მარნეულის დაკარგული ტურისტული პოტენციალი
მარნეულის მუნიციპალიტეტი ტურისტული კომპანიებისათვის მონახულების მარშრუტად თითქმის არასდროს განიხილება. ინტერნეტშიც ნაკლებად ნახავთ ტურებს მარნეულის შესახებ. ამის მიზეზი ბევრია. მათ შორის ღირსშესანიშნავი ადგილების არცოდნა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. მოგზაურთა კლუბ "ჯეო მეგზურის" ხელმძღვანელი ლევან ენუქიძე გვიყვება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი მის ტურებში მხოლოდ ერთი მიზეზით შედის. მაშინ, როდესაც ყაყაჩოების სეზონი იწყება.

“ზოგადად მარნეული საინტერესო ადგილია ტურიზმისთვის, არის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ბუნება,
თუნდაც ის რად ღირს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტშია აღმოჩენილი მსოფლიოში ყველაზე ძველი ღვინის წარმოების ნაშთები,თუმცა ფართო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. აკლია პიარი მარნეულს ტურიზმის მიმართულებით.შიდა ტურიზმში მარნეული ცნობილი ხდება მხოლოდ გაზაფხულზე,როცა ყაყაჩოების და გვირილების ველებზე ჩამოგვყავს ვიზიტორები.სხვა მხრივ დიდი მოთხოვნა არ არის მარნეულის მიმართულებით.”
- ამბობს ლევან ენუქიძე.

ლევან ენუქიძის მოსაზრებას იზიარებენ სხვა ტურისტული კომპანიებიც და ფიქრობენ, რომ მუნიციპალიტეტს ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მეტი ძალისხმევა სჭირდება. ცოტამ თუ იცის, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული საქართველო მარნეულიდან იწყება, სოფელ იმირის „გადაჭრილი გორით“. ისტორიული ძეგლის აღმოჩენამ არაერთი საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო, ეს რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა, ტექსტში ნახსენები არ იყო და გადაჭრილი გორა პოტენციური ტურისტისთვის თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.


ძვ.წ. IV საუკუნის გორანამოსახლარით ადგილობრივ თვითმმართველობაში ხშირად ამაყობენ და ტურისტული პოტენციალის უზარმაზარ შესაძლებლობაზე საუბრობენ, მაგრამ იმირის გადაჭრილ გორაზე კონსერვაციის გარდა, წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. საქართველოს მთავრობამ წელს 5 მილიონი გამოყო გადაჭრილი გორის რეაბილიტაციისათვის. 300 000-მდე ლარია გათვალისწინებული ობიექტამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისათვის.

„გადაჭრილი გორა“ ერთადერთი ადგილი არაა, რომელიც დამთვალიერებლების ყურადღებას მიიპყრობს. მარნეულში მცხოვრები ქართველების, აზერბაიჯანელებისა და სომხების კულტურა მუნიციპალიტეტს მრავალფეროვანს და მრავალკულტურულს ხდის.


„ოფრეთის ციხე“, „წერაქვის სამონასტრო კომპლექსი, მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი, გაგის ციხე, არმენ ჰოვანესიანის მუზეუმ-სტუდია - ეს ტურისტული ადგილების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ინფორმაციას წესით მარნეულის ცენტრში მდგარი ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მეშვეობით უნდა ვიღებდეთ, თუმცა 5 წლის წინ აშენებული ობიექტი დღესაც უფუნქციოა. მარნეულის მერიაში ამის მიზეზებზე ღიად არ საუბრობენ, პასუხის გაგებას მხოლოდ ოფიციალური წერით დაგვპირდნენ და ინფორმაციის მიღებას დღემდე ველით.

ტურიზმის ექსპერტი, თინათინ მოსიაშვილი გვეუბნება, რომ მარნეულს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა ვერ ნახავთ ქალაქში ვერაფერს, რამაც შესაძლოა ვიზიტორები გააჩეროს.

“ის, რითიც თავს ვიწონებთ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, როგორც წესი, კახეთში მიგვყავს ვიზიტორები ღვინის ტურებზე. არადა, რითაც დგინდება, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ეს არის სწორედ მარნეული. ნამდვილად კარგ ადგილას არის საინფორმაციო ჯიხური აშენებული და მე, რომ დავინახო, რომ ღიაა აუცილებლად გავჩერდები. ჩემთვის, როგორც ტურიზმის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხარეში ტურიზმი განვითარდეს. ამას სჭირდება ხელისუფლების დამოკიდებულებაც, გააზრებული. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება მოიგონონ რაღაცები, რის გამოც შეიძლება გააჩერონ ადამიანები და ჩვენ ასეთები გვაქვს და სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. Დაუშვათ ტურისტი ვარ, შეიძლება მარნეული ისე გავიარო, რომ არსად თვალში არ მომხვდეს, რისი ნახვაც შეიძლება იქ." - ამბობს თინათინ მოსიაშვილი



თინათინ მოსიაშვილი გვიყვება, რომ ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითად მარნეულში შესაძლოა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული განვიხილოთ.

ნავრუზის ტრადიციას გამოვყოფდი. შეიძლება მისი აღნიშვნა ისე, რომ ჩამოვიდეს სტუმარი და ნახოს. იმიტომ, რომ საკმაოდ საინტერესოდ აღინიშნება ხოლმე. ეს ისტორიული მემკვიდრეობაც, რომელიც იმდენად ისტორიული არ არის, მაგალითად , რასაც ღვინოზე ვამბობთ, მაგრამ, რაც ეს ადამიანები ცხოვრობენ შეიქმნა გარკვეული კულტურული მემკვიდრეობა. ამის გამოყენება არის კარგი. მარნეულში ისე შედიხარ და გამოდიხარ, რომ არსად არაფერი მხვდება , რაც მანიშნებს მარნეულში ტურიზმზე. რომ შევხედოთ , თეთრიწყარო გადმოვედი , კოდა გამოვიარე , შემოვედი მარნეულში და ისე გავედი ბოლნისისკენ , რომ არაფერმა მიმანიშნა მე , რომ აქ რამის ნახვაა შესაძლებელი” - თქვა თინათინ მოსიაშვილმა

სწორი დამენეჯმენტების პირობებში მარნეულის ტურისტული პოტენციალის გაზრდას უსვამს ხაზს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატალია ბახტაძე ენგლენდერი და განმარტავს, რომ ტურისტის მოსაზიდად აუცილებელია კვების ობიექტები არსებობა, ინფრასტრუქტურის გამართვა და ხალხის აქტიურობა, რომ ამის საჭიროებას ხედავდნენ. ფიქრობს, რომ მარნეულის დამატებითი პლუსი ის არის, რომ თბილისთან ახლოს მდებარეობს და ერთდღიანი ტურების დაგეგმვა სხვადასხვა მიმართულებებზე თავისუფლადაა შესაძლებელი.

“დიახ, მნიშვნელოვანია მარნეულისთვის, რომ ჰქონდეს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ობიექტი, თვისი კადრებით, თუმცა იმის უკან უნდა იდგეს ხალხი, რომელსაც უნდა ტურიზმის განვითარება, ხედავს მის საჭიროებას. მე მყოლია ბევრი სტუდენტი მარნეულიდან, ვინც ტურიზმზე სწავლობდა და ფიქრობდა, რომ იქ ადგილზე რაღაცები კი არ განევითარებინათ, რადგანაც ამბობდნენ, რომ ჩვენთან ეს არ აინტერესებთ. ვფიქრობ, რომ უნდა იაქტიუროს თვითონ საჯარო სამსახურებმა, რა შეიძლება განავითაროს ისე რომ უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს მუნიციპალიტეტს. ერთ-ერთი კარგი მაგალითია აგროტურისტული ობიექტების არსებობა”
- ამბობს ნატალია ბახტაძე ენგლენდერი.


ვიდრე მარნეულის ტურისტულ შესაძლებლობებზე, ფინანსურ გაძლიერებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვსაუბრობთ, არ გვაქვს ინფორმაცია რას გეგმავს ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით და უცნობია კიდევ რამდენ ხანს არ გაიხსნება ცენტრი, რომელმაც ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები საჭირო ინფორმაციაზე და მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზაზე უნდა იზრუნოს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123