რა საფრთხეს უქმნის საჯარო მოხელეებს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი კანონი
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საჯარო მოხელეების გათავისუფლებას აიოლებს. 15 დეკემბერს მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებების მიხედვით, შეიცვლა მმართველი რგოლის საჯარო მოხელეების სტატუსი, გაიოლდა რეორგანიზაცია და შეიცვალა მოხელის შეფასების სისტემა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით მაშინ შევიდა, როდესაც საჯარო მოხელეების ნაწილმა ხმა აიმაღლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისა და მშვიდობიანი აქციების დარბევების
წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი განმარტავს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტიტუცია, რომლის აშენებაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვისაა საჭირო, საჯარო სამსახურია. ბრაჭველის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საჯარო მოხელეებს მათ პარტიულ აქტივად მოიაზრებს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა იმ მოხელეების დასასჯელი მექანიზმი გახდება, რომელებიც „ქართული ოცნების“ იდეოლოგიას არ იზიარებენ.

„ქართული ოცნება საჯარო მოხელეებს აიძულებს მუქარის ქვეშ, რომ რაღაცეები დაპოსტონ და დაწერონ სოციალურ ქსელებში. ერთი მხარე არის ის, რომ არ აყავთ ისეთი ადამიანები სამსახურში, რომლებიც შეიძლება არ იზიარებდნენ „ქართული ოცნების“ ნარატივს და მეორე არის ის, რომ ემუქრებიან სამსახურიდან გაშვებით. არა და ზუსტად იმ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საჯარო სამსახურის რეფორმა რაც გავატარეთ, იქ წერია ზუსტად, რომ საჯარო მოხელეს აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრები, დააფიქსიროს თავისი პოზიცია, აქვს გაპროტესტების უფლებაც იმ შემთხვევაში თუ არ მოსწონს ხელისუფლება. ეს არის ის რაც უნდა იცოდნენ საჯარო მოხელეებმა, რომ მათ აქვთ გამოხატვის უფლება და გამოხატვის თავისუფლება და პირიქით, როდესაც ჩვენი ქვეყანა ესეთ განსაცდელშია ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“. - განაცხადა საბა ბრაჭველმა

ბრაჭველის მსგავსად „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შესული ცვლილებები საზიანოდ მიაჩნია საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს თამარ სურმავას. მისი განმარტებით, 2013 წლიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შევიდა საკმაოდ კარგი ცვლილებები, რამაც მოხელეების დაცულობა განამტკიცა, ხოლო 2024 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებულმა ცვლილებებმა საჯარო მოხელეთა დაცულობა მინიმუმამდე დაიყვანა.

„საჯარო მოხელეები ახლა დაუცველები არიან. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება არა მხოლოდ კონსტიტუციას და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ თავად კანონის მიზანს, პირველივე მუხლში რაც არის განსაზღვრული“. - აცხადებს სურმავა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს თუ რა ცვლილებები უქმნის საფრთხეს საჯარო სამსახურებში დასქმებულ მოქალაქეებს.


საჯარო მოხელის სტატუსის შეჩერება


კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, ანუ სამსახურების და განყოფილებების უფროსები, როგორიცაა მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახური, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და ა.შ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაინიშნებიან ხელმძღვანელის სურვილისამებრ - მათ არ მოეთხოვებათ სამუშაოსათვის შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდის ჩაბარება და ა.შ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ იქნებიან საჯარო მოხელეები. მათზე აღარ გავრცელდება საჯარო მოხელისათვის განკუთვნილი დაცვის გარკვეული საშუალებები და მექანიზმები და ეს პირები უკვე იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები“. - აცხადებს თამარ სურმავა

პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისათვის საჯარო მოხელის სტატუსის წართმევა ასევე ნიშნავს, რომ ისინი თანამდებობაზე უვადოდ აღარ დაინიშნებიან. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, ყველა საჯარო მოხელე უვადოდაა დანიშნული.

”უკვე ეს საჯარო მოხელეები დაინიშნებიან კონკრეტული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით. გარდა ამისა, ამ ადამიანების დანიშვნა განხორციელდება უკონკურსოდ, პირადი გადაწყვეტილებით და ასევე შესაძლებელია ამ ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელის ინიციატივით. ანუ, მათი დაცვის ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი რაც თავის მხრივ დიდ საფრთხეს წარმოადგენს და წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მიზნის საწინააღმდეგო განაწესს“. - ამბობს თამარ სურვმავა

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო სამსახურის ხელმძღვანელი პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელს ან მის მოადგილეს გაანთავისუფლებს, დასაქმებულებს მხოლოდ ერთი თვის ხელფასი მიეცემათ.

რეორგანიზაცია


კანონის ახალი რედაქციით გაფართოვდა რეორგანიზაციის საფუძვლები, გაიოლდა რეორგანიზაციის დროს საჯარო მოხელის გათავისუფლება, გაუქმდა მოხელის ტოლფას თანამდებობაზე გადაყვანის შესაძლებლობა, შემცირდა რეორგანიზაციის ვადები და შეიზღუდა მოხელის დარღვეული უფლების სასამართლოს გზით აღდგენის შესაძლებლობები.

„ახალი რედაქციით რეორგანიზაციის დროს მობილობის საკითხი გამორიცხულია. ანუ ეს რას ნიშნავს, თუ კონკრეტულ დაწესებულებაში შტატების შემცირება იგეგმებოდა ასეთ შემთხვევაში მოძიება უნდა მომხდარიყო ჯერ იმავე დაწესებულებაში სხვა ვაკანტური პოზიციების და შემცირებული კადრები უნდა გადასულიყვნენ ამ ვაკანტურ პოზიციებზე. ანუ, რეორგანიზაციის პროცესში მობილობა მთლიანად იქნა ამოღებული“.

იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციით გათავისუფლებული პირი სასამართლოს წესით დაადასტურებს, რომ ის უსამართლოდ გაათავისუფლეს, მას მხოლოდ 3 თვის კომპენსაცია მიეცემა - ძველი რედაქციით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი მთელ განაცდურ ხელფასს იღებდა.

„ასევე, რეორგანიზაციის საფუძვლით განთავისუფლებული პირი, სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, სამსახურში ვეღარ აღდგება. რადგან, თავად კანონშია ჩაწერილი რომ ეს პირი ვერ აღდგება სამსახურში“.

კანონის ძველი რედაქციის მიხედვით, რეორგანიზაციის დაწყებისას კონკრეტულმა სამსახურმა უნდა დაასაბუთოს, რომ რეორგანიზაცია იყო საჭირო და შესამცირებელი პირები სამართლიანადაა არჩეული - თავიანთი სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დაადასტურა, რომ რეორგანიზაცია არაკანონიერი იყო, გათავისუფლებულ პირს უნდა აუნაზღაურდეს სრული განაცდური - თუ ორი წლის განმავლობაში ვერ იმუშავა, ორი წლის ხელფასი; ასევე უნდა აღდგეს იგივე, ან მის ტოლფას თანამდებობაზე ან მიიღოს კომპენსაცია სამსახურში დაბრუნების სანაცვლოდ.

„როდესაც ვამბობთ, რომ ამ კანონის შემთხვევაში პრაქტიკულად უუფლებოდ დარჩა განთავისუფლებული პირი იმას ვგულისხმობთ, რომ ახალი კანონით, რეორგანიზაციის დროს სამსახურიდან განთავისუფლებულ პირს ეზღუდება სამსახურში აღდგენა ანუ იგი ვეღარ დაბრუნდება სამსახურში. ამასთან, თუ სასამართლოში იდავებს და გადაწყვეტილება იქნება მის სასარგებლოდ მიღებული, აქაც შეუზღუდა კანონმდებელმა სასამართლოს კომპენსაციის გაცემის ოდენობა და განისაზღვრა რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ 3 თვის ხელფასის ოდენობით“.

თამარ სურმავას განმარტებით, კანონში შესული ცვლილებები არაკონსტიტუციურია, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ მხოლოდ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის არაკონსტიტუციურობაზე ჯერ კიდევ 2015 წელს იმსჯელა.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძველ რედაქციაში, ჯერ კიდევ 2013 წელს, ასეთივე ჩანაწერი იყო განაცდურის კომპენსაციასთან დაკავშირებით, რაც ახალ რედაქციაშია და მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას, შრომის უფლებას და ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. ანუ დღევანდელი კანონითაც ხდება ისეთი ტიპის ნორმის შემოტანა, რომელიც უკვე იყო არაკონსტიტუციურად მიჩნეული“. - განაცხადა თამარ სურვმავამ

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავს საკონსტიტუციო სარჩელით, ვინაიდან მათ მიაჩნით, რომ ნორმები, რომელთა შემოტანაც იგეგმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მოხელის შეფასება


საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძველი რედაქციით, საჯარო მოხელის შეფასება წელიწადში ერთხელ ხდებოდა, ხოლო საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება ორი უარყოფითი შეფასების მეშვეობით იყო შესაძლებელი. კანონის ახალ რედაქციაში ძალაში დარჩა ორი უარყოფითი შეფასების შემთხვევაში საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა, მაგრამ შეიცვალა მოხელის შეფასების ვადები - ახალი რედაქციით საჯარო მოხელე ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეფასდეს.

„საჯარო მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, მაგრამ კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, მოხელის შეფასების შეცვლა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია. დაწესებულების ხელმძღვანელს უფლებამოსილება ეძლევა უშუალო ხელმძღვანელის შეფასებიდან ერთი თვის ვადაში შეცვალოს გაცემული შეფასება რაც ასევე ზრდის რისკებს. მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყველაზე კარგად შეიძლება იცოდეს მისმა უშუალო ხელმძღვანელმა და მის უშუალო ხელმძღვანელს აქვს გაცილებით მეტი ინფორმაცია რომ სრულად მოახდინოს განვლილ პერიოდზე შეფასება“. - აცხადებს იურისტი

კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, შემცირდა მოხელეთა კანონიერი გათავისუფლებისათვის გათვალისწინებული დრო. თუ ძველი რედაქციის მიხედვით მოხელე წელიწადში ერთხელ ფასდებოდა, ხოლო გათავისუფლებისათვის ზედიზედ ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასება იყო საჭირო ეს ნიშნავს, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლებისათვის ორი წელი იყო საჭირო, ახალი რედაქციით კი ეს დრო ერთ წლამდე შემცირდა.

იურისტის თამარ სურმავას განმარტებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებები აუარესებს საჯრო მოხელეების მდგომარეობას და ხელს უშლის მათ პროფესიულ განვითარებას. სურმავას მსგავსად სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველიც თვლის, რომ საჯარო მოხელეები ახალი კანონის მეშეობით უფრო მეტად იქნებიან შეზღუდულები, ვიდრე დღეს არიან. ამასთან ერთად, ბრაჭველი განმარტავს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ცვლილება საქართველოს ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებიდან გასვლაცაა, რადგან ის ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება.

საჯარო მოხელეების უმრავლესობა, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებში დასაქმებული პირები, მმართველი პარტიისადმი ლოიალობითა და შიშით გამოირჩევიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოხელეებს აიძულებენ სხვადასხვა პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობას ან პრო პარტიული აზრების დაფიქსირებას. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონით „ქართული ოცნების“ ლიდერებს უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ იმისათვის, რომ მათთვის არასასურველი საჯარო მოხელე სამსახურიდან გაანთავისუფლონ.

პარლამენტმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებთან ერთად ასევე მიიღო ახალი კანონები, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას ზღუდავს და გაზარდა ჯარიმები ისეთ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა ქალაქის იერსახის დამახინჯება (ასეთი ქმედება შეიძლება იყოს საპროტესტო წარწერების გამოსახვა კედლებზე და ა.შ.), აქციის დროს გზის გადაკეტვისთვის, ავტომობილით აქციაში მონაწილეობისა და ა.შ.

პროცედურულად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 7 დღის ვადაში პრეზიდენტს გადაეგზავნება, რომელსაც მასზე ხელმოწერისათვის 10 დღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს, მას პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს, რის შემდეგაც კანონი ოფიციალურად შევა ძალაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, შესაბამისად ამ შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტს, არ ცნობს. მან ასევე აქტიურად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, მათ შორის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებიც.
დამატება (30.12.2024): საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგა. ინაუგურაციის შემდეგ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ ყველა საკანონმდებლო ცვლილებას, მათ შორის "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესულ ცვლილებებსაც. 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესული ცვლილებეი. 

საქართველოს პარლამენტთან მასშტაბური, მშვიდობიანი, აქციები უკვე 20 დღეზე მეტია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციების ძალადობრივი დარბევების დროს დაშავებული და დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებაა.


რადიო "მარნეული" 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები