საზღვარგარეთის პასპორტში ჩაკრული პირადობის
ნომრები,
დატრიალებული “კარუსლები”, გაუვლელი მარკირებები,
ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ბღუჯად ჩატენვა, მაღალჩინოსნების მიერ
უბნების კონტროლი, დამკვირვებლებზე ზეწოლა, მედიისთვის ხელის შეშლა და
, ეს არაა ყველაფერი, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულში
მომუშავე დამკვირვებლებმა და მედიასაშუალების წარმომადგენლებმა
დააფიქსირეს.
მარნეული საარჩევნო რუკაზე ყოველთვის ერთ-ერთ ცხელ წერტილად
განიხილება, გამონაკლისი არც წლევანდელი არჩევნები იყო. მმართველმა
პარტიამ აქ ყველა წლებთან შედარებით, დაბალი აქტივობის
ფონზე, ხმების
უპრეცედენტო რაოდენობა 79,619% მიიღო.
არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოვიდა მარნეულის სოფელ სადახლოში “ჩემი
ხმის” წარმომადგენელი ირაკლი ჭუმბურიძე.
განსხვავებული მოლოდინები ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ნანახმა მოლოდინს
გადააჭარბა.
“მარნეულზე მსმენია, რომ არჩევნებზე ვნებათაღელვაა, ხოლმე,
მაგრამ სიმართლე გითხრათ, რეალობა რაც ვნახე, იქ უფრო მეტად ცხელი იყო
მანამდე რაც მქონდა გაგებული. მოლოდინი მქონდა რომ აქტივობა იქნებოდა
მაღალი. წინასაარჩევნოდ კი კარგად იმუშავა ხალხის დაშინებამ, ომის და
მშვიდობის ბანერებმა და პლაკატებმა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად
მჯეროდა, რომ ხალხი ხედავდა ამ რეალობას და შიში არ იქნებოდა
გადამწყვეტი ფაქტორი და არჩევნებზე მივიდოდნენ. მინდოდა ამ პროცესის
თანამონაწილე ვყოფილიყავი და ხალხის ხმები დამეცვა.”
ირაკლი ჭუმბურიძეს ეკუთვნის 5 წამიანი ვიდეო, რომელიც 69-უბნის
გაბათილების და დახურვის საბაბი გახდა. მან დააფიქსირა, თუ როგორ
ჩაყარა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ
როვშან ისკანდაროვმა მუჭით საარჩევნო ბიულეტენები ურნაში.
როვშანი იმავე უბანზე დამკვირვებელი იყო პოლიტიკური პარტიიდან. ირაკლი
ჭუმბურიძე გვიყვება, რომ მისმა უბანზე გამოჩენამ უკმაყოფილება
გამოიწვია, თავიდანვე აუკრძალეს ფოტო-ვიდეოს გადაღება და ტერიტორიაზე,
რეგისტრატორის მაგიდასთან 2 მეტრის რადიუსით მეტად მიახლოება.
“უბანზე შესვლისთანავე შევნიშნე რომ რეგისტრატორის მაგიდასთან
რაღაც ხდებოდა, სავარაუდოდ, კარუსელი, ადამიანები შემოდიოდნენ
ჯგუფ-ჯგუფად ბოლო რეგისტრატორის მაგიდასთან მიდიოდნენ, იქიდან
გამომდინარე რომ თავიდანვე ამიკრძალეს ორი მეტრის რადიუსით მიახლოება
, შესაბამისად, ძალიან რთული იყო გამეგო ეს ადამიანები თავისი
პასპორტებით იყვნენ, თუ სხვისი პასპორტებით. რაც შეეხება ბიულეტენების
ჩაყრის გადაღებას, რეალურად ფოტო რეჟიმით (LIVE ფუნქცია) გადავიღე ეგ
5 წამიანი ვიდეო, მაშინვე მივხვდი რომ კარგი არაფერი მოხდებოდა, ცოტა
დავიბენი კიდეც იმიტომ, რომ არასდროს შევწრებივარ ასეთ დიდ რაღაცას ,
პირველი გამოცდილება იყო. მომადგნენ, მეჯაჯგურებოდნენ და გარეთ
გაყვანას მთხოვდნენ, ვუთხარი რომ დამკვირვებლად ვიყავი იქ მისული და
თვითონაც თუ დამკვირვებელი იყო საჯაროდ ესაუბრა ჩემთან. ეს ჩემი
სიმშვიდე არ მოეწონა და ძალდატანებით გამათრიეს გარეთ. ხელები ავწიე
და ვუთხარი ჩემგან რა გინდათ, დამკვირვებელი ვარ. ბოლოს შემეშვნენ და
უბნის დატოვებას მთხოვდნენ. ნივთების ასაღებად რომ შევბრუნდი
თავმჯდომარემ გამომაგდო ოფიციალურად დამიწერა, რომ ფოტო-ვიდეო
გადაღების გამო მიშვებდა. ამ დროს მოვიდა პოლიცია, გარეთ რომ
გამათრიეს ალბათ 3 -5 წუთში. პოლიციამ გამარიდა უბანს, მესაუბრნენ რა
მოხდა და როგორ და დამტოვეს მარტო. იქვე ვიყავი უბანზე, ცოტა
შემეშინდა ვინაიდან შეიძლებოდა ეს ადამიანები უკან დაბრუნებულიყვნენ.
ფიზიკურად არ გამისწორდნენ, მაგრამ შეეძლოთ, ამის თქმა მინდა.
რეალურად რომ გცოდნოდათ, რომ მე მტკიცებულება მქონდა, ალბათ,
ტელეფონსაც დამიმტვრევდნენ. ამის შემდეგ დავტოვე უბანი და
წამოვედი”
შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღეს დამდგარი რეალობა წინარე
პერიოდით მომკილი შედეგია. სოფელ-სოფელ იარა ქართული ოცნების
დელეგატმა ზაურ დარგალმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად
მარნეულში. ბევრი მცდელობის მიუხედავად არცერთი შეხვედრის გაშუქების
შესაძლებლობა არ მიეცა რადიო “მარნეულს. დარგალის მიერ გაზიარებული
პოსტებიდან კი მხოლოდ ის ვიცით, რომ მოსახლეობასთან “თბილი”
შეხვედრები ჰქონდა.
მასალებზე დაკვირვებით შეხვედრებზე იყო ადმინისტრაციული რესურსის
გამოყენების არაერთი შემთხვევა, რაც მასწავლებელთა გამოყვანით
აიხსნება. ის, თუ რაზე ლაპარაკობდნენ მმართველი პარტიის წევრები
მარნეულელ ამომრჩევლებთან, რამდენიმე პედაგოგმა გვითხრა, რომ, მთავარი
აქცენტი ომზე კეთდებოდა. იმაზე, რომ თუ ქართულ ოცნებას არ აირჩევდნენ
ომი დაიწყებოდა. პრინციპში ეს გავრცელებული წინასაარჩევნო ნარატივი
იყო. ასე გამოიფინა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში “ომისა
და მშვიდობის გასაანალიზებელი” ბილბორდები.
იყო მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის მოქალაქეების ჩართულობაც
წინასაარჩევნო პერიოდში. ქართული ოცნების დელეგატმა დავით
შერაზადაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო რამდენიმე
შეხვედრა აზერბაიჯანში მოღვაწე ადამიანებთან ერთად გამართა.
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ ეს აპრობირებული
მეთოდია.
სამირა ბაირამოვა თვლის, რომ ოცნების პროპაგანდამ მოსახლეობაზე კარგად
იმუშავა, ვინც ამ ინფორმაციების გამქარწყლებელი უნდა ყოფილიყო
ოპოზიციური სპექტრია, რომელმაც ამომრჩეველს ალტერნატივა ვერ
შესთავაზა.
“ხალხთან შეხვედრები უფრო პროპაგანდისტული იყო. ომზე და
მშვიდობაზე ესაუბრებოდნენ, ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს.
ფაქტობრივად, პროპაგანდით მოიგეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ
პროპაგანდასთან ბრძოლაში, მოსახლეობის წინასაარჩევნოდ ინფორმირებაში,
ოპოზიცია საკმაოდ სუსტი იყო. მათი სისუსტე და დაბალი ჩართულობაც ხელს
უწყობდა მმართველი პარტიის პროპაგანდის გავრცელებას. მათ უფრო ჰქონდათ
აქტიური კონტაქტი ხალხთან, ვიდრე ოპოზიციას. იყო საერთოდ სოფლები,
სადაც კაციშვილი არ იყო ჩასული მარნეულშიც აღნიშნავდნენ რომ
არააქტიური საარჩევნო პერიოდი იყო. ზოგი საერთოდ არ იცნობდა ოპოზიციის
კანდიდატებს. არაერთხელ მომწერეს ეს ადამიანი ვინ არის , რას
წარმოადგენს, სადაური არის, არჩევნების დღემდე არ იცნობდნენ ოპოზიციის
წარმომადგენლებს.” - თქვა სამირა ბაირამოვამ.
სამირა ბაირამოვა არჩევნების პროცესს მარნეულში არაერთხელ
დაკვირვებია. გაყალბების პროცესების მომსწრეც ყოფილა, თუმცა თვლის რომ
წელს ასეთი შემთხვევბის უპრეცენდენტო რაოდენობა იყო და ამ პროცესში
ძირითადად ახალგაზრდები და საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული.
“ვინც არის დღემდე კომისიის წევრები, სხვადასხვა ორგანიზაციის
სახელით დარეგისტრირებული დამალული, ყალბი დამკვირვებლები ეს
ყოველთვის იყპ, მაგრამ ამ წელს ამ ყველაფრის პიკი იყო. ადამიანები არ
ერიდებოდნენ არჩევნების გაყალბებას და ჰქონდათ სხვადასხვა მეთოდები.
გაყალბების პროცესებში უამრავი ახალგაზრდის ჩართულობა იყო, ისეთების,
ვინც არის განათლებული, აქვს ცოდნა, მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა
შეხვედრებში , ტრენინგებზე და ვფიქრობდით რომ სწორედ ესენი არიან
ნათელი წერტილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანებიც მაღალ დონეზე
იყვნენ გაყალბების პროცესში. მგონია, რომ მათაც დაინახეს, რომ ჩვენს
ქვეყანაში ცოდნა, პატიოსნება და განათლება არ ფასდება. უყურებენ
სხვადასხვა თანამდებობის პირებს, მათ წარსულს როგორ მოვიდნენ
პოზიციებზე, ხალხმა როგორ მიიღო და ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა
იმოქმედა და ალბათ აზრის შეცლამდეც მივიდა ეს ყველაფერი. რაც არის
ძალიან სამწუხრო. ასევ არჩევნების დღეს უბნებზე ვხედავდით საჯარო
მოხელეებს, თუ თვითონ არ იყვნენ ახლოს, მათი ოჯახის წევრი ან ახლო
ადამიანი იყო ან აგიტატორის როლში ან კიდევ სხვადასხვა მოვალეობა
ჰქონდათ ყველას თითქმის.” - ამბობს სამირა ბაირამოვა.
არჩევნებს აკვირდებოდა მარნეულში სამოქალაქო ჩართულობისა და
აქტივიზმის ცენტრის დირექტორი, რაშან ზიადალიევი. ის სადამკვირვებლო
მისიის „ჩემი ხმის“ წევრი იყო , დამკვირვებელი ამბობს, რომ მათ მიერ
დაფიქსირებული დარღვევები კომისიის წევრების გაღიზიანებას იწვევდა,
რის გამოც „ჩემი ხმის“ არაერთი დამკვირვებელი გახდა ფიზიკური
თავდასხმის თუ სიტყვიერი დაპირისპირების მსხვერპლი.
„ვნახეთ, რომ ერთ სქემის ფარგლებში მუშაობდნენ. მაგალითად,
საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული
ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი.
ასევე, მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება
საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა
ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია, კერძოდ მარკირების
გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე
არ ხვდებოდა მარკირების სითხე. უბანზე ჩვენი დამკვირვებლებისთვის
მტრული გარემო იყო შექმნილი. ჩვენი დამკვირვებლების მიმართ დაფიქსირდა
ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების
მცდელობები. „ - ამბობს ზიადალიევი.
მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 41 საჩივარი შევიდა.
მათ შორის უბნების გაბათილებაზე, კომისიის წევრების მიმართ
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და რამდენიმე უბნის
შედეგების გადათვლაზე. მარნეულის საოლქოს ხელმძღვანელი , ლელა
ქრისტესიაშვილი ამბობს, რომ არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა
უბნების გაბათილებაზე.
მარნეულში არსებულ 81 უბნიდან შედეგები მხოლოდ ერთში, არჩევნებში
არჩევნების დღესვე გაბათილდა. მაშინ, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილის მიერ ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი დაფიქსირდა. როვშან
ისკანდაროვი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, შეჩერებული აქვს
მარნეულის საკრებულოს წევრობა და თავმჯდომარის მოადგილეობის პოზიცია.
მისი მორიგი სასამართლო პროცესი 25 დეკემბერსაა ჩანიშნული.
საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ დავა
არაერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო, თუმცა მოთხოვნა
არცერთ მათგანს არ დაუკმაყოფილდა. დღემდე გრძელდება საპროტესტო
აქციები მოპარულ არჩევნებსა და წართმეულ ხმებზე.