ხანდაზმულთა მხარდაჭერის სახლი დმანისში და შესაძლებლობა, რომელიც მარნეულმა არ გამოიყენა
12:50 / 22.05.2025
„დილით თვალს გავახელ თუ არა და ავდგები, ჩქარ-ჩქარა ჩავიცვამ
ტანსაცმელს და მივდივარ“ –
78 წლის იამზე ციხელაშვილის დილა მეორე წელია დმანისის მხარდამჭერთა
ცენტრში წასვლით იწყება, სადაც ყოველდღიურად ათეულობით ხანდაზმული
იკრიბება.
სიბერე აქ ნათელი, ხმაურიანი და სიცოცხლით სავსეა. ერთმანეთს
უზიარებენ დარდს, სიხარულს, აქვთ ბევრი გასახსენებელი და ახალ
თავგადასავლებსაც ქმნიან.
„როცა არ შემიძლია და არ ვარ კარგად, აქ ყოფნა ისე
გამომაჯანმრთელებს, სახლში დამცინიან ხოლმე — იქ ყოფნა კარგად გხდის
და აქ რომ მოდიხარ, სუსტად ხარო. ისე სწრაფად გაირბინა ახალგაზრდობის
წლებმა, ვერც გავიგე. სიბერე ცოტა ძნელი ყოფილა, დაავადებებიც
შემომეპარა, მაგრამ ამ მხარდაჭერის სახლში ისეთი კარგი ხელმძღვანელობა
გვყავს, არაფერს გვაკლებენ. ავად გავხდებით და ექიმი მოჰყავთ. აქ რომ
მოვალ და ვიტყვი ავად ვარ, მეგობარი შემომძახებს — მეც ვარ ავად,
მაგრამ არაფერი უჭირსო — აი, ეს სიტყვები მამხნევებს ძალიან.
ერთმანეთთან საუბარი უცებ გამოგვაჯანმრთელებს ხოლმე,“ —
გვიყვება იამზე ციხელაშვილი.
დმანისის მხარდამჭერთა სახლი ავსტრიელების მიერ დაფუძნდა.
ორგანიზაციას ახლა დღის ცენტრი და შინ მოვლის სერვისი აქვს. 2022
წლიდან შესაძლებელი გახდა ღირსეულ სიბერეზე ზრუნვა და სპეციალური
სივრცის გამოყოფა 70-მდე რეგისტრირებული ბენეფიციარისთვის.
„მხარდაჭერის სახლი დაფუძნდა ავსტრიელების მიერ,
ორგანიზაცია „ჰილსვერკის “ თაოსნობით, რომელსაც მხარი დაუჭირა
საქართველოში ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ და დღეს ფუნქციონირებს
მხარდაჭერის სახლის სახელით. თანადაფინანსებაში ჩაერთო
მუნიციპალიტეტი. ჩვენთან ყველა ღონისძიებას მხარს უჭერენ, თვალყურს
გვადევნებენ, ხშირად გვსტუმრობენ და ყველა სახის მუნიციპალურ
ღონისძიებაში ჩართულნი ვართ ჩვენ თვითონ. ხანდაზმულთა ცენტრის გახსნა,
დღის ცენტრისა და შინ მოვლის სერვისების ჩათვლით, გახდა მიზეზი იმისა,
რომ მოხუცებს ახალგაზრდებთან ერთად თავი ბედნიერად ეგრძნოთ. ამით
სიცოცხლე გავუხანგრძლივეთ და სტიმული მივეცით, რომ მათ ბედნიერი
მომავალი ჰქონოდათ. იცით, რამდენჯერ გამიგონია მათგან ასეთი ნათქვამი:
„ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენ კიდევ ვახსოვართ,“ —
გვითხრა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ოქრიაშვილმა.
დმანისის მხარდამჭერთა სახლს ყოველდღიურად დაახლოებით 20 ხანდაზმული
სტუმრობს. მათთვის ეს ადგილი ხშირად ერთადერთი შესაძლებლობაა, რომ
სახლიდან გამოვიდნენ, გაერთონ, იცეკვონ და მოუსმინონ მუსიკას.
ქალ ბენეფიციართა შორის ასაკით ყველაზე უფროსი 84 წლის მერი
მარტიკიანია. გვიყვება, რომ ახალგაზრდობაში ექთანად მუშაობდა, თუმცა
სამსახურის დატოვება დაოჯახების შემდეგ მოუწია. დმანისში გახსნილი
სივრცე მისთვის ხელმეორედ დაბადების შესაძლებლობა გახდა.
„სულიერად მინდა ხოლმე, რომ დავწყნარდე, დავმშვიდდე და აქ
რომ მოვდივარ, ზუსტად აქ ვგრძნობ თავს ლაღად და თავისუფლად.
ახალგაზრდობაში სახლში არ ვმჯდარვარ — სულ ვმუშაობდი. ბაღში ექთნად და
შემდეგ საავადმყოფოშიც, ბავშვთა განყოფილებაში. დაოჯახების შემდეგ
სახლში მომიწია დაჯდომა, შვილებს ვზრდიდი. მინდოდა ამ ყველაფრისთვის
თავი დამეღწია და გამოვსულიყავი. გული მიწევს, რომ მოვიდე ჩემს
მეგობრებთან, თითქოს ხალხს ხელმეორედ დავუბრუნდი. კარგი გართობაა —
მუსიკა, ცეკვა — რაც კი კარგია, ყველაფერი აქ ხდება,“ —
ამბობს მერი.
დმანისის მხარდამჭერთა სახლს მრავალფეროვანი სერვისები აქვს
ხანდაზმულებისთვის. ორგანიზაციაში მუშაობს ექთანი, რომელიც მათ
ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჰყავთ სპორტის მასწავლებელი — ჯანსაღი
ცხოვრების წასახალისებლად. განსაკუთრებით დიდი მოლოდინით ელიან
ფსიქოლოგს, რომელიც თბილისიდან კვირაში ერთხელ სტუმრობს.
„ჩვენი ფსიქოლოგი, ჩვენი კოტე სამშაბათობით მოდის. ისე
ვჩქარობთ იმ დღის მოსვლას, რომ არ ვიცი. რაც ჩვენ გვინდა, იმაზე
საუბრობს — შინაურად, ისე უბრალოდ, თითქოს ჩვენს შვილად და მეგობრად
ვთვლით. წვიმაა, თოვლია, რაც უნდა იყოს — მაინც მოდის თბილისიდან.
იშვიათად თუ გაგვიცდინოს — ისიც თუ ავადაა, მაგრამ მაშინაც გვწყინს.
მთავარი ადამიანის ცხოვრებაში ყურადღება ყოფილა, თუნდაც მცირედი —
ერთი მოკითხვაც კი ცხოვრების ხალისს გვაძლევს,“ — ამბობს 72
წლის ეთერი მუჯირიშვილი.
ცენტრი მეორე ოჯახი გახდა დმანისში მცხოვრები რაგიმ
აგაქიშიევისთვის.
„ჩვენთვის ეს ცენტრი სანატორიას ნიშნავს. მოვდივართ,
ვერთობით, ვისვენებთ. გაბრაზებული რომ ვიყო, აქ რომ მოვდივარ,
ყველაფერი მავიწყდება. პროფესიით ბიოლოგი ვარ, 20 წელი ვიმუშავე
სკოლაში, მერე დაიკეტა და ახლა ფუტკრები მყავს, ვუვლი — ახლა
ფუტკრების მასწავლებელი ვარ. ეს ჩემი მეორე სახლია: პირველი სახლიდან
გამოვდივარ და მეორე სახლში მოვდივარ. აქ ვსვამთ ყავას, ნარდს
ვთამაშობთ, დაბადების დღეებსაც აქ ვიხდით.“- ამბობს
რაგიმი
ხანდაზმულებმა, რომლებიც დმანისის დღის ცენტრის ბენეფიციარები არიან,
შექმნეს საკუთარი თეატრალური ჯგუფი და დგამენ დასამახსოვრებელ
წარმოდგენებს. ისინი სპექტაკლებს არა მხოლოდ ცენტრში ასრულებენ,
არამედ ცდილობენ თავიანთი ნამუშევრები სოფლებშიც გაავრცელონ და
საბავშვო ბაღები მოინახულონ. ამ აქტივობით ისინი ცდილობენ არა მხოლოდ
საკუთარი შემოქმედების განავითარებას, არამედ კომუნიკაციის,
ურთიერთობის და ერთმანეთის მხარდამჭერი გარემოს შექმნას.
„არ მეგონა, თუ მგლის როლს ვითამაშებდი ჩვენს საბავშვო
სპექტაკლში. მაშინვე ვთქვი — ვგევარ მგელს? ყველამ კარგი როლები
გაინაწილა და მე ეს შემხვდა. მაგრამ ისე მოეწონა ხალხს, გამოხმაურებაც
კი მქონდა — გერმანიიდან გამოაგზავნა შეფასება იმან, ვინც ეს
სპექტაკლი ნახა, რომ მე ვიყავი მგლის როლის საუკეთესო შემსრულებელი.
მე კი მეგონა, რომ ეს როლი ყველაზე ცუდი იქნებოდა. ჩვენთან დმანისში
ბავშვებს იშვიათად აქვთ სპექტაკლების ნახვის საშუალება და ამ
გასვლებით ისეთი სიყვარული დავიმსახურეთ — აღფრთოვანებულები
დარჩნენ,“ — თქვა იამზე ციხელაშვილმა.
დმანისის მხარდამჭერთა სახლის ხელმძღვანელი ეკატერინე ოქრიაშვილი
აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა
პროექტებში.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მათთვის საერთაშორისო
ორგანიზაცია „სენის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ამ
თანამშრომლობის ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტმა და ორგანიზაციამ
ერთად განახორციელეს თანადაფინანსებული პროექტი — „თაობებს შორის
ტექნოლოგიური ხიდი“, რომლის საერთო ბიუჯეტი 31282.43 ევროს
შეადგენდა.
„ვცდილობთ, ბევრ პროგრამაში ჩავერთოთ, ჩვენი თავი
გამოვიჩინოთ სხვადასხვა მიმართულებით. ცნობილმა ორგანიზაცია სენმა
გამოაცხადა კონკურსი. სენს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს
განხორციელებული დმანისში და ერთ-ერთი გახლდათ „თაობებს შორის
ტექნოლოგიური ხიდი“. ეს გამოდგა ძალიან წარმატებული პროექტი, რომელიც
მაშინვე მოიწონეს. ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიების
ათვისების შესაძლებლობას როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ჩვენივე
ხანდაზმულებისთვის. დმანისის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები აქტიურად
არიან ჩართულნი. ჩვენი ცენტრის მიმართ გვაქვს პატარ-პატარა
შემოწირულობებიც, ჩემი მოსწავლეების მხრიდან,“ — ამბობს
ეკატერინე ოქრიაშვილი.
შეიძლება ითქვას, რომ დმანისის მაგალითი წარმოადგენს იმ წარმატებულ
პრაქტიკას, რომელიც ეფექტურად შეიძლება განხორციელდეს სხვა
მუნიციპალიტეტებშიც.
მსგავსი შინაარსის პროექტი დაიწერა მარნეულის მუნიციპალიტეტისთვისაც —
ხანდაზმულთა (60+) საჭიროებებზე მორგებული პროგრამის სახით. თუმცა,
სამუშაო ჯგუფის დამტკიცებისა და პროგრამის განხორციელების ეტაპზე
მარნეულის მერიამ პროექტზე უარი განაცხადა.
როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბარში „სენის“ პროექტების კოორდინატორი
ქვემო ქართლში, მარიკო წიქორიძე განმარტავს, მარნეულის მასშტაბები,
როგორც მოსახლეობის რაოდენობის, ისე საჭიროებებისა და მოწყვლადობის
კუთხით, პროექტის განხორციელებას განსაკუთრებით აქტუალურს ხდიდა.
„დმანისის მუნიციპალიტეტთან შედარებით მარნეული უფრო
მოცულობითია — როგორც მოსახლეობის, ასევე საჭიროებებისა და
მოწყვლადობის თვალსაზრისით. ამიტომ იქნებოდა განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი. და მთავარი ის იყო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტშიც,
როდესაც დავიწყეთ მრავალაქტორულ ჯგუფთან მუშაობა, რომელი სოციალური
სერვისის საჭიროება გამოიკვეთებოდა — სწორედ 60+, ღირსეული დაბერების
პროგრამა გამოვიდა წინა პლანზე. დმანისისგან განსხვავებით მარნეულის
მუნიციპალიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა ამ ყველაფერში სათემო ცენტრები
ჩაერთო. ყველა პროგრამას აქვს ინფორმაციის მიწოდების პრობლემა, თუმცა
მარნეულში ეს დაძლევადი იქნებოდა, რომ არა მერიის მხრიდან სამუშაო
ჯგუფის არდამტკიცება და პროექტზე უარი — მიუხედავად იმისა, რომ თავად
იყვნენ ჩართულნი პროგრამის შემუშავებაში. ძალიან კარგი პროექტი იყო,
რომელიც დღეს როგორც დმანისში, ბოლნისში, გარდაბანში, თეთრიწყაროსა და
წალკაში ხორციელდება, ისე მარნეულშიც შეიძლებოდა ყოფილიყო
აქტიური,“ — ამბობს მარიკო წიქორიძე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხანდაზმულებზე მორგებულ ვერცერთ
პროგრამას ნახავთ, გარდა ერთჯერადი სოციალური დახმარებებისა, რომელიც
შესაძლოა ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს. სიტყვა ხანდაზმული 2025 წლის
ბიუჯეტში მხოლოდ ერთგან, გარე განათების მოწყობის ნაწილშია ნახსენები,
რომლის გაკეთებითაც საბოლოო შედეგი გარე განათების ქსელის გამართული
მუშაობა და ღამის საათებში მოსახლეობის (ქალების, ბავშვების,
ხანდაზმული და შშმ პირთა) უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა.