ბოლო 10 თვის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით
პაპილომა ვირუსზე 224 ადამიანი აიცრა.
ეს რაოდენობა მარნეულის მოსახლობის 1%-საც არ შეადგენს (დაახლოებით:
0,25%). ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სტატისტიკის
მიხედვით, პაპილომა ვირუსის ვაქცინა არცერთ კაცს არ აქვს
ჩატარებული.
იმუნიზაციაზე ინტერესის არ ქონა, მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეძლება
სტიგმით, გავრცელებული დეზინფორმაციებით და ინფორმაციული ვაკუუმით
ავხსნათ. მარნეულში მცხოვრებმა ქეთი ოქროპირიძემ პაპილომა ვირუსის
შესახებ ინფორმაცია პირველად
19 წლის ასაკში, საერთაშორისო
ორგანიზაციის ტრენინგზე გაიგო და აცრა გადაწყვიტა.
“ორგანიზაცია CARE- მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე შემთხვევით
აღმოვჩნდი , სადაც საუბარი ჯანმრთელობასა და სწორედ პაპილომა ვირუსზე
იყო . გასაკვირია ის , რომ მანამდე არავისგან მსმენია ან წამიკითხავს
ამის შესახებ, ამიტომ დიდი გულისყურით ვუსმენდი . აცრის
გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე, და ექიმსაც მალევე შევუთანხმდი,
ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია ამას სულ ვამბობთ, მაგრამ
ამისთვის მოქმედებაცა საჭიროა.” - თქვა ქეთი
ოქროპირიძემ.
ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც იწვევს
კანის, ან ლორწოვანი გარსების ინფიცირებას როგორც ქალებში, ასევე
კაცებში. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამშობიარო და ამბულატორიული
ცენტრის მეან-გინეკოლოგი, მანანა ქათამაძე განმარტავს, რომ ვირუსს
200-ზე მეტი სახეობა არსებობს და ადამიანებში სხვადასხვა ლოკალიზაციის
კიბოს გამოწვევა შეუძლია. ამბობს, რომ ვაქცინაცია ამ დაავადებების
პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა და მის შესახებ ინფორმაცია
მეტად უნდა იყოს გავრცელებული.
“ადამიანის პაპილომა ვირუსი ეს არის ვირუსთა ჯგუფი, რომელიც
აზიანებს კანის და ლორწოვან საფარველს. ორასზე მეტი გენოტიპისაა
ადამიანის პაპილომა ვირუსი და იყოფა ორ ჯგუფად. აგრესიული და
არააგრესიული ფორმით მიმდინარე. ვერ ვიტყვით, რომ მარტო გოგოებში
შეიძლება იყოს ეს ვირუსი ან მარტო ბიჭებში, ორივე სქესი შეიძლება იყოს
დაინფიცირებული. ვაქცინაცია არის საპროფილაქტიკო რომ არ შეხვდეს და თუ
შეხვდა ვირუსი ადამიანს, არ გამწვავდეს აგრესიულ ფორმაში. პაპილომა
ვირუსი, რომელიც არ არის აგრესიული, კანზე წარმოქმნის მეჭეჭებს.
წარმონაქმნები არის რომლებიც უკვე მიგანიშნებს, რომ ადამიანი არის
დაინფიცირებული და ყურადღება უნდა მივაქციოთ. ვაქცინაცია ძალიან კარგი
მეთოდია დღევანდელი ჯანდაცვის მართვის ორგანიზაციის მიერ, ვინაიდან,
პრაქტიკულად, ახალგაზრდა თაობას შეუძლია დაცული იყოს ვირუსისგან.
ასევე უნდა აღვნიშნოთ ის მოსაზრებები, რომ ვაქცინა გართულებას იწვევს
ან უშვილობას, ეს დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ
შეესაბამება.” - თქვა მანანა ქათამაძემ.
მარნეულში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2006 წელს
დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის სტატისტიკა დაბალ
მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, სხვა წლების ფონზე მზარდია. მარნეულის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ეთერ ლაფერაძე
ფიქრობს, რომ აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის დეფიციტი არ
არის და ამავდროულად გვეთანხმება, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად
მეტი ძალისხმევაა საჭირო. მარნეულში პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო
აცრის გაკეთება “ჯეო ჰოსპიტალს-ის” სამშობიარო და ამბულატორიულ
ცენტრსა და სოფლის ამბულატორიებშია შესაძლებელი.
მარნეულში 84 სოფლიდან ამბულატორია მხოლოდ 18 სოფელში ფუნქციონირებს,
ოჯახის ექიმების რაოდენობა კი 45-ია.
ჯანდაცვისა და საერთაშორისო ადვოკაცია კომუნიკაციის ექსპერტი, ეკა
სანიკიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის პაპილომა ვირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული კომუნიკაციის სტრატეგია ფორმალურად
არსებობს და მისი განხორციელება არ ხდება. ფიქრობს, რომ პროცესებში
აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც ცენტრალური მთავრობა ასევე ადგილობრივი
თვითმმართველობები, ჩატარდეს საინფორმაციო კამპანიები, დაინერგოს
ვაქცინის მობილური ჯგუფების პრაქტიკა და მოსახლეობა სწორად იქნეს
ინფორმირებული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც
საკმაოდ მძლავრია სტიგმატიზაცია და დეზინფორმაცია.
“თვითონ მოზარდთა ჯგუფთან უნდა ვიმუშაოთ, რადგანაც მუშაობა
სჯობს, იმიტომ რომ მათ უკეთ ვაგებინებთ ყველაფერს. შესაბამისად
გვჭირდება სკოლები, მუნიციპალიტეტები, პედიატრები, გინეკოლოგები,
მშობლები, ვინც ამ მოზარდებთან არიან ასოცირებული. ასევე მეორე ეს
არის გადაწყვეტილების მიმღები პირები, დაწყებული პარლამენტიდან ,
ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლიდან, დამთავრებული
პატარა რგოლებით, ანუ, თითოეული სოფლის გამგებლით, რათა მათ ხელი
შეუწყონ აცრებს. მაგალითად, მობილური აცრები გააკეთონ თუ პოლიკლინიკა
არ აქვთ, ადგილზე მოიტანონ ვაქცინები, რათა იქვე აიცრან. ასევე ძალიან
მნიშვნელოვანია თვითონ სამედიცინო პერსონალის ინფორმირება. გაკეთდა
კვლევა და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ მშობელს ესმის და უნდა, რომ აცრას
თავისი შვილი, მივიდა ჰკითხა ან პედიატრს ან გინეკოლოგს და იმან უთხრა
, რომ შეიკავე თავი. აი, ეს არის ის, რისთვისაც ლიცენზიას შევუჩერებდი
იმ ექიმს ჩემი ნება რომ იყოს” - თქვა ეკა სანიკიძემ
ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ საიმედოა იმ ქვეყნების სტატისტიკა,
სადაც ადამიანის პაპილომა ვირუსით ვაქცინა წლებია მიმდინარეობს და
დაავადების პროცენტული მავნებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
“ჩვენ გაგვიკვალა გზა სკანდინავიის, ევროპის თუ ამერიკის ქვეყნებმა,
რომ უკვე გვაქვს 10-12 წლის მონაცემები და თუ შევადარებთ აცრამდე
პერიოდში პრევალენტობას და აცრის შემდგომ პერიოდის პრევალენტომას
პაპილომა ვირუსთან ასოცირებული სიმსივნეებით, პრაქტიკულად 10-12%-მდეა
დასული, ანუ 80-85%-ით არის ეს დაავადება შემცირებული. ამიტომ გაჩნდა
იმედი უკვე, რომ სრულად ლიკვიდაცია შეიძლება და ამიტომ დაინერგა 4-5
წლის წინ საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციის პროგრამა ჯანმოს
მიერ” - ამბობს ეკა სანიკიძე
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა. ვაქცინების
ასაკობრივი კატეგორია ქალების შემთხვევაში მოიცავს 10-დან - 45 წლის
ჩათვლით პერიოდს , ხოლო კაცების შემთხვევაში 10-იდან 26 წლამდე
პერიოდს.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ კამპანიას დაავადებასთან
პრევენციაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, არ გვახსენდება მარნეულის
მუნიციპალიტეტის მხრიდან გადადგმული არცერთი ნაბიჯი, რომელიც პაპილომა
ვირუსის ინფორმაციულ კამპანიასთან ასოცირდება. თვითმმართველობის 60
მილიონიან ბიუჯეტში კი ამავე თემაზე ინფორმირების კამპანიისთვის
არცერთი ლარი არაა გამოყოფილი.