საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს.
მიუხედავად ამისა, მარნეულელ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვინც ხმას
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს 62.01%-ია.
38 592 მარნეულელი ამომრჩეველი ამომრჩეველთა იმ 10%-ში შედის, ვინც
საპარლამენტო არჩევნებში ხმას ძველი წესით მისცემს.
მარნეულის მასშტაბით სულ 101 607 ამომრჩეველია რეგისტრირებული - 63
015 ამომრჩეველი, 62.01%, ხმას ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით, ხოლო 38 592
ადამიანი, 37.98%, ხმას ძველი სისტემით
მისცემს.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, რომ
საარჩევნო უბნები, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები უნდა იქნეს
გამოყენებული, რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა.
ცესკოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბნებზე არჩევნები ძველი წესით იმ
შემთხვევაში ჩატარდება, თუ:
• საარჩევნო უბანზე 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული;
• საარჩევნო უბანი საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კილომეტრის
დაშორებით მდებარეობს;
მარნეულის მასშტაბით სულ 81 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან 41
საარჩევნო უბანში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით,
40 უბანში კი ძველი წესით ჩატარდება.
გააფერადე და არ შემოხაზო - ამ მოწოდებებს ხშირად გაიგებთ
წინასაარჩევნო პროცესში, მაგრამ გაფერადებით არჩევანის გაკეთება
ყველასათვის არაა. ამომრჩევლისათვის, ვინც ხმას ძველი წესით მისცემს,
არჩევნების პროცესში სიახლეები არაა. როგორც ძველად, ამომრჩეველმა
საკუთარი ხმა კანდიდატის შემოხაზვით უნდა გააკეთონ.
საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
მიხვალთ ნაკადის მომწესრიგებელთან, რომელსაც წარუდგენთ პირადობის
მოწმობას და გაივლით მარკირების შემოწმებას.
მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ რეგისტრატორს
წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი
გაიკეთეთ მარკირება
ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა
რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის
განკუთვნილი კალამით
მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო
ბიულეტენი
ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზეთ თქვენთვის
სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტი
კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და
დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი მოათავსეთ მასში
სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში და დატოვეთ კენჭისყრის
შენობა.
მარნეულის 40 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ძველი წესით
ტარდება, 23 საარჩევნო უბანში 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია
რეგისტრირებული. სოფელ სადახლოში გახსნილი ხუთივე საარჩევნო უბანი იმ
23 უბანში შედის, სადაც ამომრჩეველთა ოდენობა 1 000 ადამიანს
აჭარბებს. სოფელი სადახლო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი
სოფელია. მიუხედავად ამისა, სადახლოელები ხმას ძველი წესით მისცემენ,
რადგან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიიდან სოფელი 20 კილომეტრზე
მეტითაა დაშორებული.
20 კილომეტრიანი დაშორების გამო სადახლოში მცხოვრები 7 425
ამომრჩეველი ხმას კვლავ კანდიდატის შემოხაზვით მისცემს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი
განმარტავს, რომ საქართველოს მასშტაბით ეთნიკური უმცირესობებით
მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 308 საარჩევნო უბანია გახსნილი.
საედანაც, 183 ქართულ-აზერბაიჯანული საარჩევნო უბანია, 121
ქართულ-სომხური საარჩევნო უბანია, ხოლო 4 უბანი
ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულია.
აღნიშნული 308 საარჩევნო უბნიდან 166 საარჩევნო უბანზე არჩევნები
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ხოლო 142 საარჩევნო
უბანზე ტრადიციული მეთოდით.
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს
საარჩევნო პროექტის კოორდინატორმა გიგი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ
არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიებით გამართვის ხარვეზების შესახებ
საუბარი ამ ეტაპზე რთულია, რადგან საქართველოს მასშტაბით ამ სახით
არჩევნების გამართვა წელს პირველად მოხდება. თვლის, რომ ელექტრონული
ტექნოლოგიებით არჩევნების გამართვა ამცირებს გაყალბების რისკებს,
მაგრამ ძველი და ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას შორის, რისკების
თვალსაზრისით, არსებითი სხვაობა არაა.
გიგი ჩიხლაძის განმარტებით, ის რისკები, რაც ძველი წესით არჩევნების
გამართვას ეხება, კვლავ რჩება. არჩევნების გაყალბების რამდენიმე
ყველაზე გავრცელებული მეთოდი შესაძლოა კვლავ იყოს გამოყენებული. ეს
მეთოდებია:
მარკირების არ გაკეთება;
არ გადამოწმდეს ამომრჩეველი სამაგიდო სიაში სათანადოდ - არის სხვის
მაგივრად ხმის მიცემის რისკი;
ე.წ კარუსელის რისკი;
ამომრჩეველზე კონტროლისა და ზეწოლის რისკი და სხვა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
პარლამენტის მანდატების მოპოვებას ის პარტიები შეძლებენ, რომლებიც
არჩევნებში ხმების 5%-ს ან მეტს მოაგროვებენ.
ცესკოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების
გამოყენებით ხმის მიცემის გამო საქართველოს მასშტაბით არჩევნების
წინასწარი შედეგები მალევე იქნება ცნობილი. მოქალაქეები წინასწარ
შედეგებს არჩევნების დასრულების შემდეგ, 26 ოქტომბრის 20:00 საათის
შემდეგ, 1-2 საათში გაიგებენ.