონდათ
შესაძლებლობა ქართული ენის შესწავლისა და საქართველოში სწავლის
გაგრძელებისათვის, რის გამოც ორმა მასწავლებელმა სათემო ცენტრის
დაფუძნება და ბავშვებისათვის ეროვნული გამოცდებისათვის უფასო
მომზადების სერვისის შექმნა გადაწყვიტეს. „ახალი აზროვნების
ინსტიტუტი“ სოფელ ხულდარაში ევროპელი დონორებისაგან მიღებული
დაფინანსებით შეიქმნა. დაიწყეს სოფლის განვითარებისათვის მუშაობა -
გადაამზადეს ქალები ეკონომიკური გაძლიერებისათვის, სოფელში მოაწყვეს
სკვერი, მოქალაქეებს ეხმარებიან საჯარო სტრუქტურებთან კომუნიკაციაში,
ახალგაზრდებს აწვდიან არაფორმალურ განათლებას და რაც მთავარია,
აბიტურიენტებს ეხმარებიან გამოცდებისათვის მომზადებაში, რეგისტრაციაში
და უნივერსიტეტების არჩევაში.
ყველა სერვისს სათემო ორგანიზაცია მოქალაქეებს უფასოდ აწვდის, რადგან
თავად დაფინანსებას სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციებიდან იღებს. აღნიშნულ სერვისს სადახლოს თემის მოსახლეობას
არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აწვდის. „ქართული
ოცნების“ მიერ მიღებული რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი
მოქალაქეებმა შესაძლოა ამ სერვისებზე წვდომაც დაკარგონ.
„როგორც ყველა საქართველოში მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაცია, ჩვენც ველოდებით იმ პროცესებს კანონთან დაკავშირებით,
მაგრამ ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია ამასთან
დაკავშირებით. რადგან, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, მითუმეტეს
გამოცდები გვიახლოვდება, ვნერვიულობთ. მაგრამ, ჩემი აზრით, თუ
მომდევნო წლიდან მხარდამჭერს თუ ვერ ვიპოვით, ან ისეთი გარემო
შეიქმნება სადაც ვერ ჩავატარებთ ამ პროექტს, ძალიან ბევრ რესურსს
დაკარგავენ აბიტურიენტები და ასევე ახალგაზრდები“ -
ამბობს „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ თანადამფუძნებელი არიზ
დაშდამიროვი.
აბიტურიენტებისის მომზადებისა და რეგისტრაციაში დახმარების პროგრამა
ორგანიზაციამ 2018 წლიდან დაიწყო. 6 წლის განმავლობაში მათ 200-ზე
მეტი აბიტურიენტი გადაამზადეს უნარების გამოცდისათვის.
„ვერ გეტყვით ზუსტ ციფრს, თუ რამდენმა აბიტურიენტმა
გაიარა პრეტესტები ეროვნულებისთვის, რადგან ეს ციფრი ძალიან მაღალია.
საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტს შეუძლია
ჩვენი პრეტესტების გავლა“.
ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონის ამოქმედების
შემთხვევაში მარნეული დაკარგავს თავისუფალ სივრცეს „მარნეულის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ სახითაც. დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრი 12 წელია მარნეულში ფუნქციონირებს და მოქალაქეებს, პოლიტიკურ
პარტიებს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევს სივრცეს,
სადაც მარნეულისათვის საჭირო თემებზე დისკუსიისა და შეხვედრების
გამართვა არის შესაძლებელი.
ბიუჯეტის საჯარო განხილვა პირველად სწორედ დემოკრატიული ჩართთულობის
ცენტრში მოხდა. პირველად დაიწყო შეხვედრების ორგანიზება რომელსაც
თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მარნეულის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის, მარიამ სამხარაძის
თქმით, ცენტრში ყოველთვიურად 15 შეხვედრა ტარდება და 300-მდე
მარნეულელი ღებულობს მათ სერვისს.
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ამ ეტაპზე აგრძელდებს
მუშაობას და მარნეულელებს კვლავაც სთავაზობს სხვადასხვა სახის
სერვისს, თუმცა რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში ისინი
დაიხურებიან.
რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში მარნეულში მუშაობას შეწყვეტს
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებაც“. ორგანიზაცია, რომელიც
მარნეულში მუშაობს ქალთა უფლებებზე, ეხმარება ძალადობა გამოვლილ
ქალებს განათლების მიღებასა და სამსახურის პოვნაში, მუშაობს
მუნიციპალური ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და შშმ პირთა
სერვისების განვითარებასა და სხვა თემებზე, რომლებიც
მარნეულელებისათვისაა აქტუალური.
„მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ უკვე 18 წელია მუშაობს და ის
იყო პირველი ორგანიზაცია, რომელმაც მუნიციპალიტეტში სკოლამდელი
მზაობის ცენტრები შექმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ოლგა ენდელაძეა.
ამბობს, რომ კანონის პირობებში ორგანიზაციას ძალით მოუწევს ე.წ
„აგენტების“ რეესტრში დარეგისტრირება, მაგრამ ისინი მუშაობას
შეწყვეტენ და დაიხურებიან.
2011 წელამდე მარნეულში სკოლამდელი მზაობის არც ერთი ცენტრი არ
არსებობდა. ოლგა იხსენებს რომ, არ არსებობდა კანონი, რომელიც
ბავშვების სკოლამდელ განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, ხოლო
ადგილობრივ თვითმმართველობაში არავის ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა
მდგომარეობაში იყო საბავშვო მუნიციპალიტეტში.
„იმ დროისთვის მე თავად ვიყავი დედა, რომელსაც ჰყავდა
ბავშვები და რა თქმა უნდა, პირადად მეხებოდა ეს თემატიკა და
აღმოვაჩინე, რომ პრობლემა არა მხოლოდ იმაშია, რომ ეს ჩემი პირადი
პრობლემაა, არამედ ის აწუხებს ყველას და არის საზოგადოებრივი
პრობლემა. აწუხებს ყველა ოჯახს, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები
არიან. როდესაც დავიწყეთ ეს კამპანია, შევიმუშავეთ საკმაოდ სერიოზული
პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებდა როგორც ხელმისაწვდომობის ზრდას,
ასევე სტრატეგიულ ხედვას - ამაში იყო ჩართული სპეციალისტები,
სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების წარმომადგენლები და ა.შ.
პრობლემა ძალიან მრავალმხრივი იყო - იყო ინფრასტრუქტურის კომპონენტის
პრობლემა, სკოლამდელი დაწესებულებების ხელმისაწვდომობის პრობლემა,
აღჭურვილობის პრობლემა. ვცადეთ და მოვიყვანეთ სადონორო პროგრამები,
რომლებიც დაგვეხმარებოდნენ ამ დარგის
განვითარებაში“.
ოლგას ორგანიზაცია მარნეულში საბავშვო ბაღებისა და სასკოლო მზაობის
დაწესებულებების განვითარებისათვის 2011-2015 წლებში მუშაობდა. ოთხი
წლის განმავლობაში ორგანიზაციამ პოლონეთის, ესტონეთისა და იაპონიის
საელჩოების დახმარებით მარნეულში სრულიად გაარემონტა და აღჭურვა სოფელ
კაპანახჩის საბავშვო ბაღი - პოლონეთისა და იაპონიის მხრიდან გამოიყო
126 981 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 857 ლარი - სოფელ
აღმამედლოში შექმნა და გახსნა სკოლამდელი მზაობის ცენტრი და გაიხსნა 6
სკოლამდელი ცენტრი სოფელ ქესალოს, თაზაქენდის, კაჩაგანის, არაფლოს,
ჯანდარის და მარნეულის #6 საჯარო სკოლებში.
ოლგა თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის მიღება და ორგანიზაციების
„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ პირებად შერაცხვა
საზოგადოებაში ორგანიზაციების მიმართ ნდობის შემცირებას და მათ
დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ კანონი „გამჭვირვალობის“ მოტივით მიიღო,
ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რაში ხარჯავენ
ორგანიზაციები უცხოეთიდან მიღებულ გრანტებს. თუმცა გრანტის მიღების და
ხარჯვის პროცესი აქამდეც გამჭირვალე იყო და ამას კანონი ისედაც
არეგულირებდა. არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია და
სამოქალაქო სექტორი დარწმუნებულია, რომ კანონი მხოლოდ კრიტიკული აზრის
გაქრობას ისახავს მიზნად.
გრანტის მოსაპოვებლად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები საჯაროდ
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში განაცხადს აგზავნიან, რომელსაც თან
ერთვის ბიუჯეტი და სიტყვიერი აღწერილობა, თუ რასთან დაკავშირებით სურს
ორგანიზაციას მუშაობა და რამდენი ლარის დახარჯვას გეგმავს. განაცხადის
მიღების შემდგომ დონორი ორგანიზაციები იღებენ გადაწყვეტილებას გაიცეს
თუ არა აღნიშნული გრანტი. საჯარო კონკურსში გამარჯვების შემდეგ
ქართული მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია იწყებს პროექტის
განხორციელებას. დონორი ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში
გაწერილია ანგარიშის წარდგენის ვადები - შუალედური და საბოლოო
ანგარიშები. აღნიშნულ ანგარიშებში ასახულია ყველა ის აქტივობა, რაც
ორგანიზაციამ განახორციელა და ასევე თანხები, რისი დახარჯვაც მას
პროექტის ფარგლებში მოუწია. ფინანსური ანგარიშგება მოიცავს როგორც
ხელშეკრულებებს, ასევე საგადასახადო ვალდებულების დაფარვის
ანგარიშგებას. დონორი ორგანიზაცია დიდ ყურადღებას აქცევს საგადასახადო
ვალდებულების კეთილსინდისიერ შესრულებას. დამატებით,
მედიაორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება კვარტალში ერთხელ კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში წარადგინოს ინფორმაცია ნებისმიერი შემოსავლისა და
ხარჯების შესახებ და გაასაჯარაონ აუდიტორული დასკვნა ფინანსური
ანგარიშგების შესახებ.
„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული
კანონი 28 მაისს მიიღო. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს
გაუჩნდათ ვალდებულება დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოური გავლენის
მატარებელი“ ორგანიზაციები, ხოლო იმ ორგანიზაციების დაჯარიმება,
რომლებიც რეესტრში საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდებიან სექტემბრიდან
დაიწყება.
ევროკავშირი წლებია საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო სექტორს
აფინანსებს, რათა ქვეყანაში შეიქმნას დემოკრატიული სტრუქტურები და
საქართველომ უფრო ადვილად შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანება. 2019-24
წლებში ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას 517,82 მილიონი ევრო
გამოუყო, სამოქალაქო საზოგადოება 46,1 მილიონით, ხოლო კერძო სექტორი
6,1 მილიონით დააფინანსა. საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირიდან
გამოყოფილი თანხის უმეტესობა, 111,55 მილიონი ევრო, რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი
თვითმმართველობებისათვის გამოიყო, 101,40 მილიონი ევროთი დაფინანსდა
ფინანსთა სამინისტრო, 62,75 მილიონი ევრო მიიღო თავდაცვის
სამინისტრომ, 57 მილიონი გარემოს დაცვის სამინისტრომ, თანხები ასევე
გადანაწილდა სხვადასხვა სამინისტროებზეც.
საქართველოში რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანა
დაკარგავს თავისუფალი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს
ნაწილს, რაც თავის მხრივ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების
განვითარებას შეაფერხებს. რუსული კანონის ამოქმედება ხელს უშლის
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - ევროკავშირის ელჩმა
საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესის უკუსვლასა და დაფინანსების შეჩერებაზე ისაუბრა
და განაცხადა, რომ „ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანება შეჩერებულია“.