როგორ მუშაობს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა - სიახლე რომელიც მარნეულელებს არჩევნებზე დახვდება
13:37 / 17.07.2024
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას
ნახევრად ელექტრონული ფორმით მისცემს.
საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობას ახალი ტექნოლოგიები
დახვდება - რეგისტრაციისა და ამომრჩევლის იდენტიფიცირების აპარატი და
ხმის დამთვლელი ელექტრონული ყუთი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამომრჩეველთა თითქმის 90% ხმას
ახალი ელექტრონული სისტემებით მისცემს, აღნიშნული სისტემით არჩევანს
მარნეულში მოქალაქეთა მხოლოდ ნახევარი გააკეთებს. N22 მარნეულის
საოლქო საარჩევნო კომისიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მარნეულში
წელს 81 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი, ახალი ელექტრონული სისტემით
კი არჩევნები მხოლოდ 41 უბანში ჩატარდება.
ეს უბნებია: ქალაქ მარნეულში N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 უბნები;
N9 უბანი სოფელ შაუმიანში; N10 უბანი სოფელ ახკულაში; N12 უბანი სოფელ
საბირკენდში; N13 უბანი სოფელ თაზაკენდში; N14 უბანი სოფელ
აზიზკენდში; N15 უბანი სოფელ ალგეთში; N16 უბანი სოფელ ალგეთში; N17
უბანი სოფელ ალგეთში; N21 უბანი სოფელ თამარისში; N26 უბანი სოფელ
წერეთელში; N27 უბანი სოფელ საიმერლოში; N28 უბანი სოფელ ბაილარში;
N39 უბანი სოფელ ალგეთის მევენახეობის მეურნეობაში; N40 უბანი სოფელ
დოლისყანაში და ქუთლიარში; N41 უბანი სოფელ დიდ მუღანლოში; N48 უბანი
სოფელ ყიზილ-აჯლოში; N49 უბანი სოფელ ყიზილ-აჯლოში; N50 უბანი სოფელ
ყიზილ-აჯლოში; N51 უბანი სოფელ ყულარში; N52 უბანი სოფელ დაშტაფაში;
N54 უბანი სოფელ მარადისში; N55 უბანი სოფელ მარეთში; N56 უბანი სოფელ
არაფლოში; N57 უბანი სოფელ ზემო სარალში; N58 უბანი სოფელ ქვემო
სარალში; N59 უბანი სოფელ იმირში; N65 უბანი სოფელ ალავარში; N75
უბანი სოფელ ახლომახმუდლოში; N76 უბანი სოფელ ქვემო ყულარში; N79
უბანი ქალაქ მარნეულში; N80 უბანი სოფელ ყიზილ-აჯლოში; N81 უბანი
სოფელ ბაიდარში.
ვერიფიკაციის აპარატი - ახალმა ვერიფიკაციის აპარატმა ჩაანაცვლა
მატერიალური სახის სამაგიდო სიები. რაც ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის
იდენტიფიცირება მოხდება ელექტრონულად.
ხმის მთვლელი აპარატი - ხმის დამთვლელ აპარატში ჩატვირთული პროგრამის
მეშვეობით აპარატი კითხულობს კონკრეტული საარჩევნო უბნის ბიულეტენზე
დატანილ ინფორმაციას, აღირცხავს ყუთში მოთავსებულ ბიულეტენებს,
საარჩევნო სუბიექტების მიღებულ ხმებს და ბათილი ბიულეტენების
რაოდენობას.
„ვერიფიკაციის აპარატი წარმოადგენს ელექტრონულ
საშუალებას, რომელსაც აქვს სენსორული ეკრანი. მისი კორპუსის მარცხენა
მხარეს განთავსებულია MR-ზე წამკითხველი, რომელის საშუალებითაც,
აპარატი კითხულობს საქართველოს ID ბარათზე დატანილ ინფორმაციას და
ახდენს მის იდენტიფიცირებას. ვერიფიკაციის აპარატები მუდმივად,
განახლებად რეჟიმში, აღიცხავენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა
შესახებ მონაცემებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი
რეგისტრატორის მიერ ვერიფიცირებული ამომრჩევლის მონაცემები აისახება
ვერიფიკაციის ყველა აპარატში“. - აღნიშნულია ცენტრალური
საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ სასწავლო ვიდეოში
საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველი პირველ რიგში ნაკადის
მომწესრიგებელთან გადის მარკირების შემოწმებას, შემდგომ ამომრჩეველი
გადაინაცვლებს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან - ძველი სისტემის
შესაბამისად, მარკირების შემდეგ ამომრჩეველი იმ რეგისტრატორთან
მიდიოდა, რომელსაც მისი გვარის მიხედვით ჰქონდა სარეგისტრაციო
ფურცელი. ამომრჩეველი რეგისტრატორს აწვდის მის პირადობის
დამადასტურებელ მოწმობას ან პასპორტს, რის შემდეგაც რეგისტრატორი
ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამოწმებს ამომრჩევლის ვინაობას.
ვინაობის დადასტურების შემდეგ ვერიფიკაციის აპარატზე ამოდის ქვითარი,
რომელსაც ამომრჩეველი აწერს ხელს და აგდებს პატარა, დახურულ, ყუთში.
ამის შემდეგ, რეგისტრატორი ამომრჩეველს უტარებს მარკირებას და აძლევს
ახალ საარჩევნო ბიულეტენსა და კონვერტს.
ახალ საარჩევნო ბიულეტენზე მოქალაქეებმა არჩევანი წრის გაფერადებით
უნდა გააკეთონ. ახალი ხმის დამთვლელი აპარატები მხოლოდ იმ ბიულეტენებს
წაიკითხავენ, სადაც არჩევანი კანდიდატის გვერდით არსებული წრის
გაფერადებითაა დაფიქსირებული.
ბიულეტენზე მოქალაქეებს საცდელი წრის გაფერადების შესაძლებლობაც
ექნებათ, რათა კარგად გაიგონ, თუ როგორ უნდა დააფიქსირონ
არჩევანი.
ბიულეტენის მიღების შემდგომ ამომრჩეველი გადაინაცვლებს ფარული ხმის
მიცემის კაბინაში, შემოხაზავს მისთვის სასურველ კანდიდატს და
ბიულეტენს მოათავსებს კონვერტში. ხმის მიცემის კაბინიდან გამოსვლის
შემდგომ ამომრჩეველი ბიულეტენს მოათავსებს ხმის დამთვლელ აპარატში -
კონვერტი მრავალჯერადი გამოყენებისაა და ის რჩება საარჩევნო უბანზე -
ნახავს, რომ აპარატმა მისი ბიულეტენი მიიღო და დატოვებს საარჩევნო
უბანს.
„საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არ
ტარდება სრულად ელექტრონული ფორმით - ელექტრონული მოწყობილობები
გამოიყენება ორ კონკრეტულ პროცედურაში: პირველი, ამომრჩევლის
იდენტიფიცირების დროს (რათა დადგინდეს, რომ კონკრეტული ამომრჩეველი
ნამდვილად მიეკუთვნება კონკრეტულ უბანს, რაც ბიულეტენის გაცემის
წინაპირობაა) და მეორე - ხმების დათვლის დროს. კერძოდ, ამომრჩევლის
მიერ კონვერტში მოთავსებული შევსებული ბიულეტენი ამომრჩეველმა უნდა
მოათავსოს სკანერში, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შედეგების უფრო სწრაფ
დათვლას. მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიცირების აპარატი არ არის
დაკავშირებული სკანერთან (მთვლელთან), იმისთვის, რომ დაცული იყოს
ამომრჩევლის ხმის ფარულობა. ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევა
ნებისმიერი ფორმით - აკრძალულია საქართველოს
კანონმდებლობით“. - აცხადებს „ღია სივრცე კავკასიის“
გამგეობის წევრი თეონა მაჭარაშვილი
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ღია სივრცე კავკასიის“ გამგეობის წევრი
თეონა მაჭარაშვილი განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს
წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია საარჩევნო პროცედურბთან
დაკავშირებით.
„რაც შეეხება საფრთხეებს - მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა
წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია საარჩევნო პროცედურებისა და წესების
შესახებ მაგალითად, ცესკოს საინფორმაციო ვიდეოს მეშვეობით (რომელიც,
ქართულის გარდა, ხელმისაწვდომია როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ
ენებზე).
სხვადასხვა საკითხებს შორის, მოქალაქეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ
ბიულეტენის შევსების წესებს (მაგალითად, წელს მათ სრულად უნდა
გააფერადონ შესაბამისი წრე სასურველი კანდიდატის გასწვრივ). როგორც
აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით,
აუცილებელია დაცული იყოს ხმის ფარულობა - სხვა პრინციპებთან ერთად
(ამისთვის განსაზღვრულია, მაგალითად, ხმის მიცემის კაბინები, სადაც
ამომრჩეველი შედის მარტო, ავსებს ბიულეტენს, და მას კაბინაშივე,
ათავსებს სპეციალურ ჩარჩო კონვერტში, რომ არ ჩანდეს მისი არჩევანი),
ხოლო შემდგომ ათავსებს კონვერტს სკანერში (ხმის დამთვლელ
აპარატში)“. - აცხადებს თეონა მაჭარაშვილი
„ღია სივრცე კავკასიის“ გამგეობის წევრი აღნიშნავს, რომ სამართლიანი,
კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მნიშვნელოვანი და
აუცილებელია არჩევნების პროცესში არ შეფერხდეს დამკვირვებლებისა და
ჟურნალისტების მუშაობა.
„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელი რაშან
ზიადალიევი მიიჩნევს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში,
აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებთან, საკმარისი საინფორმაციო კამპანია
არ ჩატარებულა, რის გამოც მოქალაქეებს ნახევრად ელექტრონულ
არჩევნებთან დაკავშირებით ნდობა ნაკლებად აქვთ.
„ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა ნამდვილად
მნიშვნელოვანი სიახლეა და გარკვეულ დონეზე დიდი პროგრესიცაა, მაგრამ
როცა საქმე ეხება ეთნიკურ უმცირესობებს, ჩვენ ვიცით, რომ ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი და
ქვემო ქართლი, ყოველთვის ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს. მე ვფიქრობ,
რომ ერთ-ერთი პრობლემა არის ენის ბარიერი. როდესაც შევდივარ
კომუნიკაციაში მოსახლეობასთან ვხედავ, რომ უმეტესობა არ ფლობს
ინფორმაციას, ხოლო მათ, ვინც იციან რომ ელექტრონული ფორმით ჩატარდება
არჩევნები, არ იციან თუ რას ნიშნავს ის. მიუხედავად იმისა, რომ ცესკო
მუშაობს აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისათვის, ჩაწერეს
ვიდეოები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც და სუბტიტრებსაც ადებენ, ეს
არაა საკმარისი“.
ზიადალიევის განმარტებით, იმისათვის რომ ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენლებს ჰქონდეთ ნდობა ახალი ფორმატით ჩატარებულ არჩევნებთან
დაკავშირებით, საჭიროა მათ მიწეოდოს ინფორმაცია - ცენტრალურმა
საარჩევნო კომისიამ უნდა გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია, უნდა
ითანამშრომლოს ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან და
მოსახლეობას აუხსნას, თუ რას ნიშნავს არჩევნებში ელექტრონული
სისტემების გამოყენება.