წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირებულია ქალთა
წარმომადგენლობა პარტიულ სიებში,
კაცი პოლიტიკოსები ესაუბრებიან ქალ ამომრჩევლებს, ქალები ნაკლებად
არიან ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში. 26 ოქტომბერს საპარლამენტო
არჩევნებია, მაგრამ მარნეულის მასშტაბით ქალი პოლიტიკოსები ნაკლებად
ჩანან.
წინასაარჩევნო პერიოდის დაწყება სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად 27
აგვისტოს გამოაცხადა. პოლიტიკური ხასიათის პოსტი ზაურ დარგალმა
პირველად 5 სექტემებერს გამოაქვეყნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი
კონცერტიდან, რომელიც გარდაბანში ჩატარდა. დარგალის ოფიციალურ
ფეისბუქ
გვერდზე გამოქვეყნებულია მარნეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტების შესახებ ინფორმაციაც, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციებში
პარტია „ქართული ოცნება“ ნახსენები არაა.
19 სექტემბერს ქალებთან გამართა წინასაარჩევნო შეხვედრა.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე
არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების
გზებზე.
ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა ჩართულობასა და მათ ეკონომიკური
გაძლიერებაზე“ -აღნიშნულია დარგალის მიერ გამოქვეყნებულ
პოსტში
აღსანიშნავია, რომ ქალთა საჭიროებებზე გამართულ შეხვედრას „ქართული
ოცნებიდან“ მხოლოდ კაცები უძღვებოდნენ. ხუთი კაცი, ზაურ დარგალი,
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს წევრი
ვასილ ხახულაშვილი, მერის მოადგილე როინ დეკანოიძე და მერიის
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი აგილ
ამირჯანოვი ქალებს ქალთა საჭიროებების შესახებ ესაუბრებოდნენ.
მარნეულის მსგავსად, მხოლოდ კაცი პოლიტიკოსები ესაუბრებიან ქალ
ამომრჩეველს ქვემო ქართლის სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, ბოლნისის
მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში „ქართული ოცნების“ დელეგატი
დავით შერაზადიშვილი ქალ ამომრჩევლებს მარტო შეხვდა.
უნდა აღინიშნოს, რომ სოფლებში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრების
ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალაში ქალები ჩანან, მაგრამ მათ მხოლოდ კაცები
ესაუბრებიან, რადგან შეხვედრებზე მხოლოდ „ქართული ოცნების“
წარმომადგენელი კაცები დადიან.
წინასაარჩევნო კამპანიას მარნეულში აქტიურად მართავენ სხვა პარტიებიც.
„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი აგილ მუსტაფაევი მარნეულში
შეხვედრებს ძირითადად კარდაკარის პრინციპით მართავს. მუსტაფაევის მიერ
ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ძირითადად კაცები
არიან ჩართული. მუსტაფაევი, ახმედ იმამკულიევი და მათი მხარდამჭერი
რამდენიმე კაცი სოფლებში კარდაკარი პრინციპით დადის და მოსახლეობას
ხვდება. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნებისაგან“ განსხვავებით,
მარნეულის სოფლებში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი ქალიც
ატარებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს. სოფლებში
გასვლითი შეხვედრების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩნდება პარტიის წევრი
ლანა გალდავა.
„ძლიერი საქართველოს“ მსგავსად მარნეულელ ამომრჩეველს ძირითადად კაცი
პოლიტიკოსები ხვდებიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია ყოფილი
ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი (ნარზალოვი). ჯეიჰუნის მიერ სოციალურ
ქსელში გავრცელებული წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი ფოტო/ვიდეო
მასალიდან ჩანს, რომ ის ძირითადად სოფლებში მის მხარდამჭერ კაცებთან
ერთად დადის. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წინასაარჩვენო
კამპანიაში ჩართული იყვნენ პარტიის წარმომადგენელი ქალებიც. მარნეულის
საკრებულოს წევრი ნარგიზა ალიევა ბოლო პერიოდში გარდაბანში უფრო
აქტიურად ჩანს, ვიდრე მარნეულში, მაგრამ ის ჯეიჰუნ მუჰამედალისა და
პარტიის სხვა წევრებთან ერთად რამდენჯერმე მარნეულში გამართულ
წინასაარჩევნო შეხვედრასაც დაესწრო.
ძირითადად კარდაკარის პრინციპით ატარებს წინასაარჩევნო შეხვედრებს
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარტიულ სიაში მყოფი ოქტაი ქაზუმოვი,
რომელიც კოალიციის პარტიულ სიაში პოლიტიკური მოძრაობიდან „აქტივისტები
მომავლისათვის“ შევიდა. „აქტივისტები მომავლისათვის“ ეთნიკურად
აზერბაიჯანელი ახალგაზრდა აქტივისტების მიერ დაფუძნებული მოძრაობაა და
მასში ქალებიც არიან გაწევრიანებული. ოქტაი ქაზუმოვის ოფიციალურ
ფეისუბუქ გვერდზე გავრცელებულ პოსტებში ჩანს, რომ მარნეულის სოფლებში
კარდაკარ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე „აქტივისტები მომავლისათვის“
წარმომადგენელი ქალებიც იღებენ მონაწილეობას.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ელენე რუსეცკაია
განმარტავს, რომ ქალები ბევრ ბარიერს აწყდებიან, განსაკუთრებით ისეთ
რეგიონებში სადაც ინფორმაციის ნაკლებობა ან ენობრივი ბარიერია. სწორედ
ამიტომ, რუსეცკაია თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა
ქალ ამომრჩევლებთან უფრო მეტი უნდა ისაუბრონ. განმარტავს, რომ
მნიშვნელოვენია ქალ ამომრჩეველს ქალი პოლიტიკოსი ესაუბროს, რათა უფრო
ადვილად შეძლონ ქალებმა საკუთარ პრობლემებზე საუბარი.
„კულტურული, ტრადიციული თუ რელიგიური ბარიერები რაც
არსებობს ზღუდავს ქალებს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ. წინასაარჩევნო
პერიოდში ვხედავთ, რომ კაცები ხვდებიან კაცებს, ანუ კაცები საუბრობენ
ერთმანეთთან და ნაკლებად ხდება ქალებთან შეხვედრა ან თუ ხვდებიან
მაინც კაცები ესაუბრებიან ქალებს. ამ შემთხვევაშიც კი ნაკლები ვარაუდი
არის, რომ ქალი იყოს გახსნილი და დაუსვას მაგალითად პოლიტიკურ
პარტიებს ისეთი კითხვა რაც უშუალოდ მათ აინტერესებს. საჭიროებები
ქალებს და კაცებს განსხვავებული აქვს ყველა თემში და მათ შორის
ეთნიკური უმცირესობების თემში“. - აცხადებს
რუსეცკაია
ელენე რუსეცკაიას განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ქალ
ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები აქტიურად არ ხვდებიან
და არ აცნობენ წინასაარჩევნო დაპირებებს, ქალების ხმა შესაძლოა ორი
მიზეზით დაიკარგოს.
„საარჩევნო პროგრამაზე ქალებს ხელმისაწვდომობა არ აქვთ.
ნაკლები შანსია, რომ ვიღაც დაჯდეს და პროგრამა წაიკითხოს. ქალს რჩება
ორი გზა, ან მედიის საშუალებით შეუძლია გაიგოს პროგრამა ან მეორე, რომ
პოლიტიკურმა პარტიამ აუხსნას, თუ რა პრიორიტეტებს აყენებს ის
პროგრამაში. სამწუხაროდ, ეს მხარე ძალიან მოისუსტებს“.
- აცხადებს ელენე რუსეცკაია
ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე საუბრისას რუსეცკაია
იხსენებს ფარი ხანუმ სოფიევას, ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქართველ ქალს,
რომელიც პირველი მუსლიმი დემოკრატიული წესით არჩეული დეპუტატი გახდა.
ფარი ხანუმ სოფიევას მაგალითზე რუსეკცაია განმარტავს, რომ
საქართველოსა და მსოფლიოში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
არც ისე დიდი ხნის წინ მიიღეს. 1918 წელს კი ეთნიკურად აზერბაიჯანელმა
ქალმა შეძლო, რომ საკუთარი თემის წარმომადგენელი ყოფილიყო ადგილობრივ
საკრებულოში.
ფარი ხანუმ სოფიევას არჩევიდან 100 წელზე მეტი გავიდა - ეთნიკურად
აზერბაიჯანელი ქალი პოლიტიკოსები ახლა ადგილობრივ დონეზე
საკრებულოებში გვხვდებიან. მარნეულის საკრებულოში სულ 6 ქალია, მათგან
4 ეთნიკურად აზერბაიჯანელი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ხშირ
შემთხვევაში ისინი საჯარო შეხვედრებში ნაკლებად ჩანან.
ადგილობრივ დონეზე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი პოლიტიკოსების
გააქტიურება გენდერული კვოტირების პოზიტიური შედეგია. მარნეულის წინა
მოწვევის საკრებულოში არც ერთი ქალი პოლიტიკოსი არ იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები
ადგილობრივ დონეზე საკრებულოებში გვხვდებიან, საქართველოს არც ერთი
მოწვევის პარლამენტში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალი პოლიტიკოსი არ
გვყოლია. ამ არჩევნებზეც, არც ერთი პარტიის სიებში ეთნიკურად
აზერბაიჯანელი ქალი პოლიტიკოსები არ არიან.
წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, ქალთა რაოდენობა საარჩევნო სიებში
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შემცირებულია, რადგან მმართველმა
პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „გირჩმა“ ერთობლივად გააუქმეს
გენდერული კვოტა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადების
შესაბამისად, საქართველოს დღეს არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ
სისტემაში არ არსებობს სპეციალური პოზიტიური მექანიზმები, რომლებიც
უზრუნველყოფდა ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ადეკვატურ
პოლიტიკურ რეპრეზენტაციას და მონაწილეობას.
„2024 წლის 4 აპრილს, საპარლამენტო არჩევნების წელს,
ხელისუფლებაის ინიციატივით გაუქმდა 4 წლის წინ მის მიერვე მიღებული
სავალდებულო გენდერული კვოტირების წესი, რითაც მოშალა ის ინსტიტუციური
გარანტიები, რომლებიც ქვეყანაში გენდერული დემოკრატიისა და
თანასწორობის უზრუნველსაყოფად არსებობდა. ამ ცვლილების შედეგად, ქალთა
პოლიტიკური რეპრეზეტაციისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა პოლიტიკური
პარტიების კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული. თუმცა, იმ პირობებში,
როდესაც საქართველოში პარტიების შიდა დემოკრატია ძალიან მყიფეა და
პარტიების შიგნით კვლავ ჩანს ოლიგარქიული და მსხვილი კაპიტალის
ინტერესის დომინირება, ქალებისთვის ძალიან რთული იქნება პოლიტიკური
გაერთიანებების შიგნით სამართლიანი აღიარების მოპოვება და ძალის
შენება“. - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის
ცენტრის განცხადებაში
პარტიული სიების პირველ ოცეულში ყველაზე ცოტა ქალი „ქართულ ოცნებას“
ჰყავს წარმოდგენილი. სიის პირველ ოცეულში მხოლოდ ხუთი ქალია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
სიაში მკვეთრად გაუარესდა ქალთა წარმომადგენლობა 2020 წლის არჩევნების
სიასთან შედარებით.
„თუ 2020 წლის არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციული
სიის პირველ 60-ეულში 15 ქალი იყო (25%), მმართველი პარტიის მიერ
მიმდინარე წლის არჩევნებისთვის (რომელიც სრულად პროპორციული წესით
ჩატარდება) წარდგენილი სიის პირველ 60-ეულში მხოლოდ 8 ქალი კანდიდატია
(13.3%)“. - აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის
ცენტრის განცხადებაში
პარტიების სიის პირველ ოცეულში ქალთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
გენდერული კვოტების გაუქმებას უარყოფითად აფასებს ქალთა საინფორმაციო
ცენტრის გამგეობის წევრი ელენე რუსეცკაია. მისი თქმით, ქალებმა დიდი
შრომა გასწიეს, რათა პარლამენტს გენდერული კვოტები მიეღო.
„გენდერული კვოტები რომ მიეღოთ, გარკვეული ბრძოლა
დასჭირდათ ქალებს ამისთვის. ექვსჯერ და მეტჯერაც იყო პარლამენტში
მცდელობა და ბოლოს და ბოლოს ამ შედეგს მივაღწიეთ, რამაც ქალთა
წარმომადგენლობაც გაზარდა. გადაწყვეტილება აბსოლიტურად არაა
გააზრებული, რადგან ძირითადი არგუმენტი გაუქმების იყო ის, რომ უკვე
შედეგი გვაქვს, რასაც ჩვენ ვერ ვიტყვით რომ შედეგი გვაქვს. ჩვენ
ვხედავთ, რომ ზოგადად მმართველი პარტია ყველა პერიოდში, როგორც წესი,
თუ ვალდებულება არ აქვს ნაკლებად ცდილობს რომ ქალები შეიყვანოს
სიებში, ასე იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც. რადგან, ძალაუფლება
მათ ხელშია და შესაბამისად თუ კვოტები არ არის არც შეჰყავთ ქალები იმ
რაოდენობით, რა რაოდენობითაც შეიძლება იყოს დაცული ბალანსი და
დღევანდელი მონაცემებიც მაგის დასტურია, რადგან ვხედავთ რომ ქალები
ფაქტიურად ძალიან ცოტაა წარმოდგენილი მმართველი პარტიის სიაში და ის
ქალებიც კი რომლებიც წინა პლანზე არიან და ლიდერები არიან პარტიის,
ისინიც ვერ ვნახეთ „გამსვლელთა“ სიაში“.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის წევრის განმარტებით,
მნიშვნელოვანია, რომ პარტიები გააქტიურდნენ და აქტიურად აწარმოონ
შეხვედრები ქალ ამომრჩევლებთან, არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში,
არამედ ყოფელთვის, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას
შეეხება.
საქართველოში 3 495 789 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩეველთა
53% ქალია, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალთა მონაწილეობა არჩევნებში
მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი შეიძლება იყოს. მარნეულის მასშტაბით
სულ 101 572 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათი უმრავლესობაც ქალია.
მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიების წინა რიგებში
ქალი კანდიდატები არ არიან და პარტიები ქალ ამომრჩეველთანაც ვერ
მუშაობენ აქტიურად.