უმცირესობების განათლების ზრდა - როგორ უნდა შეიცვალოს ინტეგრაციის სტრატეგია?
საქართველოში ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხები ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა ან სტრატეგია, რომელიც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის განათლებას მოემსახურებოდა. ამის შესახებ საუბარია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიაში, თუმცა რეალურ შედეგებს ვერცერთმა ინიციატივამ ვერ მიაღწია. სტრატეგიაში ორი პრიორიტეტია, რომელიც განათლებას შეეხება - სახელმწიფო ენა ინტეგრაციის მხარდასაჭერად და
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის თქმით, ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებობს პრობლემები, როგორიცაა სახელმძღვანელოებისა და კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობა, მოძველებული მეთოდოლოგიები და ინფრასტრუქტურის სუსტი განვითარება. ამ ფაქტორებმა გავლენა მოახდინა, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლება არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით სკოლამდელ და საშუალო საფეხურზე.

„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ის აპრიორიტეტებს ეთნიკური უმცირესობების განათლების საკითხებს. ამ პოლიტიკაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომელიც სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ადამიანების განათლებას უკავშირდება. სწორედ იმის გამო, რომ თანმიმდევრული, გრძელვადიანი სამოქამედო გეგმა და სტრატეგიის ხედვა არ არსებობს ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ფონზე ხელისუფლება გამოდის სხვადასხვა ინიციატივებით და პროექტებით, რომელიც მეტწილად ბოლომდე არ მიყავს და ზოგადად, განათლების პოლიტიკა ამ მიმართულებით სხვადასხვა ექსპერიმენტებით არის დატვირთული, მაგრამ მას შედეგები სწორედ იმიტომ არ მოაქვს, რომ სტრატეგიული, სისტემური, ხედვა არ გააჩნია“. - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაცის სახელმწიფო სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის გაფართოება მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ხარისხიანი სკოლამდელი განათლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნასა და რესურსების მობილიზებას.

განსაკუთრებული პრობლემაა სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სადაც ქვემო ქართლში არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება რეგიონის საჭიროებებს. როგორც სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რაშან ზიადალიევი აღნიშნავს, მარნეულში მოქმედი საბავშვო ბაღები არ არის საკმარისი, ხოლო სკოლებში, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია, მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული, რაც ამცირებს განათლების ხელმისაწვდომობას.

„მარნეულში ფუნქციონირებს 14 საბავშვო ბაღი. მარნეულის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი დიდი მუნიციპალიტეტია. მე როდესაც შევდივარ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში ვხედავ, რომ 14 საბავშვო ბაღი მართლაც ძალიან ცოტაა მარნეულისთვის. ჩვენ მერიაში ორი პეტიცია შევიტანეთ, ერთი სოფელ კაჩაგანში, მეორე კი სოფელ ქუთლიარში საბავშვო ბაღის მშენებლობას შეეხებოდა. დაგვპირდნენ, რომ ამ სოფლებში ბაღს გახსნიდნენ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, თუ როდის. ბავშვებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტები დროულად შესრულდეს“. - აცხადებს რაშან ზიადალიევი



ზიადალიევის განმარტებით, სახარბიელო მდგომარეობა არც საშუალო განათლების საფეხურზეა. განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ბევრი ავარიული სკოლა, რის გამოც მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებული. ამასთანავე, სკოლები არაა აღჭურვილი შესაბამისი კაბინეტებით და ინვენტარით, რაც მათ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას ამცირებს.

თამთა მიქელაძის განმარტებით, ასევე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ხარიხსიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რადგან ეთნიკურ უმცირესობებში არა მხოლოდ ქართული ენის შესწავლის პრობლემებია, არამედ ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის თანასოწორობის პრობლემაცაა.

„ამ სკოლებში ძალიან ბევრი გამოწვევაა, ესაა სახელმძღვანელოების პრობლემა, ესაა მასწავლებლების კვლაიფიკაციის პრობლემა, ესაა მასწავლებლების დეფიციტის პრობლემა. ესაა ძირითადად ხანში შესული მასწავლებლების კატეგორია, რომლებიც ახალი მეთოდოლოგიით, ახალი წიგნებით არ ასწავლიან ბავშვებს, უფრო მეტად დისციპლინაზე ორიენტირებული არიან. აი, ეს რეალობა ნამდვილად ქმნის იმ მოცემულობას, რომ ეთნიკურ უმცირესობებს გაცილებით ცუდი შედეგები აქვთ მოსწრებაში, წერა-კითხვის, გააზრების, ანალიტიკის, ზოგადი ცოდნის თუ სხვა საბაზისო საკითხებში, რასაც სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები აფასებენ ხოლმე, როცა განათლებას აფასებენ“.

მიქელაძე განმარტავს, რომ საქართველოში ისედაც არის უთანასორობა ცენტრსა და რეგიონებს შორის, მთასა და ბარს, კერძო და საჯარო სკოლებს შორის განათლების დონით, მაგრამ ყველა პარამეტრში ეთნიკური უმცირესობების სკოლები საქართველოს სხვა სკოლებს ჩამორჩებიან.



მიქელაძის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ხედვები ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხის გაზრდისათვის და დაიწყოს აქტიური მუშაობა სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პროფესიონალი მასწავლებელების მოზიდვისათვის.

„გარდა იმისა, რომ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განათლების საკითხებში არ გვაქვს და თანმიმდევრობაა დარღვეული, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის ქართული ენის სწავლების ხარისხი. ამისთვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული რესურსების, ფინანსური, ადამიანური, მეთოდოლოგიური რესურსების ნაკლებობა. ჩვენ მაინც ვხედავთ, რომ ახალგაზრდები ისე ამთავრებენ სკოლებს, რომ მათ ქართული ენა სათანადოდ არ იციან და ამბობენ, რომ სწორედ მოსამზადებელ საფეხურზე რეპეტიტორების გზით თუ ახერხებენ შემდგომში უნივერსიტეტისთვის ქართული ენის შესწავლას. ამიტომაც, აშკარაა რომ სისტემაში არის პრობლემა ეს არის გამოსასწორებელი“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ასევე საუბრობს განათლების საფეხურებს შორის წყვეტაზე - ბაღებსა და სკოლებში აზერბაიჯანულენოვანი სწავლა მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოში არ არსებობს აზერბაიჯანულენოვანი ფაკულტეტები, რის გამოც აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებლების სიმცირე წლების განმავლობაში თვალსაჩინო ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლები და ბაღები არის შენარჩუნებული უმცირესობების ენაზე თუმცა, უმაღლესი განათლების ეტაპზე უკვე გვაქვს წყვეტა. საქართველოში არ არსებობს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ფაკულტეტები, რის გამოც ამ ენებზე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები ჩვენს მოქალაქეებს პრაქტიკულად არ აქვთ. რაც იწვევს იმას, რომ აზერბაიჯანული და სომხური ენის ცოდნის დეგრადაცია ხდება და ჩვენ სულ უფრო და უფრო ვკარგავთ ისეთ პროფესიონალებს, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს აზერბაიჯანულ ან სომხურ ენაზე მიღებული და რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტულ პროფესიულ დარგებში ამ ენებზე ოპერირება. თუნდაც, როცა ვსაუბრობთ მასწავლებლების დეფიციტზე სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, ამის მიზეზი მომავალ წლებში, როდესაც ძველი თაობის მასწავლებლები აღარ გვეყოლებიან, იქნება ის რომ ჩვენ აღარ გვყავს სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი ფაკულტეტების დასრულებული ადამიანები, რომლებიც სკოლებში ან სხვა ადგილებში დაბრუნდებიან და ამ ენაზე თავისუფლად ოპერირებას შეძლებენ“. - აცხადებს თამთა მიქელაძე

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ რა ხედვები აქვთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეთნიკური უმცირესობების განათლების სტრატეგიასთან დაკავშირებით. „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გირჩის“ წარმომადგენელი პოლიტიკოსები საუბრობენ პარტიების ხედვებზე განათლების მიმართულებით.

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ლანა გალდავა ყურადღებას ამახვილებს საბუჯეტო სახსრების არამიზნობრივ განაწილებაზე და მაგალითად მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი მოჰყავს.

„მარნუელის მოსახლეობა არის 108 500 ადამიანი და მარნეულის ბიუჯეტი წარმოადგენს 55 მილიონ ლარს. როგორ შეიძლება მარნეულის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე სერიოზულად საუბარი, როდესაც ნახავთ თუ რაში იხარჯება თანხა. მაგალითად, ბიუჯეტში ბიუროკრატიულ ხარჯებთან დაკავშირებით გათვალისწინებულია 16 მილიონი, მაშინ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებულია 16,4 მილიონი. სოციალურად დაუცველთათვის გათვალისწინებულია 2,7 მილიონი, კულტურის-ახალგაზრდობის მიმართულებით 9 მილიონი, ჯანდაცვა 3 მილიონი, განათლება 6 მილიონი. აი, ესეთი ტრაგიკომიკული დაყოფაა პრიორიტეტების მიხედვით. როგორ შეიძლება რომ ბიუჯეტში ყველაზე დიდი ნაწილი იყოს ბიუროკრატიული ხარჯი და განათლებისთვის მხოლოდ 6 მილიონი იყოს გამოყოფილი“.

ლანა გალდავას განმარტებით, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი მთავარი გეგმა ადმინისტრაციული/ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და გამოყოფილი თანხის სხვა ისეთ პრიორიტეტული მიმართულებით გადანაწილებაა, როგორიცაა განათლება. პოლიტიკური გაერთიანების გეგმაში შედის სასკოლო უფასო კვების შემოღება და მასწავლებლების საათობრივი ანაზღაურების სისტემის ცვლილება, ხოლო უმაღლეს განათლებაზე საუბრისას გედელავა ყურადღებას ამახვილებს სტიმულირების პროგრამებზე უმაღლესი სასწავლებლებისათვის.



გალდავას მსგავსად უნივერსიტეტებში სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი კათედრების შექმნას დადებითად აფასებს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ოქტაი ქაზუმოვი. ქაზუმოვი განმარტავს, რომ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებსა და არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია, კადრები ასაკოვანია და მომავალ წლებში სიტუაცია შესაძლოა გაუარესდეს.

„მეც მიმაჩნია, რომ ყველაზე უპრიანი იქნება, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტებში გაიხსნას კათედრები. თავის დროზე დღევანდელ ილიაუნში, მაშინ პუშკინის სახელობის იყო, პედაგოგიურ ინსტიტუტში იყო განყოფილება აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგების მომზადებისა, მაგრამ როგორც ვიცი მხოლოდ ენა, ლიტერატურასა და მაქსიმუმ ისტორიაში მზადდებოდა, მაგრამ ტექნიკურ საგნებში არ იყო. ეს საკითხი უკვე საგანგაშოა, ითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას და მკაფიო პოზიციები უნდა გამოვიტანოთ და ვთქვათ, თუ როგორ ვაგვარებთ ამ ამბავს. ამაზე უფრო ბევრი ფიქრია საჭირო“. - აცხადებს ოქტაი ქაზუმოვი

აზერბაიჯანულენოვან სკოლებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ჯეიჰუნ მუჰამედალი (ნარზალოვი). აცხადებს, რომ სკოლებში რთულია ხანში შესული მასწავლებლების ახალგაზრდა მასწავლებლებით ჩანაცვლება და ახალგაზრდებშიც არაა მოტივაცია ტექნიკურ საგნებში მასწავლებლობის.

„ეს პრობლემა გამომდინარეობის იქედან, რომ მასწავლებელი არაა საკმარისად დაფასებული. ჩვენი პარტიის ერთ-ერთი გემა ის არის, რომ მასწავლებლების მინიმალური ხელფასი უნდა იყოს 2 000 ლარი, გამორჩეულ მასწავლებლებს მიეცემათ ბინა. ასევე, სტუდენტებისთვის იქნება დროებითი საცხოვრებლის სუბსიდირება. თუ მასწავლებელს და სტუდენტს არ შეაფასებ სათანადოდ და თუ არ მიეცა საკუთარი ცოდნის საფასური, რა თქმა უნდა მას აღარ ექნება იტნერესი რომ გახდეს მასწავლებელი. საჭიროა, რომ სახელმწიფომ თავისი რესურსი ჩადოს და მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი წიგნებით არ ასწავლოს ბავშვებს. პრობლემა სწორედ აქედან იწყება და პირველ რიგში ესაა მოსაგვარებელი“. - განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედალიმ

„გირჩის“ წარმომადგენელი გიორგი ჭაუჭიძე განმარტავს, რომ პრობლემა არა მხოლოდ აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი სტუდენტების განათლების თავალსაზრისით, არამდე სრულიად საუნივერსიტეტო განათლების თვალსაზრისითაა.

„სინამდვილეში, ვერც ქართველები სწავლობენ ქართულად კარგად. პედაგოგი რასაც ქვია, რომ პედაგოგი მოამზადო ბავშვებთან სამუშაოდ - ეს საერთო პრობლემაა. უნივერსიტეტების პრობლემაა და ჩვენი სისტემის პრობლემაა. მათ შორის დაფინანსების და რაც უფრო მეტს დაგვპირდებიან მთავრობა, რომ მეტად დავაფინანსებთ უნივერსიტეტებსო და ჩვენ გავაკეთებთ კარგ ფაკულტეტებსო მით უფრო უარესი იქნება. ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ ფუჭად დახარჯული ფული იქნება“. - აცხადებს გიორგი ჭაუჭიძე



საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია მკაფიო სტრატეგია ან სამოქმედო გეგმა ეთნიკური უმცირესობების განათლების ხარისხის ამაღლებისთვის, მიუხედავად ამ საკითხის პრიორიტეტულობის გამოცხადებისა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, თამთა მიქელაძე, ხაზს უსვამს, რომ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემები არსებობს და არ ტარდება თანმიმდევრული ნაბიჯები. აღსანიშნავია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებიც, რაც ქვემო ქართლში მკვეთრად დეფიციტურია, განსაკუთრებით სოფლის დასახლებებში. 





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12