პოლიტიკური სუბიექტების პარტიული ხედვა ეთნიკური უმცირესობებეის საკითხებზე
26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება.

ოქტაი ქაზუმოვი, აგილ მუსტაფაევი და ჯეიხუნ მუჰამედალი ოპოზიციური პარტიებიდან საპარლამენტო სიის წევრები არიან. ადამიანები, რომლებიც, პოტენციურ ხმად უნდა მოვიაზროთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში გამოწვევა ბევრია. ამას არაერთი კვლევა მოწმობს. მაგალითად შეგვიძლია მოვიშველიოთ ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის გამოქვეყნებული ანგარიში, (2019-2023 წლები) რომლითაც კრიტიკულად
ფასდება საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა. მათ შორის გამოწვევად დგას უმცირესობების კულტურისა და ენების დაცვა და ხელშეწყობა, ინტერ-კულტურული დიალოგი, ინტეგრაცია, უმცირესობების ენების გამოყენება საჯარო უწყებებთან ურთიერთობაში, თანასწორი წვდომა განათლებაზე, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა არის განცდა, რომ პოლიტიკურ პარტიებში ჯერ კიდევ არსებობს არასიღრმისეული შეხედულებები ეთნიკური უმცირესობების თემებზე.

საარჩევნო კომპასზე (განმარტება: საარჩევნო კომპასი  შეიქმნა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების პროგრამებზე და ამომრჩევლებს დაეხმაროს იმის გარკვევაში, რომელი პარტია დგას მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ექვსი პოლიტიკური გაერთიანება, არ ეთანხმება იმას, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული არეალების მცხოვრებლებს სახელმწიფო მომსახურების მიღება უმცირესობების ენებზე უნდა შეეძლოთ.

მათ შორისაა “ახალი” (კოალიცია ცვლილებებისთვის), რომელმაც მოგვიანებით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ეთნიკურად არა-დომინანტური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებული მუნიციპალიტეტების ადგილობრივ და ცენტრალურ დაწესებულებებში დროებით (პრობლემის მოგვარებამდე) თარჯიმნის პოზიციის შემოღებას სრულად უჭერს მხარს.

კიდევ ერთი საკითხი, რაც საარჩევნო კომპასზეა განთავსებული და პარტიები პასუხობენ, არის კითხვა : “სკოლაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლება სავალდებულო უნდა იყოს” - ამ მოსაზრებას დადებითი პასუხი ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ გასცა. მათ შორის საკითხს ემხრობოდა ლელო. აღნიშნულ საკითხზე მოსაზრების შეცვლა ლელოს მას შემდეგ მოუწია, რაც კრიტიკულად შეფასდა საზოგადოების ნაწილისგან აღნიშნული თემა და ამავდროულად იყო განცდა, რომ პარტიის სხვა წევრებისთვის ლელოს ეს შეხედულება ცნობილი არ იყო.

ლელოს საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარნეულელმა აგილ მუსტაფაევმა გვითხრა, რომ პასუხში ტექნიკური ხარვეზი იყო და პარტია თვლის, რომ სკოლის მოსწავლეებისათვის რელიგიის ისტორიის მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის და იქ ყველა ძირითადი რელიგიის ისტორია უნდა შედიოდეს. “ 

ჩვენ გადავწყვიტეთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისთვის გვეკითხა რა ხედვა აქვთ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით. არჩევანი იმ პარტიებზე შევაჩერეთ, რომლებსაც მარნეულში წარმომადგენლობითი შტაბები აქვთ. ინტერვიუ ვერ ჩავწერეთ მმართველი გუნდის საპარლამენტო სიის 26-ე წევრ, ზაურ დარგალთან, რომელმაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა და არც მიღებულ შეტყობინებებზე გაგვცა პასუხი.
ზაურ დარგალი,

თუ რა ხედვა აქვს ქართული “ოცნების” ადგილობრივ წარმომადგენელს, ზაურ დარგალს ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, რომელსაც წესით კარგად უნდა ესმოდეს თემში არსებული გამოწვევები, პასუხი არ გვაქვს. მისი პარტიის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, საარჩევნო კომპასზე გაცემული პასუხების მიხედვით, ქართული ოცნება ემხრობა სკოლაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის სწავლების ვალდებულებას და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული არეალების მცხოვრებლებს სახელმწიფო მომსახურების მიღება უმცირესობების ენებზე არ მიღებას.

ოქტაი ქაზუმოვი „კოალიცია ცვლილებისთვის“ (გვარამია, მელია, გირჩი, დროა) საპარლამენტო სიაში მეათე ადგილს იკავებს. საარჩევნო კამპანიაში ჩართული სუბიექტი ეთნიკური უმცირესობებისათვის ერთ-ერთი მთავარ პრობლემად ენობრივ ბარიერს ასახელებს. ბარიერს, რომლებიც ადამიანებს უზღუდავს სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციას. მიიჩნევს,რომ უწყებებში უნდა გაჩნდეს თარჯიმნის სერვისი, რომელიც ადამიანებს რამდენიმე მიმართულებით დაეხმარება:



“ინტეგრაცია ეს არის რთული და კომპლექსური საკითხი, რომელიც თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე წელიწადში აღმოიფხვრას. პირველი, რაც ხელს უშლის ინტეგრაციას, ეს არის ის, რომ მოსახლეობა არაა ინფორმირებული ზოგადად. არ შეუძლიათ სახელმწიფო სერვისების მიღება მშობლიურ ენაზე, რაც ენის სწავლების პრობლემას ებმის. სახელმწიფო აღიარებს, რომ ვერ ასწავლის ქართულ ენას, რის გამოც არსებობს პროგრამა “1+4” , რომლის ფარგლებშიც , ენის სწავლებაში თავის მოქალაქეებს ართმევს წლიურად 2250 ლარს, რაც არის დაუშვებელი. როდესაც შენ ვერ ასწავლი ამას (რედ.ენას)ვერც საბავშვო ბაღში, იმიტომ რომ არ გაქვს, მერე ვერც სკოლაში, არ უნდა ართმევდე საკუთარ მოქალაქეს სახელმწიფო ენის სწავლებაში ამხელა ფულს. ჩვენ ვპირდებით ამომრჩევლებს, რომ 1+4-ში ქართული ენის სწავლების კურსი იქნება უფასო. შშმ პირების მიმართულებითაც უამრავი პრობლემაა დაგროვებული, რადგან ენის პრობლემის და უცოდინარობის გამო ისინი დროულად ვერ იგებენ სახელმწიფო სერვისების შესახებ და შესაბამისად, ისევ მივდივართ განცხადების დაწერამდე. ითხოვენ, რომ განცხადება უნდა იყოს ქართულ ენაზე, რასაც ყველა ვერ ახერხებს, ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის საკუთარ ენაზეც. კერძოდ კი ვგულისხმობ თარჯიმნის პოზიციას, რომელიც უნდა არსებობდეს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, სადაც მოქალაქის მიერ დაწერილ განცხადებას გადათარგმნიან ქართულად და პასუხს გადმოთარგმნიან იმ მოქალაქის ენაზე და ეს კომუნიკაცია შედგება. ის მომენტი, რომ აუცილებლად ქართულად უნდა იყოს და ეს იმ პირობებში, როდესაც შენ ამ ქართულს ვერ ასწავლი სათანადოდ , რა თქმა უნდა, ენის უცოდინარობა არ უნდა იყოს ბარიერი. “
- თქვა ოქტაი ქაზუმოვმა.

კოალიცია ცვლილებებისათვის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არაერთ სოფელში დადის, ახლოდან ეცნობა ადამიანების საჭიროებებს და ერთ-ერთ მთავარ და საერთო პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

საარჩევნოდ „ძლიერი საქართველოს“ პარტიულ სიაში 22-ე ადგილს იკავებს მარნეულელი ადგილ მუსტაფაევი. კანდიდატის მთავარი ხედვა ინტეგრაციის პოლიტიკას უკავშირდება. პოლიტიკას, რომელიც მისი შეფასებით დღემდე ცალმხრივია.



“ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში გვაქვს ინტეგრაციის პრობლემა. მართალია, რამდენიმე წელია მიმდინარეობს პროგრამები, სხვადასხვა ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს პროცესი არ მიდის კარგად. სახელმწიფო ფორმალურად აკეთებს იმას, რომ მოხდეს ინტეგრაცია. ჩემი აზრით, ინტეგრაცია ორმხრივი უნდა იყოს და არა ცალმხრივი, რა პროცესსაც ჩვენ ვხედავთ. ორივე მხარემ უნდა იცოდეს ერთმანეთის კულტურა, ისტორია. ჩვენი პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ასაკის ადამიანისათვის, თუ ეს არ იქნება ასე მაშინ ვერც ინტეგრაციას ვერ მივაღწევთ. ჩვენს ამ ქვეყნის შვილები ვართ და სახელმწიფო გვეუბნება, რომ ფული უნდა გადაიხადო. მსოფლიოში არსად ხდება ასე. ევროპაში ემიგრანტებიც კი არ იხდიან სახელმწიფო ენის სწავლაზე თანხას.ჩვენს პროგრამაში გვიწერია, რომ საერთოდ უფასო იქნება. ყველამ ვიცით, რომ იქ სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ ყველამ არ იცის სახელმწიფო ენა, ვერ შეაქვთ მაგალითად განცხადებები, პრობლემებს ვერ აგვარებენ. ჩვენი აზრით ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობს ეთნიკური უმცირესობა, მუნიციპალური სერვისები მათ ენაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი. “

ეთნიკური უმცირესობებისადმი თავისი ხედვა აქვს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის 34-ე წევრს, მარნეულელ ჯეიჰუნ მუჰამედალის. ჯეიხუნის თქმით მთავარი ხედვა, რაც ეთნიკურ უმცირესობებს უკავშირდება პოლიტიკურ სოციალურ ცხოვრებაში მათი ჩართვა და სტერეოტიპული მიდგომების აღმოფხვრაა.



“ჩვენ ვიცით, ზოგადად, რა სიტუაცია არის საქართველოში ქალთა უფლებების კუთხით. ამ მხრივ ეთნიკური უმცირესობებში ეს პრობლემა შესაძლოა ორმაგად და ოთხმაგად მწვავედ იდგეს. აქ არის გარკვეულწილად ენობრივი ბარიერი, სტერეოტიპები. ერთი მიზეზიდან გამომდინარე არ ხდება სახელმწიფო ხედვიდან და სისტემიდან გამომდინარეა. არის პრობლემა თვითონ ოჯახებშიც ვითომ გოგო და პოლიტიკა ერთად სირცხვილია. არის დამოკიდებულება, წავიდე, ისწავლოს, სტომატოლოგი გახდეს. პოლიტიკის მიმართ არსებული სტერეოტიპებია, რომელსაც თავისთავად სისტემაც ქმნის და ახშობს ქალების ხმას სოციალურ და პოლიტიკურ სივრცეში. თითით ჩამოსათვლელი ქალები გვყავს, რომლებიც ღიად არ ერიდებიან , არ ეშინიათ არაფრის. მაგალითად სამირა ბაირამოვა, სამირა ისმაილოვა. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეთნიკური აზერბაიჯანელების ხმა არ ისმის არც პოლიტიკაში, არც გადაწყვეტილების მიმღებ რგოლებში. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ხედვა ის არის, რომ ეს ხალხი ყოველთვის იყვნენ წარმოდგენილი იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება. მე მხოლოდ აზერბაიჯანულ სოფლებში არ დავდივარ, ამ პარტიის მხრიდან გადადგმული კარგი ნაბიჯია ეს და მივესალმები. ქართველებთან, აზერბაიჯანელებთან შეხვედრის დრო ყოველთვის აღვნიშნავ, რომ არ უნდა იყოს აზერბაიჯანელი აზერბაიჯანელისთვის, ქართველი ქართველისთვის, სომეხი სომხისთვის, ყველა უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის, სხვაგვარად დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შედგება. არც პრემიერმინისტრს ჰყავს ვინმე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობს. ყველგან უნდა იყვნენ წარმოდგენილი, რადგანაც ამ ადამიანებს უჩნდებათ მეორეხარისხოვნების განცდა და
სხვა სახელმწიფოებში ეძებენ ნუგეშს, რაც ჩვენს ქვეყანას აყენებს ზარალს. თუ გვინდა მდგრადი, განვითარებული, ძლიერი, უსაფრთხო, ქვეყანა, სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს მაქსიმალურად უნდა უპატრონოს.”


2024 წლის საპარლამენტო არჩევნები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. სრულიად პროპორციული სისტემით და 5%- იანი ბარიერით. ეს იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული წესით პარლამენტში მოხვედრა უქმდება. ამომრჩეველთა 90%-ს ხმის დაფიქსირება ციფრული ფორმით მოუწევს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12