ჯანმრთელობის დასაცავად შექმნილი სერვისები - არასამთავრობო ორგანიზაციების შედეგი თვითმმართველობაში
16:23 / 21.08.2024
„ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მარნეულის მუნიციპალიტეტში პირველი
ორგანიზაციაა, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
მუშაობა ამერიკის მხარდაჭერით დაიწყო.
ეს მაშინ, როდესაც მუნიციპალიტეტისათვის მსგავსი სტატუსის
ადამიანებთან მუშაობა სიახლე იყო, ამ პროცესში ორგანიზაციასთან ერთად
ჩართვა კიდევ უფრო ახალი. ყველაფერი 2013 წელს დაიწყო. ორგანიზაციის
აღმასრულებელი ხელმძღვანელი, გუნა ბიბილეიშვილი გვიყება, რომ რთული
პერიოდი გაიარეს, აწარმოვეს ადვოკატირების კამპანიები და მერია
სერვისების საჭიროებში დაარწმუნეს.
„გამოიკვეთა ის, რომ მუნიციპალიტეტს არც ინფორმაცია
ჰქონდა, არც მზაობა და გულწრფელად გითხრათ, იყო გარკვეული უნდობლობა.
არ დამავიწყდება, როდესაც მერი უკვე მზად იყო ამ პროგრამისთვის მხარი
დაეჭირა, გუნდის წევრებმა უთხრეს, რომ, რომ ვერ შეძლოს ამ
ორგანიზაციამ და გავიდეს მუნიციპალიტეტიდან, წარმოიდგინეთ, როგორ
უხერხულებაში აღმოვჩნდებით ჩვენ მერიის თანამშრომლებიო, იმიტომ, რომ
მშობლები უკვე განეწყობიან დაიწყება მუშაობა და ეს პირიქით უარყოფითად
აისახებაო. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი წერტილიდან დავიწყეთ მუშაობა.
იმისთვის, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტში გვემუშავა სამი პირობა გვქონდა.
ერთი იყო ხანგრძლივი პერსპექტივა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ერთი
თვით, ან ორ თვით, არამედ ეს უნდა ყოფილიყო გრძელვადიანი პროგრამა,
მეორე იყო პირობა ის, რომ ჩვენ ადგილობრივი კადრები უნდა
დაგვესაქმებინა და მესამე პირობა, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტის ფინანსური
მხარდაჭერა უნდა გამოეყენებინა, როგორც ბერკეტი. “ -
გვეუბნება გუნა ბიბილეიშვილი.
ორგანიზაციამ ფუნქციონირება 5 ბენეფიციარით დაიწყო. მარნეულის თითქმის
ყველა სოფელი კარადაკარის პრინციპით შემოიარეს და ოჯახებს დახმარება
შესთავაზეს. ცენტრს ახლა 100 -მდე ბენეფიციარი ჰყავს ჩართული დღის
ცენტრსა და ადრეული განვითარების პროგრამაში, რომელიც მარნეულის
მოსახლეობისათვის არის შეღავათი ქალაქიდან გაუსვლელად მიიღონ ის
სერვისები რაც მათ სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახის წევრებს 0-დან
7 წლამდე და 7-იდან 18 წლამდე სჭირდებათ.
ცენტრი სოფელ ყიზილაჯლოში, სკოლის ბაზაზე მუშაობს. გუნა ბიბილეიშვილი
ამბობს, რომ სევრისების სრულყოფილად მიწოდებაში მათ დონორების გარდა
ადგილობრივი თვითმმართველობა ეხმარება, მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად
გამოყოფს ფინანსურ დახმარებას, რომელმაც გასულ წელს 50 000 ლარი
შეადგინა. ბიბილეიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის ადვოკატირების
შედეგი, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ წლების განმავლობაში მიაღწიეს და
მუნიციპალიტეტთან თანადაფინანსების მექანიზმი აამოქმედეს.
“მართლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირნათელი არის ჩვენი გუნდი,
როგორც მუნიციპალიტეტთან, ისე თვითონ მოსახლეობასთან. ჩვენ მხოლოდ
მუნიციპალიტეტის თანხებით არ ვოპერირებთ. დღეს მუნიციპალიტეტის
დაფინანსებით მიმდინარეობს რემონტი, ასევე არის პოლონეთის მთავრობის
მხარდაჭერა, ჩვენთან პირველი სართული პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით
გარემონტდა. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერაც გვაქვს და ვაკეთებთ
ადგილზე ახალ სერვისს. სირთულეები იყო ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ასე
მარტივად შეგიძლია ჩამოაყალიბო რამე ერთ-ორ წუთში, მაგრამ მერე
განხორციელება მოითხოვს უზარმაზარ დროს, ენერგიას და ცოდნას. ჩვენ
ადვოკატირების კამპანია დავგეგმეთ იმგვარად, რომ რაც შეიძლება მეტი
მხარდამჭერი გვეპოვა. მხარდაჭერა იყო ეს, ვმუშაობდით სტრუქტურებთან და
კოლეგებთან” - გვიყვება გუნა ბიბილეიშვილი.
გუნას მსგავსად, პრობლემების მოგვარება ადვოკატირების გზით შეძლო
სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ხელმძღვანელმა, სამირა
ისმაილოვამ. ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ისეთ სერვისების
დანერგვაზე დაიწყო მუშაობა, რასაც მუნიციპალიტეტების დონეზე ნაკლები
ყურადღება ექცევა. ადვოკატირების გზით, ასობით ქალმა მოახერხა
რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა
საჭიროებები ბიუჯეტის დონეზეც ასახა. მათ შორისაა მარნეული. “მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა ვიცით, რომ ზოგადად არის
საკმაოდ რთული პროცესი. არ არიან ხოლმე საკმარისად ღიები, გახსნილები,
იმისთვის, რომ ღია დისკუსიები გვქონეს ამა თუ იმ თემაზე. მიუხედავად
ასეთი ზოგადი ფონისა, გვქონდა საკმაოდ ადეკვატური თანამშრომლობა,
იქამდე სანამ, რუსულ კანონს მიიღებდნენ უშუალოდ. ჩვენი ორგანიზაციის
ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რეპროდუქციული სერვისების შექმნა. ერთი
და ორი პატარა ცვლილება, ეს არის კარგი მაგალითი იმის, რომ აზრი აქვს
ყოველთვის სახელმწიფო ინსტიტუციებთან საუბარს, რადგან ჩვენ, როგორც
მოქალაქეებმა უნდა შევახსენოთ როლები, ვინ ვინ არის და ვინ ვის უნდა
ემსახურებოდეს. თუ ჩვენ, როგორც მოქალაქეები არ მოვთხოვთ, სამწუხაროდ,
ჩვენს სახელმწიფოში ისეა, რაღაცები მოწყობილი, რომ ხელისუფლებები
არასდროს ზრუნავენ მოქალაქეების რეალური ინფორმირებისა და განათლების
მხრივ, რომ როგორ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციები კარგად
გამოიყენონ. როცა არ იცი რაღაცა, შესაბამისად, არავის არ აწუხებ და
ნაკლები სამუშაო გაქვს. ამიტომ ამით არ წუხდებიან, რომ გაანათლონ
მოსახლეობა და ინფორმაცია მიაწოდონ” - თქვა სამირა
ისმაილოვამ.
სამირა გვიყვება, რომ მარნეულის მერიამ ბიუჯეტში რეპროდუქციული
ჯანმრთელობის მიმართულებით წელს 7 000 ლარი გამოყო.
თვითმმართველობებში თანხა ათვისებული არაა, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ
შესაძლებლობებს მუნიციპალიტეტები არ “გაყინავენ”. ფიქრობს, რომ ხშირად
რეალური ცვლილებები სწორედ ადვოკატირების გზით, სხვადასხვა უწყებებთან
კომუნიკაციით და პრობლემების გამომწვევი მიზეზების პოვნით იწყება.
“ადვოკატირების კამპანიების წარმოება ზუსტად იმის საშუალებას
გვაძლევს, რომ შეიძლება ჩვენ პრობლემას ერთი შეხედვით ზედაპირულად
ვხედავდეთ და სიღრმეში, ადვოკატირების კამპანიისას მივაგნოთ ისეთ
სპეციფიკურ საკითხებს, გამომწვევ მიზეზებს, რასაც ერთი შეხედვით არ
ჩანდეს. ბევრად უფრო მრავალშრიანად უნდა შევხედოთ ამ პროცესებს,
ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი თვითონ საზოგადოებისთვის,
ადამიანებისთვის, ორგანიზაციებისთვის და თვითონ, სახელმწიფო
ინსტიტუციებისთვის. მე ასე მგონია, რომ თუ გაქვს სურვილი და
პოლიტიკური ნება ამა თუ იმ საკითხის მოგვარების, უნდა იყო ძალიან ღია
ადვოკატირების კამპანიების მიმართ."
გუნასა და სამირას ინიციატივები არ არის სრული ჩამონათვალი, რაც
მარნეულის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობით
შემუშავებულა და კარგ პრაქტიკად ქცეულა.
ამგვარ პროექტებს ძირითადად ევროკავშირი აფინანსებს. გაერთიანება,
რომლისკენაც საქართველოს მოქალაქეები მიისწრაფვიან. სწორედ
საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი, რომელიც ხელისუფლების მიერ ე.წ “გამჭვირვალობის შესახებ”
რუსული კანონის მიღებით საფრთხის ქვეშ მოექცა.
არა ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კანონი ძირს
უთხრის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას და ხელს უწყობს
შეაჩეროს სამოქალაქო და დამოუკიდებელი მედია სექტორის განვითარება,
რაც ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას
შეზღუდავს.
კანონი ძალაში აგვისტოდან შევიდა . ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და
ევროკავშირმა უკვე დაიწყეს დაფინანსების შეწყვეტა მთავრობის გარკვეული
მიმართულებებით. საფრთხის წინაშეა მილიონიანი დაფინანსებები, რომლებიც
ყოველწლიურად უწყვეტად აფინანსებდნენ საქართველოში ადამიანის
უფლებების დაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, სერვისების
გაუმჯობესებას, ქალთა და ბავშვთა ინტერესებს უფლებების დაცვასა
და ჯანდაცვის სფეროში.
ორგანიზაციებს კი, რომელიც ნებაყოფლობით მიიღებენ “უცხოური ძალით
დაფინანსებული ორგანიზაციის სტატუსს, იდეების განხორციელებას ვეღარ
შეძლებენ, რადგან ევროკავშირი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებამათ
წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიას აწარმოებს, შეწყვეტს ამ
მნიშვნელოვანი სარგებლის დაფინანსებას.