სოფელ წერეთელში მცხოვრებ 55 წლის
ნანა მაჭარაშვილს ვერ წარმოედგინა, რომ საკუთარი სამკერვალო ექნებოდა,
პროფესიული გადამზადების ბევრ ტრენინგს გაივლიდა და პროექტის
დაწერასაც შეისწავლიდა.
სოფელ წერეთელში მცხოვრებ 55 წლის ნანა მაჭარაშვილს ვერ წარმოედგინა,
რომ საკუთარი სამკერვალო ექნებოდა, პროფესიული გადამზადების ბევრ
ტრენინგს გაივლიდა და პროექტის დაწერასაც შეისწავლიდა.
ყველაფერი ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ, როდესაც, მეზობლისგან
შემთხვევით გაიგო, რომ მარნეულში ქალთა კლუბი იქმნებოდა. ნანა კლუბში
გაწევრიანდა, პარტნიორი მოძებნა და პროექტმა, რომელიც სამკერვალოს
ტექნიკის შეძენას გულისხმობდა - გაიმარჯვა.
ორგანიზაცია „CARE CAUCASUS” – მა ნანა და მისი პარტნიორი 4 000 ლარით
დააფინანსა.
“პროექტი დავწერეთ საკერავი მანქანების შესყიდვაზე და ერთ
დღესაც გაისმა ჩემს მობილურზე ზარი და მითხრეს, რომ თქვენმა პროექტმა
გაიმარჯვაო. ეს ისეთი სიხარული იყო, რომ ვიგრძენით, რომ ქალებს
ყველაფერი შეგვიძლი. ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. მათ შორის ლაპარაკი,
მოქმედება და რაც მთავარია, სტიმული მოგვეცა. " - ამბობს
ნანა მაჭარაშვილი.
ნანასთან ერთად საყვარელი ხელსაქმე ბიზნესად აქცია მარნეულში
მცხოვრებმა ეკა გაგნიძემაც.
სახლში მოწყობილმა პატარა სამკერვალომ ახლა დიდ სივრცეში
გადმოინაცვლა. განახლებული ტექნიკითა და დანადგარებით ნანა და ეკა
ერთობლივად ქმნიან სხვადასხვა დიზაინის ტანსაცმელს და
აქსესუარებს.
„12 წლის განმავლობაში სახლში ვიღებდი შეკვეთებს და
ვმუშაობდი. ძალიან მინდოდა გარეთ გამოსვლა და სივრცის შეცვლა.
პროექტმაც გამიმართლა და დაგვაფინანსეს. „CARE CAUCASUS” – მა
შეგვიძინა ორი ცალი საკერავი მანქანა და ერთი ელექტრო საჭრელი.
თითქმის 4 000 ლარის ინვენტარი, რომელსაც ჩემით, ალბათ, ვერასდროს
შევიძენდი“ - ამბობს, ეკა გაგნიძე.
მკერავი ქალების მთავარი მიზანი ახლა სამკერვალოში რამდენიმე ტექნიკის
დამატებაა, საკუთარი ვებ-გვერდის შექმნა და სხვა ქალების გაძლიერებაზე
მუშაობაა.
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და გენდერული ძალადობის
შემცირების მიმართულებით მუშაობს ქვემო ქართლსა და კახეთში CARE
კავკასია. პროექტის დირექტორის, ნინო კარანაძის თქმით, პროექტი,
რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, ქალების გაძლიერებაზეა
მიმართული.
“პროექტი ხორციელდება კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში და მხარს
დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და იმუშავებს ქალების
ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით. თანასწორობის მიღწევისთვის
კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალებს ჰქონდეთ წვდომა რესურსებსა და
შესაძლებლობებზე, რომ გადალახონ სისტემური ბარიერები და მიაღწიონ
ფინანსურ დამოუკიდებლობას. უნარების განვითარებით, მეწარმეობის
ხელშეწყობით და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით,
ჩვენ შევეცდებით ხელი შევუწყოთ უფრო სამართლიანი და თანასწორი
საზოგადოების ფორმირებას, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს წინსვლასას და
განვითარებას.” - ამბობს ნინო კარანაძე.
ქალთა ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანი რომ არის, ამას
გვიდასტურებს გენდერული თანასწორობის ექსპერტი, მორეტა ბობოხიძე და
ამბობს, რომ სახელმწიფო ქალების გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს.
პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი
მუნიციპალიტეტები.
“ გენდერული თანასწორობის მიღწევა შეუძლებელია ქალთა ეკონომიკური
გაძლიერების გარეშე. ეს პირდაპირ კავშირშია თანასწორობასთან ,
თანასწორუფლებიანობასთან და, რა თქმა უნდა, ქალთა უფლებების
გაუმჯობესებასთან ქვეყანაში. ამ მიმართულებით კი საკმაოდ
ჩამოვრჩებით.” - ამბობს მორეტა ბობოხიძე
ექსპერტის თქმით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების გენდერული ჭრილის
შეფასებით, ერთჯერადი დახმარებების და კონკრეტული მცირე აქტივობების
გარდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის თითქმის არაფერი
კეთდება.
2024 წელს მარნეულის ბიუჯეტი დაახლოებით 60 000 000 ლარით
განისაზღვრა. პროექტში ვერ ნახავთ მუხლს, რომელიც კონკრეტულად ქალების
ეკონომიკურ გაძლიერებასა და განვითარებაზეა მორგებული. ეს იმ ფონზე,
როდესაც მუნიციპალიტეტში დღემდე პრობლემაა გენდერული თანასწორობა,
ქალების დასაქმება, განათლების ხელმისაწვდომობა და დამოუკიდებლობა.
მსგავსი გამოწვევები ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დგას.
მარნეულის ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის საბჭო
ფუნქციონირებს, თუმცა მათ მიერ განხორციელებული ბოლო აქტივობა
მიუსაფარი ძაღლებისათვის საცხოვრებელი სახლების შეძენას უკავშირდება.
მუნიციპალიტეტში ქალთა გაძლიერებისათვის ძირითადად საერთაშორისო და
ადგილობრივი ორგანიზაციები მუშაობენ.